დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ყოფილ სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური პირების კუთვნილი სახსრების ანაზღაურების წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 718 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 08/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.000.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №718
1997 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ყოფილ სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური პირების კუთვნილი სახსრების ანაზღაურების წესის შესახებ
ყოფილი სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური პირების კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურებისათვის „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის №592-IIს კანონით გათვალისწინებულია 300 (სამასი) ათასი ლარის გამოყოფა.
აღნიშნული სახსრების ფიზიკური პირებისათვის გაცემის მიზნით:
1. ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე რიცხული თანხები ანაზღაურდეს შემდეგი წესით: თანხა 100 (ასი) აშშ დოლარის ჩათვლით ანაზღაურდეს მთლიანად, ხოლო 100 (ას) აშშ დოლარს ზევით – სხვაობის 20 (ოცი) პროცენტის ოდენობით.
2. ანაზღაურება მოხდეს ეროვნული ვალუტით შემდეგი თანაფარდობით: 1 აშშ დოლარი – 1,3 ლარი.
3. ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე რიცხული თანხების გაცემა დაიწყოს 1997 წლის დეკემბრიდან.
4. ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე რიცხული თანხების გაცემა ეთხოვოს ყოფილი საქართველოს ექსპორტ-იმპორტის სააქციო სახელმწიფო კომერციული ბანკის „ექსიმბანკის“ სამართალმემკვიდრეს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ყოფილი სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის თბილისის განყოფილების სამართალმემკვიდრეს – სააქციო საზოგადოება „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“.
5. ბლოკირებული თანხების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკისათვის“ განხორციელდეს ამ მიზნისათვის საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
6. თანხების თანმიმდევრული გაცემის კონტროლისათვის სააქციო საზოგადოება „გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა“ ყოველთვიურად, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები