აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.000.
  • Word
643
25/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
280.120.000.05.002.000.
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №643

1996 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტმა და სახელმწიფო კანცელარიის აპარატმა,სამინისტროებმა, დეპარტამანტებმა, ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა გასულ პერიოდში სერიოზული მუშაობა გასწიეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სოციალური მოწყობის სრულყოფისა და მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზაციის ღონისძიებათა განსახორციელებლად. საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა რამდენჯერმე (მათ შორის 18.10.93 წ., 31.12.94 წ. და 18.10.95 წ.) მიიღო შესაბამისი დადგენილებანი (№741,№900 და №665), რომელთა განხორციელების კვალობაზე შესაძლებელი გახდა ასეულ ათასობით უსახლკარო ადამიანის ახალი, ურთულესი და საგანგებო პირობებისადმი ადაპტაცია, მათი შრომისა და ყოფის უმწვავესი საკითხების რამდენამდე მოგვარება.

მაგრამ, მიუხედავად გაწეული მუშაობისა, ათასობით იძულებით გადაადგილებულისა და ლტოლვილის სოციალური მოწყობის საქმეში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი სიძნელეები.მთელი რიგი სამინისტროები და უწყებები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ აღნიშნული კონტიგენტის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამიზნულ ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებათა შესრულებას, რაც მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს.

ჯეროვნად არ სრულდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 30 დეკემბრის №41 განკარგულება, ბოლომდე არ განხორციელებულა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №900 და 1995 წლის 18 ოქტომბრის №665 დადგენილებანი. ფინანსების უქონლობის გამო გამართულად ვერ მუშაობს საინფორმაციო სამსახური აფხაზეთის პრობლემების დროულად და ობიექტურად გაშუქებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია უამრავი მასალა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, მისი გამოქვეყნება და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა ვერ მოხერხდა. 1996 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი დადგენილება "აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ", რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მთავრობას დაევალა შეემუშავებინა აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წევრებთან,დეპუტატებთან, მთავრობის წევრებთან, გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა სამინისტროსთან და უწყებასთან ერთად მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებანი.

  მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:

– საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ";

– საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 17 მაისს მიიღო საქართველოს კანონი „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე",რომლითაც აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დაჭრილთა, დაინვალიდებულთა და დაღუპული მეომრების ოჯახების შეღავათები გაუთანაბრდა ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შეღავათებს;

– საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 28 ივნისს მიიღო დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ", რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფორმირებისას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ყველა გადასახადის ჩარიცხვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში;

– საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №392 ბრძანებულების შესაბამისად „მასობრივი პრივატიზაციის პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრივატიზაციის სპეციალიზებული (საბარათო) საინვესტიციო ფონდი;

– საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 22 ივლისის №469 ბრძანებულებით დაკმაყოფილდა საქართველოს განათლების სამინისტროს თხოვნა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სპეცანგარიშიდან საკრედიტო რესურსების სახით მიღებული სესხი 260 ათასი ლარის ოდენობით ჩაითვალა გადავადებულად 1996 წლის 17 ივლისამდე და ჩაეთვალა დაფარულად შპს "ლამპარს", რომელმაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 ოქტომბრის №665 დადგენილების შესასრულებლად საქართველოს განათლების სამინისტროს დავალებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით აღნიშნული ღირებულების სახელმძღვანელოები საბიბლიოთეკო ფონდის შესაქმნელად უსასყიდლოდ გადასცა აფხაზეთის განათლების სამინისტროს აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილი მოსწავლეებისათვის;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1996 წლის აპრილში სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად გამოყო 30 ათასი ლარი;

– საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1996 წლის 5 ივლისის №381 ბრძანებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა ოპერატიულად განხორციელების, ამ მიმართულებით საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი; – სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის 1996 წლის 28 ივნისის №49762 სადირექტივო წერილით სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ქალაქების მერებსა და რაიონების გამგებლებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მორალური და სოციალური დაცვის მიზნით კონფლიქტის საბოლოოდ მოწესრიგებამდე დაევალოთ უზრუნველყონ დროებით თავისუფალ, უმოქმედო შენობებში (საბავშვო ბაღები, პროფსასწავლებლები და სხვ.) კერძო სექტორში განთავსებული დევნილების განსახლება; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 30 დეკემბრის №94 განკარგულების თანახმად დევნილებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოუყონ მიწის ნაკვეთები დროებითი სარგებლობისათვის, სისტემატური კონტროლი გაუწიონ დევნილებისათვის სახელმწიფო შემწეობის თანხების ვადაზე (არა უგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა) მიცემას;

– საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის დადგენილების შესაბამისად დევნილი იურიდიული და ფიზიკური პირების სარეგისტრაციო მოსაკრებლების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნოდა, მთლიანად გადაეცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე):

– დასახოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებანი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მოწყობის ორგანიზაციის მკვეთრი გაუმჯობესებისათვის;

– სამინისტროებთან, უწყებებთან, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, საწარმოო კოლექტივებთან ერთად გადაუდებელ ამოცანად დასახოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იძულებით გადაადგილებულ შრომისუნარიან პირთა დროებითი დასაქმებისათვის;

– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან, ადგილობრივ მმართველობის  ორგანოებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების განაწილების საკოორდინაციო ბიუროსთან ერთად უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მატერიალური ფასეულობების, პროდუქტებისა და ჰუმანიტარული ტვირთის გაცემის წესის განუხრელი დაცვა;

– დააზუსტოს იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიერ დაკავებულ საზოგადოებრივ შენობებში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოთა მოცულობა.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, ქალაქების მერებმა და რაიონული გამგეობის თავმჯდომარეებმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე განიხილონ დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების შესაძლებლობანი.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი შეღავათებით სარგებლობის საკითხის გადასაწყვეტად დააჩქაროს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებათა დადება ლტოლვილთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ რუსეთის ფედერაციასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე):

4.1. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ყოველთვიური სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემაში არსებული დაგვიანების აღმოფხვრის მიზნით პრიორიტეტულად, ყოველი თვის პირველ დეკადაში, უზრუნველყოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული თანხების გამოყოფა;

4.2. საქართველოს ეროვნულ ბანკთან (ნ. ჯავახიშვილი) ერთად გამოავლინოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულადი დახმარების თანხების კომერციულ ბანკებში უსაფუძვლო დაყოვნების შემთხვევები და გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები;

4.3. გაითვალისწინოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დევნილი უმუშევარი პენსიონერებისა და სტუდენტებისათვის პენსიებთან და სტიპენდიებთან ერთად ყოველთვიური სახელმწიფო ფულადი დახმარების გასაწევად საჭირო თანხები.

4.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან (ვ. ნადიბაიძე) ერთად უზრუნველყოს აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ოჯახებისათვის სახელმწიფო შემწეობის თანხების დროული და შეუფერხებელი გაცემა;

4.5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან (ა. ჯორბენაძე) ერთად გარდაცვლილ დევნილთა დაკრძალვის საჭირო ხარჯებისა და დევნილთა სამედიცინო დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად ორ კვირაში მოამზადოს საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოს პარლამენტში წარსადგენად;

4.6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიოკომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად მიზნობრივად გამოყოს 50 ათასი ლარი;

4.7. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს ქ. მოსკოვში გამომავალი გაზეთ "გრუზიას" გამოცემისათვის საჭირო თანხების გამოყოფა;

4.8. საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროსა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან (თ.გაზდელიანი) ერთად 10 დღეში წამოადგინოს წინადადებები აფხაზეთის კონფლიქტში დაჭრილთა სტაციონარული მკურნალობისათვის როგორც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში,ისე საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

5. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად ერთ თვეში შეიმუშაონ ეკონომიკის აღდგენის მიზნობრივი პროგრამა აფხაზეთში ომით მიყენებული ზარალის მოცულობის, აღსადგენი ობიექტების ნუსხის, სამუშაოთა ღირებულებისა და მენაშენეთა დაფინანსების წყაროების ჩვენებით.

აღნიშნული ნუსხა წარუდგინონ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (მშენებლობის ნაწილში) და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი გაანგარიშებით.

6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და ფინანსთა სამინისტრომ აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენისა და აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად წარმოადგინონ წინადადებანი ინვესტიციების წყაროების შესახებ.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ს. თუნგია) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში აფხაზეთიდან ლტოლვილი მოქალაქეების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით, მათი მძიმე ეკონომიკური და სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთში საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქციის აღდგენამდე უზრუნველყონ ლტოლვილებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტების) გაცემა.

8. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე), ქ. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი) და ქ. ქუთაისის მერიამ (თ. შაშიაშვილი) ახალი 1996/1997 სასწავლო წლის დაწყებამდე გადაწყვიტონ აფხაზეთიდან ევაკუირებული თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალისა და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კომპაქტურად განთავსების საკითხი.

9. საქართველოს განათლების სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთ თვეში განიხილოს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში სამხედრო კათედრების დაარსების საკითხი.

10. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) და იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის გარეშე აკრძალოს აფხაზეთიდან გადმოტანილი უძრავ-მოძრავი ქონების ექსპლატაცია, განკარგვა და პრივატიზება, აფხაზეთთან დაკავშირებით ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაციის რეგისტრაცია.

11. საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ბიურომ (გ. ყუბანეიშვილი) საერთაშოოისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წინაშე დააყენოს საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის დაგეგმვა და განაწილება აფხაზეთიდან დევნილებისათვის განახორციელონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად.

12. საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებზე არ გავრცელდეს სწავლების მესემე საფეხურზე კონტინგენტის 30-პროცენტიანი უფასო და 70 პროცენტიანი ფასიანი სწავლების პრინციპი. მათი სწავლება უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო ხარჯზე, რისთვისაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით განსაზღვრონ ტერიტორიულ ბიუჯეტებში დევნილ მოსწავლეთა სწავლებისათვის საჭირო თანხების ოდენობა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოფის წყაროები.

13. აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა (ლ. ცაავა), საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში (ი. მაჭავარიანი), სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ორ კვირაში გადაწყვიტონ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სამსახურის სტრუქტურაში საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების საკითხი, განსაზღვრონ ცენტრის საშტატო ნუსხა. განახორციელონ ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

14. ნება დაერთოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სასამართლოებს, სათანადო კოდების მინიჭებით, რეგისტრაციაში გაატარონ აფხაზეთიდან დევნილთა მიერ წარმოდგენილი, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმის საწარმოები.

15. აფხაზეთში საომარი მოქმედებისას დაღუპული მეომრების კანონისმიერი და ანდერძისმიერი მემკვიდრეები, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემისას განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.

16. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ვ. ასათიანი) ქ. თბილისის მერიასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად გამონახოს შესაბამისი შენობა თბილისში აფხაზეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრის განსათავსებლად.

17. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ (თ. ნადარეიშვილი) და მინისტრთა საბჭომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან (მ.ჩხენკელი) და კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ თვეში შექმნან სახელმწიფო კომისია აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებათა შესამუშავებლად.

18. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს აფხაზეთში კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად 27 სექტემბერი საქართველოში გამოაცხადოს კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნის დღედ.

19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მინისტრთა საბჭომ კვლავაც აქტიურად იბრძოლონ მათ წინაშე დასახული ამოცანების განსახორციელებლად, მუშაობის სტადიისა და მეთოდის გასაუმჯობესებლად, მათდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო, სამეურნეო და სხვა სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მუშაობის საბჭოს კოორდინაციისა და ეფექტიანობის მისაღწევად, კადრებისა და სპეციალისტების შესანარჩუნებლად და მათი პროფესიული დონის ზრდის უზრუნველსაყოფად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სოციალური საკითხების მოსაგვარებლად, მათი მშობლიურ ადგილებში დაბრუნების მოსამზადებელი სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის.

20. ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი დაევალოს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ზ. ერქვანიას.

ე. შევარდნაძე.