საქართველოში ემიგრაციულ-იმიგრაციული პროცესების აღრიცხვის რეგულირებისა და კონტროლის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში ემიგრაციულ-იმიგრაციული პროცესების აღრიცხვის რეგულირებისა და კონტროლის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.05.002.000.
  • Word
318
20/06/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1997
010.140.010.05.002.000.
საქართველოში ემიგრაციულ-იმიგრაციული პროცესების აღრიცხვის რეგულირებისა და კონტროლის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

1997 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოში ემიგრაციულ-იმიგრაციული პროცესების აღრიცხვის, რეგულირებისა და კონტროლის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში უცხოელ და საქართველოს მოქალაქეთა გასვლა-შემოსვლის და, შესაბამისად, ემიგრაციულ-იმიგრაციული ნაკადების აღრიცხვა-რეგულირება ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. ამ პროცესებისადმი სათანადო კონტროლის განუხორციელებლობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იწვევს უკანონო მიგრაციას, დემოგრაფიული და კრიმინოგენური ვითარების გართულებას. არსებობს წინაპირობები იმისა, რომ ქვეყნის უშიშროებას შეექმნას სერიოზული საფრთხე და დაიძაბოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის აღდგენისა და ქვეყნის განვითარების უახლოესი პერსპექტივის გათვალისწინებით გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესებისა და მიგრანტთა სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა, რისთვისაც აუცილებელია მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფო სისტემის შექმნა. ამ მიზნით:

1. დაწესდეს საქართველოში შემომსვლელ და საქართველოდან გამსვლელ მიგრანტთა აღრიცხვა-რეგისტრის ერთიანი ფორმა-სერტიფიკატი, რომელიც იმავდროულად უცხოელთათვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, საქართველოში ყოფნისას და საქმიანობისას იქნება დამატებითი აუცილებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეთათვის – აღრიცხვის სტატისტიკური ფორმა. სერტიფიკატი გახდეს ემიგრაციულ-იმიგრაციული პროცესების რეგულირების, კონტროლის და მიგრანტთა ინსპექტირების საფუძველი.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ.ვაშაკიძე) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შემუშავების სახელმწიფო კომისიასთან (თავმჯდომარე ი. მენაღარიშვილი) შეთანხმებით ერთ თვეში:

– სამოქმედოდ დაამტკიცოს მიგრანტთა სერტიფიკატების ნიმუშები;

– დაამტკიცოს მიგრაციული კონტროლის სისტემის ეტაპობრივად ამოქმედების რიგითობა.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტმა, საქართველოს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მიგრანტთა ინსპექტირება განახორციელოს: შემოსვლაზე და გასვლაზე – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ვ. ჩხეიძე) და ქვეყნის შიგნით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (კ. თარგამაძე) ერთად. აღნიშნულმა უწყებებმა ორ თვეში მოაწესრიგონ თანამშრომლობის ორგანიზაციული ფორმა.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან (შ.კვირაია), იუსტიციის სამინისტროსთან (თ.ნინიძე), სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან (თ.გაზდელიანი), საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ.პაპავა), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან (ა.ჯორბენაძე), განათლების სამინისტროსთან (თ.კვაჭანტირაძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ.ბერიძე) შეთანხმებით სამ თვეში განსაზღვროს მიგრანტთა სერტიფიკატის მონაცემთა ბაზის მოხმარების წესი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი):

– მიგრაციული პროცესების მართვისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 200 (ორასი) ათასი ლარი;

– მიგრაციული კონტროლის სისტემის ფუნქციონირების ხარჯები გაითვალისწინოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

6. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) უზრუნველყოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი სატელეფონო კომუნიკაციებითა და სპეციალური კავშირებით.

7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ (შენობებით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სხვ.) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტს ამ ბრძანებულებით დაკისრებული ამოცანების განხორციელებაში.

8. საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შემუშავების სახელმწიფო კომისიამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დააჩქაროს მიგრაციის მართვის კაპაციტატის პროგრამის განხორციელება.

9. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესაბამისად ერთ თვეში წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს ბრძანებულების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01-ს ბრძანებულებაში ცვლილებების შესახებ.

10. საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შემუშავების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. მენაღარიშვილმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ვ. ვაშაკიძემ განახორციელონ ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი და ყოველ ექვს თვეში წარმოადგინონ სათანადო ინფორმაცია.

11. ეთხოვოს საქტელერადიოკორპორაციას ამ ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის პერიოდულად გაშუქება.

12. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში.

ე. შევარდნაძე