საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ

  • Word
საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 480.260.000.05.002.000.
  • Word
468
16/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
480.260.000.05.002.000.
საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №468

1996 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ

1. დამტკიცდეს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა თანდართული დებულება.

2. გაუქმდეს 1997 წლის 1 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით შექმნილი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ შექმნან სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების სალიკვიდაციო კომისია შესაბამისი საელჩოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

3. საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ადგილსამყოფელ ქვეყნებთან ორმხრივ და ამ ქვეყნებში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკურ და საფინანსო სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობას წარმართავს ამ წარმომადგენლობების უფროსი ეკონომიკური მრჩეველი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული პირი უშუალოდ ექვემდებარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციის საფუძველზე და გარდა საგარეო პოლიტიკური უწყებისა ანგარიშვალდებულია საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წინაშე.

4. საზღვარგარეთის იმ სახელმწიფოებში, რომლებთანაც საქართველოს დამყარებული აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობები ან მოსალოდნელია ამ ურთიერთობათა შემდგომი გაფართოება და გაღრმავება, მაგრამ არ არსებობს და უახლოეს პერიოდში არც არის მოსალოდნელი საქართველოს დიპლომატიური მისიების დაფუძნება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით იქმნება სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობანი.

5. საზღვარგარეთის სახელმწიფოებში შექმნილი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები დაექვემდებაროს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს და მათი შენახვის და ფუნქციონირების ხარჯები დაიფაროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №300 დადგენილება "საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის დროებითი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შესახებ და სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს რესპუბლიკის დროებითი რწმუნებულის შესახებ დებულებათა დამტკიცების თაობაზე და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ნოემბრის №792 დადგენილება საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის დროებითი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №300 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებები სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში დროებითი რწმუნებულების დანიშვნის შესახებ.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტრომ, არსებული წესის თანახმად, გააცნოს ეს ბრძანებულება იმ ქვეყნების საგარე-პოლიტიკურ უწყებებს, სადაც აკრედიტებული არიან სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები.

 

ე. შევარდნაძე

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა დებულება

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა (შემდგომში წარმომადგენლობა) არის საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებს საქართველოს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში მსოფლიო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

1.2. წარმომადგენლობის ძირითადი მიზანია დაამყაროს ხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და საზღვარგარეთის იმ ქვეყანას შორის, სადაც ფუნქციონირებს წარმომადგენლობა, წარმოდგინოს და დაიცვას ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე უწყებათა, ორგანიზაციათა, საწარმოთა და დაინტერესებულ პირთა ინტერესები სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის საკითხებში.

1.3. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა შეიძლება დაარსდეს მხოლოდ იმ სახელმწიფოში, სადაც არ არის აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

წარმომადგენლობის სტრუქტურასა და შტატებს განსაზღვრავს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო.

საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის საქმიანობის სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსების შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა წყვეტს თავის საქმიანობას.

1.4. წარმომადგენლობის ამოცანებია:

ა) დაამყაროს და გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის;

ბ) წარმოადგინოს შესაბამის სახელმწიფოებში საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ინტერესები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ხელშეკრულებების მომზადებასა და მათ შესახებ მოლაპარაკებებში და ხელი შეუწყოს ხელშეკრულებათა მათ განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1.5. წარმომადგენლობას შეუძლია (საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში) წარმოადგინოს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, სადაც არ არის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

1.6. წარმომადგენლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ამ დებულებით.

1.7. სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები ექვემდებარებიან საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს.

2. ძირითადი ფუნქციები

წარმომადგენლობები, მათ წინაშე დასახული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე:

2.1. ეწვევიან მუშაობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის;

2.2. შეისწავლიან ადგილსამყოფელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას,სასაქონლო ბაზრის კონიუნქტურას, საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების მიმართულებებს, პერსპექტივებს, სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე ეკონომიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

2.3. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგენენ ადგილსამყოფელი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და დასკვნებს. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიაწვდიან ინფორმაციას ამ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ, ერთობლივ საფირმათაშორისო გეგმებს, ხელშეკრულებათა პროექტებსა და სხვა სახის წინადადებებს იმ ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ;

2.4. დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფორმაციას და უწევენ კონსულტაციას საქართველოს ეკონომიკური კანონმდებლობის, საინვესტიციო, საგადასახადო, საკრედიტო, საბაჟო და ფასწარმოქმნის, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე, აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებებსა და საშუალებებზე;

2.5. წარმოადგენენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს, სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებათა მომზადებასა და მათ რეალიზაციაში;

2.6. საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უწევენ საჭირო დახმარებას მოლაპარაკების წარმოებაში, ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმებასა და რეალიზაციაში;

2.7. მონაწილეობენ საგარეო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტისას სამთავრობათაშორისო კომისიებსა და კომიტეტებში;

2.8. ორგანიზებას უწევენ ადგილსამყოფელ ქვეყანში მრეწველობის სხვადასხვა დარგის ნაწარმის, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოფენა-გაყიდვებში საქართველოს მხრიდან მეურნე სუბიექტების მონაწილეობას, მსგავსი ღონისძიებების საქართველოში მოწყობისა და მათში მონაწილეობის მიღების მიზნით შესაბამისი ქვეყნის დაინტერესებული მეურნე სუბიექტების მოზიდვას;

2.9. საქართველოს საგარეო-ეკონომიკური, სამეცნირეო-ტექნიკური, კულტურული საქმიანობის მონაწილე სუბიექტებისაგან იღებენ საჭირო ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყანში მათი საქმიანობის შესახებ;

2.10. შესყიდვისა და მოწოდების პირობების შემუშავებისას კონტროლს უწევენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვას;

2.11. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოადგენენ და იცავენ საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილე მეურნე სუბიექტების ინტერესებს ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში;

2.12. სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები ახორციელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსაც.

3. წარმომადგენლობების დაარსება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით წარმომადგენლობა იქმნება საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყანას შორის დადებული სამთავრობათშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

4. წარმომადგენლობის კომპეტენცია და უფლებამოსილება

4.1. წარმომადგენლობა უფლებამოსილია სპეციალური რწმუნებების მინიჭების გარეშე განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა ფუნქცია.

4.2. წარმომადგენლობას აქვს საქართველოს გერბიანი ბეჭედი თავისი სრული სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი და შტამპი. მას შეუძლია გახსნას ანგარიში ადგილსამყოფელი ქვეყნის ბანკში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

4.3. წარმომადგენლობას შეუძლია საქართველოს მთავრობის ან ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სპეციალური წერილობითი უფლებამოსილების რწმუნებულების საფუძველზე გამართოს მოლაპარაკება ადგილსამყოფელი ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან კერძო საწარმოებთან, ფირმებთან და სხვა ორგანიზაციებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პირობებზე, ხელი მოაწეროს ამგვარ ხელშეკრულებებს, კონტროლი გაუწიოს მათ რეალიზებას.

4.4. საქართველო პასუხს აგებს წარმომადგენლობის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის, რომლებზეც წარმომადგენლობამ მიიღო საქართველოს მთავრობის სპეციალური წერილობითი რწმუნებები.

4.5. წარმომადგენლობა პასუხს არ აგებს იმ უწყებათა და პირთა ვალდებულებებისათვის, რომლებიც მისი მეშვეობით ეწევიან სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობას.

4.6. წარმომადგენლობის თანამშრომლები ვალდებული არიან არ გაამხილონ ის ცნობები, რომლებიც შეიცავენ სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებებს. მათი გამხელის შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. წარმომადგენლობის საქმიანობის მართვა და დაფინანსება

5.1. სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-კონომიკური ურთიერთობების მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

5.2. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი და მისი მოადგილეები სარგებლობენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტით.

წარმომადგენლობის თანამშრომლები, როგორც წესი, საზღვარგარეთის ერთ ქვეყანაში მუშაობენ ვადით არა უმეტეს 5 წლისა.

5.3. წარმომადგენლობას სტრუქტურულად და ორგანიზაციულად მართავს წარმომადგენელი და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წინაშე, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის სტრუქტურასა და მუშაკთა ზღვრულ რაოდენობას დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ამტკიცებს მის წესდებას.

5.4. საქართველოს სამინისტროები, უწყებები და სხვთა იურიდიული პირები იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლად თვლიან საზღვარგარეთ თავიანთი ეკონომიკური ინტერესების დაცვას წარმომადგენლობაში თავიანთი მუშაკის მივლინების გზით, ამას ახორციელებენ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან შეთანხმებით.

5.5. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში შეიძლება ჰქონდეს თავისი რეგიონალური განყოფილებები. მათი დაფუძნება ხდება საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელშეკრულების დადებით ან სხვა შეთანხმებით ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთან.

6. წარმომადგენლობის საქმიანობის ფუნქციონირების შეწყვეტა

6.1. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის საქმიანობა წყდება საქართველოს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებათა მოქმედების შეწყვეტის ან წარმომადგენლობის საქმიანობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსების შემთხვევაში.

6.2. წარმომადგენლობის ლიკვიდაციის საკითხებს წყვეტს სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც ქმნის საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო.