,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 04/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.082
  • Word
83
02/10/2004
სსმ, 109, 04/10/2004
010.240.030.10.003.000.082
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №83

2004 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ, №54, მუხლი 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „დ“ და „ი“ ქვეპუნქტები.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი”.

3. ამოღებულ იქნეს დებულების 21-ე და 26-ე მუხლები.

4. დებულების 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36

ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი; ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;

ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის რეგიონალურ (ტერიტორიულ) ჭრილში;

გ) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი; მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

დ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყოველთვიური ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;

ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გრძელვადიან მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ზ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;

თ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;

ი) მოსაკრებლის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;

კ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ლ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამუშაოთა კოორდინაცია;

ნ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ო) სახელმწიფო საფინანსო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

პ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებათა შესრულების პროცესისა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ჟ) სახელმწიფო ქონების მართვის პროცესში მაქსიმალური ფინანსური შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად წინადადებათა მომზადება და მონაწილეობის მიღება მათ განხორციელებაში;

რ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება; არასაგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმის თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების მომზადება; არასაგადასახადო შემოსავლების დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და გეგმის შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

ს) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა რესურსების ხარჯზე გაცემული სესხის მართვა და სასესხო ვალდებულებათა შესრულების მიზნით სესხით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ტ) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის რესტრუქტურიზაციის რეჟიმით მომუშავე საწარმოების ფინანსური მონიტორინგი;

უ) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შიდა რესურსებიდან გაცემული სესხების (სასესხო დავალიანებების) რესტრუქტურიზაციის, უიმედოდ აღიარებულ სასესხო დავალიანებათა ოდენობის დაზუსტების, სასესხო დავალიანებათა გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანებათა მესამე პირისათვის გადაკისრების, სასესხო დავალიანებათა მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დათმობის თაობაზე წინადადებების მომზადება და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლი;

ფ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე წინადადებების მომზადება; სასესხო დავალიანებათა მქონე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;

ქ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ღ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, დამტკიცება (შეთანხმება);

ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, შეჩერება, განახლება და გაუქმება, აგრეთვე ცვლილებების შეტანა;

შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;

ჩ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების) ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადება, მათი სახისა და ნუსხის განსაზღვრა-დამტკიცების უზრუნველყოფა (შეთანხმება) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიგრაფიული შესრულების უზრუნველყოფა;

ც) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება;

ძ) კანონმდებლობით დადგენილ წესით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება, ცვლილების შეტანა, განახლება და გაუქმება, კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

წ) ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის), ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე მუხლი:

     „მუხლი 37

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება ერთიან მონაცემთა ბაზაში და ამ ინფორმაციის საიმედო და ეფექტიანი მომსახურება, უწყებისათვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და გადამუშავებული სახით დაინტერესებული ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;

ბ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოფა;

გ) უწყებაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და ტერიტორიული სამსახურების სტანდარტული საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებსა და რეგიონალურ სამსახურებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტი კონფიგურირება, აგრეთვე სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;

ე) ახალი პროგრამული პროდუქციის შემოწმება სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული სისტემების დანერგვა რეგიონალურ სამსახურებში, პროგრამული სისტემების ცვლილებების შეტანა ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნიკური პროექტებისა და დავალებების შემუშავება;

ვ) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;

ზ) ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმების, სისტემაში შემავალი უწყებებისა და ტერიტორიული სამსახურების ინფორმაციით უზრუნველყოფა მათი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;

ი) სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირებისა და გვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია