დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 23/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.365 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №231
2005 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 27.05.2004 წ. №55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.“.
2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) მინისტრის სამდივნო;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;
გ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი;
დ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ვ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური;
ზ) იურიდიული სამსახური.“.
3. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის წესებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოვალეობებს“.
4. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. მინისტრის სამდივნოს კომპეტენციაა მინისტრის სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად.
2. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა; ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, ექსპერტიზა, პასპორტიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშვება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სათათბირო ორგანოებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანის, არქეოლოგიური სამუშაოების, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიწისა და სამშენებლო სამუშაოების რეგულირება და ზედამხედველობა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდაცვისა და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო პირობების შემუშავება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა საკითხები.
3. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაცია; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება; ხალხური ხელოვნების დარგების (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვიერება, ხალხური რეწვა, ფოლკლორულ-სანახაობითი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
ბ) სახელმწიფო კულტურულ-სპორტულ ღონისძიებათა, გამოჩენილ შემოქმედთა და სპორტსმენთა საიუბილეო საღამოების, მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზება; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებათა გამართვა;
გ) სახელოვნებო და სასპორტო განათლების, წიგნისა და საბიბლიოთეკო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგების განვითარების სტრატეგიის საფუძველზე; სახელოვნებო და სასპორტო სკოლების, საშუალო და უმაღლესი პროფესიული სასწავლებლებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა (სკოლაგარეშე სახელოვნებო და სასპორტო) კურსდამთავრებულთა მოწმობების გაცემა; სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო სტანდარტების შემუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და სისტემატიზაცია; საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა, პედაგოგიური და საბიბლიოთეკო კადრების ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ბიბლიოთეკების ფონდებისა და კოლექციების დაცვის, მათი შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის განაწილება და მონაწილეობა „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონებით სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
4. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) ქართული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა; საპროტოკოლო საქმიანობის ორგანიზება;
გ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
ბ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
დ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; საარქივო საქმიანობის წარმართვა; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.
6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგისა და აუდიტური მუშაობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა-ანალიზი; სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
7. იურიდიული სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან შემოსული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.“.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები