დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და სამინისტროს ზოგიერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარდაქმნის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 29/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.347 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №213
2005 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და სამინისტროს ზოგიერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარდაქმნის თაობაზე
მუხლი 1
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები – გეოლოგიის დეპარტამენტი, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი გარდაიქმნან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებად.
მუხლი 2
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “გ1, გ2 და გ3” ქვეპუნქტები:
„გ1) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
გ2) გეოლოგიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
გ3) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.”.
2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტი;
თ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი;
ი) სამდივნო;
კ) გეოლოგიის სამსახური;
ლ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური;
მ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
ნ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური;
ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური;
პ) მიწის მართვის სამსახური.”.
3. დებულების მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) გარემოს დაცვის ინსპექცია;
ბ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი;
გ) დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი.
4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) სივრცული ინფორმაციის ცენტრი;
ბ) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;
გ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია;
დ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) კოლხეთის ეროვნული პარკისა და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია;
ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია;
ზ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექცია;
თ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექცია;
ი) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექცია;
კ) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი;
ლ) დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი;
მ) სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი;
ნ) იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი.“.
4. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა.
2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა;
ბ) სამართლებრივი თვალსაზრისით გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობა. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან (კონვენციებთან);
გ) სამართლებრივი მიზანშეწონილობის დადგენისა და შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაცია.
3. ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის კომპეტენციაა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების უზრუნველყოფა, ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება, სარგებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონების მოწყობის ორგანიზება, სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გაცემა.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი მუშაობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზიების მოწყობა;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
თ) შრომითი დავების შესახებ სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში;
ი) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტებითა და მითითებებით განსაზღვრულ კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ო) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
5. ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
ბ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;
გ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ე) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
6. მდგრადი განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი სტრატეგიის, გარემოსდაცვითი და რესურსთსარგებლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
გ) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების მომზადებისა და განხორციელების კოორდინირება, მათ შორის, პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების გამოთხოვა და განხილვა;
დ) გარემოსდაცვითი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია.
7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ურთიერთობებში და აწარმოოს ამ ურთიერთობათა მონიტორინგი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებაში;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი;
ზ) მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვითი საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში;
თ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში;
ი) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში;
კ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის პროგრამის განხილვა და შეთანხმება;
ლ) სამინისტროს მიერ გაცემული მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულების მონიტორინგი;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპების, მონიტორინგის პროცედურებისა და მონაცემთა ბაზის შექმნა;
ნ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების ადგილმდებარეობის მიხედვით მინისტრის ბრძანებით სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების ხელმძღვანელობა;
ო) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგანოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქტობრივი პროგნოსტიკული ინფორმაციით უზრუნველყოფა;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.
8. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზედაპირული წყლის რესურსების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა, წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა და წყალსარგებლობის ნორმირება;
ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადება;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება;
ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.
9. სამდივნოს კომპეტენციაა:
ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგანიზება, ვიზიტის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება;
თ) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება.
10. გეოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.
11. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის კომპეტენციაა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.
12. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
13. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
ბ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება.
14. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპეტენციაა ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
15. მიწის მართვის სამსახურის კომპეტენციაა მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა განხორციელება, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა.”.
მუხლი 3
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) 2005 წლის 31 დეკემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაგრძოს ფუნქციონირება დადგენილების ძალაში შესვლამდე არსებული სამინისტროს სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებების მომზადება და განსახილველად წარმოდგენა.
მუხლი 6
ეს დადგენილება, გარდა მე-3 და მე-4 მუხლებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-3 და მე-4 მუხლები – გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები