დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 27/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.020.10.003.000.060 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №61
2004 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ და ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2004 წ., №31, მუხლი 258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სახსრების მფლობელი – ცენტრალური ბიუჯეტი, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საგზაო ფონდი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშები“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 4
გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშებზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე, საბანკო დაწესებულებების მეშვეობით“.
3. მე-5 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და აქციზის გადამხდელთა ინსპექციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში მობილიზებული სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების განთავსება ხორციელდება თითოეული ინსპექციისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამატებით გახსნილ სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშებზე“.
,,5. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გრანტები, საშინაო და საგარეო სესხები, აგრეთვე ის არასაგადასახადო შემოსავლები, რომელთა ადმინისტრირება არ ხორციელდება ცალკეული ტერიტორიების მიხედვით, ჩაირიცხება საქართველოს ეროვნულ ბანკში ცენტრა-ლიზებული შემოსულობებისათვის გახსნილ სახელმწიფო ხაზინის სატრანზიტო ანგარიშზე“.
4. მე-7 მუხლის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებული შემოსულობების ყოველდღიურ განაწილებას შესაბამისი საბიუჯეტო დონეების (ცენტრალური ბიუჯეტი, სპეციალური სახელმწიფო ფონდები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშები) მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადასახადო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ცენტრალური ბიუჯეტი, სპეციალური სახელმწიფო ფონდები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;
გ) ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშგებას ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ შემოსულობის სახეების მიხედვით“.
5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხული ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე“.
6. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება და სადაც მითითებულია დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და მიმღების საბანკო რეკვიზიტები“.
7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი:
,,41. საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის გადამხდელისათვის დაბრუნების თაობაზე რეგიონალური საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, გადამხდელის საბანკო რეკვიზიტების მითითებით, შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მიზნით სახაზინო სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, რომელიც დასტურს ინფორმაციის მიღების თაობაზე სახელმწიფო ხაზინას აცნობებს სამ სამუშაო დღეში“.
8. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარმოდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ განხორციელდა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა“.
9. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა წარმოებს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში დავალების წარმოდგენის თარიღის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით“.
10. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
11. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის საგადასახადო შემოსავლის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში“.
12. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები:
,,4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარმოდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ არასაგადასახადო შემოსულობის გადამხდელის წერილში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის არასაგადასახადო შემოსავლის დაბრუნება ან გადატანა წარმოებს სხვა არასაგადასახადო შემოსავლის (შემოსულობის) გადახდის ანგარიშში, სახელმწიფო ხაზინა თანხის დაბრუნების ან გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში”.
13. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:
,,თავი V
გარდამავალი დებულებები
მუხლი 17
გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით, საგადასახადო შემოსავლის, არასწორი შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია განახორციელოს შეცდომის გასწორება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 18
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშებზე თანხების შეცდომით განთავსების შემთხვევაში, საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვის შემთხვევაში (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული თანხების კომერციული ბანკისათვის დაბრუნება, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით“.
14. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები