დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მასობრივი პრივატიზაციის პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 392 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 14/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №392
1996 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
მასობრივი პრივატიზაციის პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
იძულებით გადაადგილებულ პირთა კაპიტალის დაბანდების, საპრივატიზაციო ბარათების ეფექტიანად გამოყენების, პრივატიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობის, დასაქმებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. დაკმაყოფილდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თხოვნა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრივატიზაციის სპეციალიზებული (საბარათო) საინვესტიციო ფონდის“ შექმნისა და მისი საწესდებო კაპიტალის ჩამოყალიბებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გამოეყოს სესხი 150000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად შემოსული თანხებიდან შესაბამის ანგარიშზე ფულადი სახსრების დაგროვების კვალობაზე, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვროს საქართველოს იურისდიქციის მის მთელ ტერიტორიაზე აღდგენის შემდეგ.
2. დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კოორდინაცია გაუწიოს ფონდის საქმიანობას იმ მიზნით, რომ ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდეს აფხაზეთიდან ლტოლვილთა ფართო მასებს. ამ მიზნით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეიქმნას ეკონომიკური და იურიდიული მექანიზმები, რომლებიც აისახება ფონდის წესდებაში.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღმოუჩინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციალიზებული საბარათო საინვესტიციო ფონდის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელობას მეთოდოლოგიური და საინფორმაციო დახმარება ფონდის დაფუძნებაში.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები