სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ავტოქარხნის" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ავტოქარხნის" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.000.
  • Word
198
29/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ავტოქარხნის" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №198

1996 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხანა. შემცირდა წარმოების მოცულობა, საწარმოს დაუგროვდა მნიშვნელოვანი არგადახდები, მათ შორის, ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების, დიდია მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანება.

ამასთან 1995 წლის განმავლობაში სამეურნეო საქმიანობა რამდენადმე გაუმჯობესდა, შეჩერდა წარმოების მოცულობის კლება, იმატა რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის მიზნით დაფუძნდა საქართველო-ირანის ერთობლივი საავტომობილო საწარმო.

სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ცნობად რომ:

– საწარმომ შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა (ვ. პაპავა) და ქუთაისის მერიასთან (თ. შაშიაშვილი) შეთანხმებული ავტოქარხნის მუშაობის სტაბილიზაციის 1996 წლის პროგრამა;

– სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხანასა (ა.ნაცვლიშვილი) და სახელმწიფო კომპანია საქენერგოს (დ. ზუბიტაშვილი) შორის დამყარებულია პარტნიორული ურთიერთობა ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდებისა და დავალიანების გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოში ავტოსატრანსპორტო პარკის ეფექტიანობის გაზრდისა და ქუთაისის ავტოქარხნის დიზელის წარმოების სიმძლავრეთა დატვირთვის მიზნით საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭომ (ა. ჩხაიძე), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (შ. კვირაია), თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშაონ და განიხილონ სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხნის“ საკუთრებაში არსებული „ზილის“ ტიპის ბენზინის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებათა დიზელიზაციის პროგრამა.

3. საქართველოში არსებული სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანების პარკის აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხნის“ ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო მანქანების სამარაგო ნაწილებითა და კვანძებით უზრუნველყოფის გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა.

4. 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაიყინოს სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხნის“ ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდებში საგადასახადო დავალიანებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე), სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების (თ. გაზდელიანი) სამინისტრომ, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ფონდმა, ქ. ქუთაისის მერიამ, სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხანასთან“ ერთად შეისწავლონ შესაბამისი დავალიანებების წარმოშობის მიზეზები და 1996 წლის 1 აპრილამდე წარუდგინონ წინადადებანი სახელმწიფო კანცელარიას მათი ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციისათვის.

5. ქ. ქუთაისის მერიამ 1996 წლის 1 აპრილამდე განიხილოს და გადაწყვიტოს სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხნის“ კონსერვაციაში მყოფი ძირითადი ფონდების ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი.

6. მუშა-მოსამსახურეებისათვის ხელფასის შეუფერხებლად მიცემის მიზნით ნება დაერთოს სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხანას“ სხვა ფინანსური ვალდებულებების მიუხედავად დაარეზერვოს მომსახურე ბანკში ანგარიშზე ყოველთვიური შემოსავლებიდან მიღებული თანხა სახელმწიფოში დაწესებული მინიმალური შრომის ანაზღაურების ხუთმაგი ოდენობით სრული დატვირთვით მომუშავე ქარხნის თითოეულ პერსონალისათვის.

7. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ:

– კაზ – 4540 ავტომობილების თავდაპირველი საწარმოო პროგრამის მნიშვნელოვანი შემცირების გათვალისწინებით სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხანას განუსაზღვროს და დაუმტკიცოს სამობილიზაციო რეზერვების ახალი ნორმატივები;

– სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხანას საწარმოო-ტექნოლოგიური და სარემონტო-საექსპლოატაციო საჭიროებისათვის ყოველწლიურად გამოუყოს ტყეკაფი წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.

8. ნება დაერთოს საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტს (მ. გვიშიანი) მოახდინოს ნორმატივის ზევით არსებულ ჭარბ და ვადაგასულ მატერიალურ ფასეულობათა ინდექსაცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 29 აგვისტოს 525 დადგენილების თანახმად და განახორციელოს მათი რეალიზაცია ქუთაისის ავტოქარხანაზე ეტაპობრივად, წარმოების საჭიროების შესაბამისად.

9. სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხნის მიერ 1990-1995 წლებში მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის რესურსებიდან საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებული მასალების ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტთან და სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხანასთან ერთად შეიმუშაონ და 1996 წლის 1 აპრილამდე წარუდგინონ შესაბამისი წინადადებ სახელმწიფო კანცელარიას.

10. ნება დაერთოს სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხანას სამეურნეო საქმიანობის წლიური შედეგების მიხედვით 1995-1996 წლებში სახელმწიფოსათვის განკუთვნილი დივიდენდები ჩარიცხოს წარმოების განვითარების ფონდში საწესდებო კაპიტალში სათანადო ასახვით.

11. სააქციო საზოგადოება ქუთაისის ავტოქარხანაში ახალი სახეობის კონკურენტუნარიანი პროდუქციის ათვისება ჩაითვალოს ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად. ავტოქარხნის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს ინვესტიციების მოზიდვის სპეციალური მიზნობრივი პროგრამა.

ე. შევარდნაძე