დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.124 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №125
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმIII, 2004 წ., №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურა
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;
გ) კავშირგაბმულობის დეპარტამენტი;
დ) მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტი;
ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი;
ვ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
კ) მინისტრის აპარატი;
ლ) გენერალური ინსპექცია.
2. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტი – ორგანიზებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავებას; ორგანიზებას უწევს ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების საკონკურსო პირობების შემუშავებას, ამზადებს წინადადებებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმებით, თუ სხვა სახით სარგებლობაში გადაცემის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და განკარგვის განხორციელებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვასა და მართვას (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილისა და აქციებისა); ამზადებს წინადადებებს საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მმართველობის ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხების დამტკიცების, აგრეთვე იმ ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ, რომელთა პრივატიზება აკრძალულია კანონმდებლობით; ამზადებს წინადადებებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე, მონაწილეობს საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის, ჩამოწერის, რეალიზაციის საკითხთა განხილვაში, იხილავს წინადადებებს საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის თაობაზე; ამზადებს წინადადებებს მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ;
ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი – ორგანიზებას უწევს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, ადგენს ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს; აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგებს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას; მონაწილეობს ქვეყნის საფინანსო სისტემის (საბიუჯეტო-საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, სადაზღვევო, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის) განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში და ამზადებს ანალიზურ და პროგნოზულ ინფორმაციას მასში მიმდინარე რეფორმების შესახებ; საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შერჩევას; შესაბამის უწყებებთან ერთად მონაწილეობს დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში; შეიმუშავებს წინადადებებს პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაციისა და ლტოლვილთა პრობლემების გადაწყვეტის მიზნით და ხელს უწყობს მათ განხორციელებას; თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან; აანალიზებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ამზადებს სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკურ დოკუმენტებს; შეიმუშავებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს; საქართველოს რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით მონაწილეობს ამ ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში; ამზადებს წინადადებებს ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეინტეგრაციის მიზნით; მუნიციპალური ერთეულების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე შეიმუშავებს მუნიციპალური ერთეულების, მათ შორის, დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას; აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში; ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავებს სექტორულ მიზნობრივ პროგრამებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს; მონაწილეობს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში;
გ) კავშირგაბმულობის დეპარტამენტი – შეიმუშავებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებას; ახორციელებს სფეროს მართვას; უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიას, პრიორიტეტს და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებას, შესრულებასა და კონტროლს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მოთხოვნათა პროგნოზირებას; შეიმუშავებს საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მათი საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას; შეიმუშავებს და ადგენს კავშირგაბმულობის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპებს; შეიმუშავებს და ადგენს ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკას კომისიისა და დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით; შეიმუშავებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებსა და პროექტებს; წარმოადგენს საქართველოს და იცავს მის ინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებში; თანამშრომლობს კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა მწარმოებელ კომპანიებთან და ფირმებთან, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტებთან; საგანგებო სიტუაციებისათვის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშავებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიას; მონაწილეობს ეროვნული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის, კონცეფციისა და პროგრამების შემუშავებაში; ორგანიზებას უწევს ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემას;
დ) მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტი – ახორციელებს ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის (დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, განსახლების სისტემა, არქიტექტურული საქმიანობა) პოლიტიკის შემუშავებას; თანამშრომლობს გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში; აანალიზებს ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, მონაწილეობს წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში, ურბანული კვლევის პოლიტიკის განსაზღვრაში, კვლევების ორგანიზებაში; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან ურბანული განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, დაგეგმარების დოკუმენტების მომზადებასა და არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებაში; ახორციელებს განსახლებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების, განსახლებისა და რეგიონალური (რაიონული) დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზებასა და დაგეგმვის კოორდინაციას; ხელს უწყობს საქართველოს დასახლებათა ტერიტორიების განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური), ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავებას, ახორციელებს მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას; ამზადებს დაგეგმვისა და სხვა საპროექტო დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული დოკუმენტების შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხებს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შექმნის წინაპირობებს; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის ორგანოებთან და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას ურბანული განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხებში; ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული მშენებლობის პროექტების