დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, სოხუმის საზღვაო ნავსადგურში, პორტპუნქტებსა და საზღვაო აკვატორიაში სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/01/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/01/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.020.020.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №140
1996 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, სოხუმის საზღვაო ნავსადგურში, პორტპუნქტებსა და საზღვაო აკვატორიაში სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმების შესახებ
აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტისა და საერთოდ კავკასიის რეგიონში შექმნილი რთული კრიმინოგენული ვითარების გამო, რომელსაც ხელს უწყობს აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე დაქირავებულთა, იარაღის, ნარკოტიკებისა და კონტრაბანდული ტვირთის შეღწევა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სასიცოცხლო ინტერესებსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, აგრეთვე იმის გამო, რომ შეუძლებელია საზღვარგარეთის ქვეყნების სატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო მომსახურება საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელსაც წარმოადგენს აფხაზეთი და აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგების ზომების შესახებ დსთს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით:
1. დაიხუროს სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები, საზღვაო აკვატორია და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში ყველა სახის საერთაშორისო გადატვირთვისათვის, გარდა ამ ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის გადაზიდვისა.
2. ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის შეტანა აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვების საფუძველზე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ წინასწარი საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდეგ.
3. დაევალოს საქართველოს მთავრობის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს დიპლომატიური არხებით მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადების წარმომდგენ მხარეს აფხაზეთის (საქართველოს) ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის ერთჯერადი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
4. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:
– უზრუნველყოს დიპლომატიური არხებით განაცხადების მიღება ჰუმანიტარული ტვირთის აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე შეტანის ნებართვის შესახებ;
– საქართველოს საელჩოს მეშვეობით რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარს მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე ჰუმანიტარულტვირთიანი სატრანსპორტო საშუალებათა შესვლის ნებართვის შესახებ;
– მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ურთიერთდაზღვევის კლუბს, საერთაშორისო ტვირთზიდვისთვის აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის, სოხუმის საზღვაო ნავსადგურის, პორტპუნქტებისა და საზღვაო აკვატორიის დახურვის შესახებ.
5. დაევალოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებს აფხაზეთისათვის (საქართველო) განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის საბაჟო შემოწმების შედეგების შესახებ.
6. დაევალოთ საქართველოს საზღვრის დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტებს შეიმუშაონ ამ ბრძანებულების შესრულების მექანიზმი და გამართონ მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან მასში გათვალისწინებული სასაზღვრო კონტროლის ერთობლივად განხორციელების თაობაზე.
7. ძალადაკარგულად ჩათვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 24 მაისის დადგენილება აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე სოხუმის საზღვაო ნავსადგურისა და პორტპუნქტების შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები