დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 08/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.027.016033 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №210
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №61, მუხ. 909), დამტკიცებული წესის მე-7 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება
მუხლი 27
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია ერთი თვის გამავლობაში ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.
2. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:
ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევბით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები მთავარი პროკურორის მიერ ინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. პირი, რომელმაც გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება:
ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიის, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები