დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 245 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 15/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №245
1998 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების შესახებ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი (შემდგომში – წარმომადგენელი) არის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიციალურად უფლებამოსილი პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან და უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის განმტკიცების, კავშირურთიერთობის დამყარების ღონისძიებებს საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლის გააქტიურების მიზნით.
2. წარმომადგენელი შეიძლება წარგზავნილ იქნეს მხოლოდ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ან უშიშროების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე.
3. წარმომადგენლების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და საშტატო რიცხოვნობას განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი სამინისტროსათვის დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში.
4. წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე, რომელიც მის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
5. წარმომადგენელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით, აგრეთვე ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან თუ უშიშროების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და ამ დებულებით.
II. ძირითადი ფუნქციები
6. წარმომადგენლები, მათ წინაშე დასახული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე შესაბამის უწყებებთან ერთად ეწევიან მუშაობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წარმოჩენისათვის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად;
ბ) ამყარებენ კავშირს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან და უშიშროების ორგანოებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
გ) დადგენილი წესით თანამშრომლობენ ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეცსამსახურებისა და უშიშროების ორგანოების წარმომადგენლებთან;
დ) სათანადო უფლებამოსილებათა ფარგლებში მონაწილეობენ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადებასა და რეალიზაციაში, რომელთა განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.
7. წარმომადგენლები ახორციელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსაც.
III. წარმომადგენლების წარგზავნა
8. წარმომადგენელი შეიძლება წარიგზავნოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეცსამსახურს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.
IV. წარმომადგენლების კომპეტენცია და უფლებამოსილება
9. წარმომადგენელი უფლებამოსილია სპეციალური რწმუნებების მინიჭების გარეშე განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა ფუნქცია.
10. წარმომადგენელს აქვს საქართველოს გერბიანი ბეჭედი თავისი სრული სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი და შტამპი.
11. წარმომადგენელს შეუძლია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური წერილობითი უფლებამოსილების რწმუნებულების საფუძველზე,თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით გამართოს მოლაპარაკება ადგილსამყოფელი ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან.
12. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო პასუხისმგებელია წარმომადგენლების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის.
13. წარმომადგენლები ვალდებული არიან არ გაამხილონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობები; მათი გამხელის შემთხვევაში წარმომადგენელი პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
V. წარმომადგენლების საქმიანობის მართვა
14. წარმომადგენელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
15. წარმომადგენლები ნაცვალგების საფუძველზე სარგებლობენ საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული პრივილეგიებით.
16. წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი წესით შეიძლება განთავსებულ იქნეს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
17. წარმომადგენელი სტრუქტურულად და ორგანიზაციულად ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და ანგარიშვალდებულია სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე.
18. წარმომადგენელთა ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
19. საქართველოს სამინისტროები, უწყებები და სხვა იურიდიული პირები იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლად თვლიან საზღვარგარეთ თავიანთი ინტერესების დაცვას სახელმწიფოებრივი თუ პირადი უშიშროების თვალსაზრისით, შესაბამისი წესით მიმართავენ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს.
VI. წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა
20. წარმომადგენლის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
დოკუმენტის კომენტარები