მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მექანიზმის სრულყოფის შესახებ

  • Word
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მექანიზმის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
561
06/10/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
300.280.000.05.002.000.
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მექანიზმის სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/1997 - 17/11/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

1997 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მექანიზმის სრულყოფის შესახებ

ბოლო დროს ელექტროენერგეტიკაში განხორციელებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ ღონისძიებათა შედეგად მიღწეული გარკვეული შედეგების მიუხედავად, მუნიციპალური და რაიონული გამანაწილებელი ენერგოკომპანიების საქმიანობაში ჯერ კიდევ არის მთელი რიგი სერიოზული დარღვევები, რომლებიც გამოიხატება მათ მიერ ფაქტობრივად ამოღებული თანხების არამიზნობრივი გამოყენებით და სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსათვის“ ელექტროენერგიის ღირებულების ეგრეთ წოდებული „ნარჩენი“ პრინციპის საფუძველზე გადახდით. ეს უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ორგანიზაციებს, რომლებსაც მიმდინარე წელს დარგში გადასაწყვეტი აქვთ რთული ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური ამოცანები, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან.

გამანაწილებელი სექტორის ობიექტების პრივატიზაციის განხორციელებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მაქსიმალურად შესაძლებელი ამოღების, გამანაწილებელი ენერგოკომპანიების მიერ ამოღებული თანხის მიზნობრივად გამოყენების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ენერგოსისტემის მუშაობისათვის საჭირო სახსრების მობილიზაციისა და მათი უმთავრესად პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამოყენების მიზნით:

1. მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან შემოღებულ იქნეს, როგორც დროებითი ღონისძიება, მუნიციპალური გამანაწილებელი ენერგოკომპანიების სპეციალური ანგარიშების სავალდებულო გახსნა. ყველა კატეგორიის მომხმარებლისაგან, აგრეთვე დისტრიბუტორული საქმიანობით დაკავებული იურიდიული და ფიზიკური პირისაგან მიღებული ელექტროენერგიის საფასური, მათ შორის, ნაღდი ანგარიშსწორებით შემოსული თანხები ჩაირიცხოს მხოლოდ აღნიშნულ სპეცანგარიშებზე. შემოსული თანხები არსებული ტარიფებისა და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, პირველ რიგში, ორი საბანკო დღის განმავლობაში, გადაირიცხოს სახელმწიფო კომპანია “საქენერგოს” ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი სახსრები გამოყენებულ იქნეს მუნიციპალური გამანაწილებელი ენერგოკომპანიის მიერ.

2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნული მექანიზმის ქმედითობის უზრუნველსაყოფად ოპერატიულად შეიმუშაოს და აცნობოს ყველა საბანკო დაწესებულებას ამ ბრძანებულებით განსაზღვრული შესაბამისი დროებითი მეთოდური მითითებანი.

3. აეკრძალოთ მუნიციპალურ და რაიონულ ენერგოკომპანიებს ელექტროენერგიის მომხმარებლებთან ანგარიშსწორებისას ყველა სახის ჩათვლებისა და ბარტერული ოპერაციების განხორციელება, აგრეთვე ადგილებიდან მათი კრედიტორი ორგანიზაციებისათვის პირდაპირი ჩარიცხვის დავალებათა გაცემა.

ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ენერგოკომპანიების მიერ ყველა ასეთი სახის ოპერაციაზე გაცემული წერილი, დავალება ან კონტრაქტი ჩაითვალოს ძალადაკარგულად და მათი განახლების აუცილებლობა განიხილოს უწყებათაშორისმა საგანგებო ენერგეტიკულმა კომისიამ.

4. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფმა ორგანიზაციებმა ყოველი თვის პირველი რიცხვისათვის წარადგინონ შესაბამის ხაზინაში საგადასახადო დავალებები თვის განმავლობაში მოსახმარი ელექტროენერგიისა და წყლის ღირებულების ასანაზღაურებლად, ხოლო ხაზინებმა უზრუნველყონ აღნიშნული თანხების პირველ რიგში გადარიცხვა.

5. ადგილობრივ ბიუჯეტებზე მყოფმა ორგანიზაციებმა ყოველი თვის პირველი რიცხვისთვის წარადგინონ შესაბამის ბიუჯეტებში (საფინანსო განყოფილებებში) საგადასახადო დავალებები თვის განმავლობაში მოსახმარი ელექტროენერგიისა და წყლის ღირებულების ასანაზღაურებლად. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა უზრუნველყონ აღნიშნული თანხების პირველ რიგში გადარიცხვა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 მუხლების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალურმა გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და წყალთა მეურნეობებმა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ მიიღონ სათანადო ადეკვატური ზომები.

7. ქალაქებისა და რაიონების წყალთა მეურნეობებმა მიღებული საბიუჯეტო სახსრები მიღებისთანავე წარმართონ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; ეს თანხები უშუალოდ გადაირიცხოს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ ანგარიშზე.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) მისცეს მითითებები ხაზინებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებს და სისტემატური კონტროლი დაუწესოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას.

9. ეთხოვოს საქართველოს კონტროლის პალატას (რ. შავიშვილი), დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (კ. თარგამაძე) სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსთან“ ერთად უზრუნველყონ მუნიციპალური და რაიონული ენერგოკომპანიების საფინანსო საქმიანობაში არსებული მდგომარეობის პერიოდული შემოწმება.

10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონების გამგეობებმა მათდამი დაქვემდებარებულ ენერგოკომპანიებთან ერთად მკვეთრად გააძლიერონ მუშაობა, რათა 1997 წლის შედეგების მიხედვით უზრუნველყონ „საქენერგოსაგან“ შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის სულ ცოტა 70 პროცენტის გადახდა.

11. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს უწყებათაშორისმა საგანგებო ენერგეტიკულმა კომისიამ (დ. ზუბიტაშვილი).

ე. შევარდნაძე