ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის№ მიღების 50 წლისათვის აღსანიშნავ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის№ მიღების 50 წლისათვის აღსანიშნავ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/01/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1, 15/01/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.002.001.
  • Word
21
15/01/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1, 15/01/1998
010.100.000.05.002.001.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის№ მიღების 50 წლისათვის აღსანიშნავ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება21

1998 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა შესახებ

1998 წლის 10 დეკემბერს სრულდება „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წელი. საიუბილეო წელთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოფი ანანს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი მოწოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი სახელმწიფოსადმი, რომ 1998 წელი – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნახევარსაუკუნოვანი იუბილე, აღინიშნოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საგანგებო აქტის მიღებით, რომელიც შექმნის მათი თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებისა და უფლებების აღდგენის ქმედით მექანიზმს. ამ აქტის შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ხოლო მისი შექმნისა და მიღების ორგანიზატორი უნდა გახდეს გაერო. გენერალურ მდივანს ეთხოვა თავად უხელმძღვანელოს ამ აქტის შექმნისა და მიღების პროცესს. საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობის გააქტიურების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საგანგებო აქტის მიღების მხარდაჭერის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაეგზავნათ გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღეს რეზოლუციები 1998 წლის „ადამიანის უფლებათა წლად“ გამოცხადების შესახებ და მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს აღნიშნონ ეს თარიღი. ამასთან დაკავშირებით:

1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს გამოაცხადოს 1998 წელი „ადამიანის უფლებათა წლად“ და 1998 წლის 10 დეკემბერი უქმე დღედ.

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე) მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა 2005 წლამდე; ორგანიზაცია გაუწიოს სასკოლო კონფერენციების გამართვას საქართველოს ყველა რაიონის სკოლებში „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სწავლების პრაქტიკის განზოგადების მიზნით.

3. ეთხოვოს რექტორთა საბჭოს (რ. მეტრეველი) უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში გაიმართოს სემინარები, დებატები და კონფერენციები ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) ორგანიზაცია გაუწიოს კონფერენციების გამართვას „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ დებულებათა შესრულების მდგომარეობისა და საქართველოში ადამიანის უფლებათა საკითხებში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის შესახებ.

5. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო ეთიკის პრინციპების პროპაგანდა; განახორციელოს ღონისძიებები სამედიცინო მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ამ სფეროში განათლების ამაღლების მიზნით.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ჯ. გახოკიძე), საქართველოს პროკურატურამ (ჯ. ბაბილაშვილი) შეიმუშაონ სისტემაში ადამიანის უფლებათა საკითხებზე საგანმანათლებლო პროგრამა და წლის განმავლობაში გამართონ სასწავლო სემინარები თანამშრომლებისათვის; სისტემატური კონტროლი დაუწესონ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) მთელი წლის განმავლობაში განახორციელოს პენიტენციალური სისტემის მოსაწესრიგებელი ღონისძიებები.

8. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანომ შეიმუშაოს და გაატაროს ღონისძიებათა სისტემა ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

9. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ.ხატიძე) უზრუნველყოს საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოს ყველა რეგიონში.

10. ეთხოვოს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას (ა. გოგელია) უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა შესახებ სატელევიზიო გადაცემის მომზადება, რომელიც ეთერში გავა ორ კვირაში ერთხელ ერთსა და იმავე დროს.

11. თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი), სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ (ზ. შენგელია) და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილებამ (რ.ბერიძე) ორგანიზაცია გაუწიონ 1998 წლის 10 დეკემბრის აღსანიშნავ საიუბილეო სხდომას ქალაქ თბილისში.

12. სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა უზრუნველყოს 1998 წლის 10 დეკემბრისათვის საქართველოს პრეზიდენტის სახელით დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, მთავრობის წევრებისა და სახალხო დამცველის მიღების ორგანიზება.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) გამოყოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან 20 000 ლარი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

14. დამტკიცდეს 1998 წლის „ადამიანის უფლებათა წლად“ გამოცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა, რომლის შესრულების კონტროლი დაევალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რ. ბერიძეს.

ე. შევარდნაძე

 

 

1998 წლის „ადამიანის უფლებათა წლად“ გამოცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა

საქართველოს განათლების სამინისტრო:

1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხი: ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა 2005 წლამდე – 1998 წლის III კვარტალი;

2. სასწავლო კონფერენციების გამართვა განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებში – კვარტალში ერთხელ;

3. სასწავლო დაწესებულებებში დისპუტებისა და სემინარების მოწყობა – პერიოდულად;

4. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სწავლების შესახებ რეკომენდაციების მომზადება პედაგოგთა დასახმარებლად – 1998 წლის იანვარ-თებერვალი;

5. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შესახებ რესპუბლიკური თათბირ-სემინარის გამართვა – 1998 წლის მაისი;

6. სასწავლო დაწესებულებებში კონკურსების ჩატარება, ნამუშევრების გამოფენის მოწყობა თემაზე „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“ – კვარტალში ერთხელ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:

1. „ადამიანის უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო აქტების კრებულის გამოცემა – 1998 წლის იანვარი;

2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს განკარგულებით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ექსპერტთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის ექვსი თვის შედეგების შეჯამება და პრეზიდენტისათვის წარდგენა – 1998 წლის თებერვალი, ოქტომბერი;

3. დამოუკიდებელ ექსპერტთა მოწვევა და მათთან მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა – 1998 წლის თებერვალი;

4. კონვენციის ცალკეულ დებულებათა შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით კომისიის სხდომის გამართვა დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით – 1998 წლის თებერვალი;

5. კომისიის მუშაობა და დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოსმენა – კვარტალში ერთხელ;

6. კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შემდგომი ექვსთვიანი შედეგების შეჯამება და პრეზიდენტისათვის წარდგენა – 1998 წლის აგვისტო;

7. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და საქართველოს შიდა კანონმდებლობის ევროპის კონვენციასთან შესაბამისობის მდგომარეობის შეფასების მიზნით სემინარის გამართვა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით – წელიწადში ორჯერ;

8. კონფერენციების გამართვა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ დებულებათა შესრულების მდგომარეობისა და საქართველოში ადამიანის უფლებათა საკითხებში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის შესახებ – 1998 წლის მაისი, ოქტომბერი.

 

 

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო:

1. სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ლექციების კურსის ჩატარება (მოწვეული სპეციალისტების მიერ) – კვარტალში ერთხელ;

2. კონტროლისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს მიერ სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომელთა ინსპექტირება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში – პერიოდულად;

3. სამინისტროს აკადემიაში ლექცია-სემინარების კურსის შემოღება – ახალი სასწავლო წლიდან;

4. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია – 1998 წლის დეკემბერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის ახლად შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების უზრუნველყოფა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში – 1998 წლის იანვარი;

2. 1998 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებაში სამინისტროს მიერ 1997 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული მუშაობის ასახვა – 1998 წლის იანვარი;

3. თეორიული კონფერენციის გამართვა თემაზე: „პოლიციის მუშაკის მოვალეობანი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“ – 1998 წლის თებერვალი;

4. თეორიული სემინარის მოწყობა თემაზე: „საქართველოს კონსტიტუციისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“– 1998 წლის მარტი;

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ინფორმაციის მოსმენა თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა წინასწარი გამოძიების პროცესში“ – 1998 წლის აპრილი;

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ინფორმაციის მოსმენა თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მოკვლევის ჩატარების დროს“ – 1998 წლის მაისი;

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ინფორმაციის მოსმენა თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა შსს საგამოძიებო იზოლატორებში დაკავებულ და დაპატიმრებულ ლტოლვილ პირთა უფლებების დაცვაზე ყურადღების საგანგებო გამახვილებით“ – 1998 წლის ივნისი-აგვისტო;

8. 1998 წლის ივლისში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებაში 1998 წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული მუშაობის ასახვა – 1998 წლის ივლისი;

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ინფორმაციის მოსმენა თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საგზაო პოლიციის საქმიანობაში“ – 1998 წლის სექტემბერი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე სამხარეო სამმართველოების უფროსთა ანგარიშების მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული მუშაობის შესახებ – 1998 წლის ოქტომბერი.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო:

1. კანონპროექტის მომზადება მოქალაქეთა უფლებების შესახებ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში – 1998 წლის პირველი ნახევარი;

2. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების, სამედიცინო პერსონალის უფლებებისა და მოვალეობების, თანამედროვე ბიოსამედიცინო ეთიკის პრინციპების ამსახველი საერთაშორისო დოკუმენტების გამოცემა და მათი გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში – 1998 წლის II ნახევარი;

3. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო სასწავლებლების სავალდებულო სასწავლო პროგრამებში ბიოსამედიცინო ეთიკის, პაციენტთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სამართლებრივი საკითხების ამსახველი სპეციალური სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების კურსის შეტანა – 1998 წლის სექტემბერი.

საქართველოს პროკურატურა:

1. პროკურატურის თანამშრომლებთან ლექციების ჩატარება შემდეგ თემებზე: ადამიანის სუბიექტური უფლებები; ადამიანის პოლიტიკური უფლებები; ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები; უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა; ადამიანის უფლებების სასამართლო დაცვა; ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა; საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ადამიანის უფლებების შესახებ – თვეში ერთხელ;

2. სასჯელთა აღმასრულებელ დაწესებულებებში და საგამოძიებო იზოლატორებში მსჯავრდებულთა და პატიმართა სხეულის დაზიანებისა და თვითდაზიანების ფაქტებზე მოკვლეულ მასალებზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება – 1998 წლის მარტი;

3. საგამოძიებო იზოლატორებში პატიმართა მოთავსების კანონიერების შემოწმება – 1998 წლის ივნისი;

4. თავისუფლების აღკვეთის ადგილების სამკურნალო დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განთავსების კანონიერების შემოწმება – 1998 წლის სექტემბერი;

5. სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში და საგამოძიებო იზოლატორებში მსჯავრდებულთა სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების, რეჟიმის შეცვლის და სასჯელის მოსახდელად კოლონია-დასახლებაში გადაყვანის კანონიერების შემოწმება – 1998 წლის დეკემბერი;

6. მოკვლევასა და გამოძიებაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის სისტემატური შემოწმება და შედეგების მიხედვით სათანადო საპროკურორო რეაგირების განხორციელება – კვარტალში ერთხელ.

საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური:

1. ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ ფართო პროპაგანდა – პერიოდულად;

2. რაიონების გამგეობებისა და ქალაქების მერიების მიერ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებთან სამუშაო შეხვედრების მოწყობის ორგანიზაცია, მათი უფლებების დაცვის მიზნით გაწეული მუშაობის კონტროლი – პერიოდულად;

3. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ანგარიშების მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ – პერიოდულად;

4. ქალაქებსა და რაიონებში „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წლისთავის აღნიშვნის უზრუნველყოფა – 1998 წლის 10 დეკემბერი.

საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა განყოფილება,

ქ. თბილისის მერია:

1. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო სხდომის ორგანიზაცია ქ. თბილისში – 1998 წლის 10 დეკემბერი;

2. საქართველოს პრეზიდენტის სახელით დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, მთავრობის წევრებისა და სახალხო დამცველის მიღების ორგანიზაცია –1998 წლის 10 დეკემბერი.