განხორციელების მონიტორინგს; მონაწილეობს შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში, საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხთა მომზადებაში; ახორციელებს საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის, მშენებლობის (სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობა, საშენი მასალები, სამშენებლო ტექნოლოგიები, საინჟინრო ნაგებობები) განვითარების ხელშეწყობას, პოლიტიკის ფორმირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას; შეიმუშავებს საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას; თანამშრომლობს საერთაშორისო გლობალურ, რეგიონალურ და სახელმწიფო პროგრამებთან და პროექტებთან; შეიმუშავებს დარგის ნორმატიული განვითარებისათვის საჭირო კანონპროექტებსა და ნორმატიული აქტების პროექტებს, მონაწილეობს წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის სფეროში ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში; მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას უწევს სამშენებლო-საინჟინრო საპროექტო დოკუმენტების მომზადებას; ამზადებს სამშენებლო-საინჟინრო საპროექტო დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული დოკუმენტების შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხებს სამინისტროს კომპეტენციის სფეროში; თანამშრომლობს ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის ორგანოებთან და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას საბინაო საკითხების, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის სფეროებში; კოორდინაციას უწევს მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული სამშენებლო პროექტების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგს; მონაწილეობს შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში; საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხთა მომზადებაში;
ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი – შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკას ტრანსპორტის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას; თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში ინტეგრირებისა და საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის მიზნით; მონაწილეობს სატრანზიტო სისტემების განვითარების ღონისძიებათა შემუშავებაში, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; თანამშრომლობს TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიასთან და მუდმივ სამდივნოსთან; მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში, კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების ექსპერტიზასა და მათ განხორციელებაში; მონაწილეობს ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში, უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობას; მონაწილეობს დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში; მონაწილეობს დარგების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში; აყალიბებს სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, ხელს უწყობს ტრანსპორტის სფეროში სტანდარტიზების პოლიტიკის განხორციელებას;
ვ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი – მონაწილეობს ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში; თანამშრომლობს საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან; შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ, აანალიზებს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს და ამზადებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების თაობაზე; აანალიზებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობას, ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, აანალიზებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და ამზადებს წინადადებებს იმ მიზნით, რომ ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა შეუსაბამოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრს, შეიმუშავებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, ასევე აანალიზებს და აფასებს საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობას; შეიმუშავებს წინადადებებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ;
ზ) იურიდიული დეპარტამენტი – ორგანიზებას უწევს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავებასა და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაციას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაციას; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის ორგანოებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადებას; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების სამართლებრივ უზრუნველყოფას; სამინისტროს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადებას მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან; მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების განხილვასა და განხილვაში მონაწილეობას სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ამზადებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტებს; განსაზღვრავს სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მიზანშეწონილობის საკითხს; სამინისტროში არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს ურთიერთშეთანხმებას მყიდველთან (მოიჯარე); ამზადებს დასკვნებს საკუთრების მოწმობის გასაცემად; მონიტორინგსა და კონტროლს უწევს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია – საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საკადრო რესურების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების ინსტიტუციონალური და სტრუქტურული სრულყოფის რეფორმების შემუშავება და განხორციელება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ინსტრუქციების დაპროექტებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას; ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების ეკონომიკური რეფორმების პროცესებში; სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
კ) მინისტრის აპარატი – უზრუნველყოფს მინისტრის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღებას; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლს; საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის დავალებების, ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლს სამინისტროს სათაბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზებას; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზებას; ოქმის წარმოებას; მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადებას; კოლეგიის (სათათბირო ორგანოების) სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზებას; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაციას; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას;
ლ) გენერალური ინსპექცია – ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებასა და პროფილაქტიკას; აანალიზებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას და ხელს უწყობს მის სრულყოფას; უზრუნველყოფს მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლს, მათ სამსახურებრივ შემოწმებას, შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას და მათზე რეაგირებას, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენასა და მინისტრისათვის წარდგენას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის დავალებით იხილავს საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებულ წერილებსა და წარდგინებებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები