დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 17/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №165
2010 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და XIV თავის მე-7 პუნქტის პირველი აბზაცი და ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს) სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით ავადმყოფობის გამო შვებულება შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე ვადით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში – სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, აგრეთვე სარეაბილიტაციო მკურნალობის (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან მგზავრობის) ვადით. ამ შემთხვევაში შვებულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – 36 თვეს. შვებულების ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის საკითხს. აღნიშნული შვებულება მორიგი კუთვნილი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნისას:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას, აგრეთვე სარეაბილიტაციო მკურნალობას, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. მკურნალობით უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ პირის ნორმირებული კვებით უზრუნველყოფას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 6 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები