დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეკონომიკური მექანიზმების სრულყოფის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 158 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 30/03/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №158
1997 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეკონომიკური მექანიზმების სრულყოფის შესახებ
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესი, რომლითაც დაიწყო დარგში რეფორმები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმისტული გარდაქმნების ერთიანი პროგრამის განუყოფელი ნაწილია. ამ რეფორმების შედეგად ინერგება მართვისა და ორგანიზაციის ახალი მოდელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დარგის მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია და სამკურნალო პროგრამების განხორციელება უპირატესად სადაზღვევო პრინციპის მეშვეობით. ყოველივე ეს მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისა და დაფინანსების ახალი მექანიზმებისა და მეთოდების ამოქმედებას. აღნიშნულ ღონისძიებათა თანამიმდევრული და მიზანმიმართული გატარების უზრუნველსაყოფად:
1. 1997 წლის პირველ კვარტალში დასრულდეს ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდის ტრანსფორმაცია სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიად.
2. 1997 წლიდან სამედიცინო დაწესებულებათა დაფინანსება ჯანდაცვითი პროგრამების შესრულებისათვის ცალკეული ნოზოლოგიებისა და ტარიფების მეშვეობით ანაზღაურებასთან ერთად განხორციელდეს გლობალური ბიუჯეტისა და ლიმიტირებული პერდიემის (საწოლ-დღეებით დაფინანსება) მეთოდებით. ამასთან მათ მიერ გაწეული სამედიცინო დახმარება უნდა შეესაბამებოდეს სათანადო ლიცენზიისა და სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნებს.
3. სამკურნალო ჯანდაცვითი პროგრამები დაფინანსდეს სადაზღვევო პრინციპით სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სამედიცინო პროფილაქტიკური პროგრამები – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სხვა ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსება განხორციელდეს უშუალოდ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამის ორგანიზაციებთან სათანადო ხელშეკრულებების მიხედვით. ხელშეკრულებების გაფორმება დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყოს შესასრულებელი პროგრამების ექსპერტიზა და მათი შესრულების მიმდინარეობის პერიოდული შემოწმება ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯანდაცვისათვის, სხვა უწყებებისა და ტერიტორიული ერთეულებისათვის გამოყოფილი ტრანსფერტების ხარჯზე .
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების სრულად გადაცემა ყოველთვიურად თანაბარი დაყოფით.
6. ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების შესრულება მათი არასრული დაფინანსების გამო ჩაითვალოს არადამაკმაყოფილებლად. ჯანდაცვისათვის სახსრები გამოიყოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან კაპიტაციის მეთოდით ერთ სულ მოსახლეზე დადგენილი მინიმუმის დაცვით. აღნიშნული სახსრები გაერთიანდეს ჯანდაცვის სამხარეო ფონდებში და მათი მეშვეობით განხორციელდეს სავალდებულო მუნიციპალური ჯანდაცვითი მინიმუმით განსაზღვრული ღონისძიებანი. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს დაეკისროთ პერსონალური პასუხისმგებლობა მათი განხორციელებისათვის. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ყოველკვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები