დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 29/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016058 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №327
2010 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა, აგრეთვე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის შესახებ წინადადებების მომზადება, სახელმწიფო ორგანოებისა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ წინადადებების მომზადება; ასევე წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობაში ან/და მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება; ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, მუნიციპალური დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, აგრეთვე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებისას; მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა; საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით; სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებულ ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შესული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ან/და კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში, ასევე დამრღვევ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების კანონით დადგენილი წესით განხორციელების თაობაზე წინადადებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტსა და პრივატიზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების მოშლა; სახელმწიფო ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან/და მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ვიზირება და შესაბამისი დეპარტამენტისათვის ხელმოსაწერად წარდგენა; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების დადასტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვ.) შესრულების თაობაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;“;
დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი – დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების იურიდიულ დეპარტამენტში შეთანხმებისა და ვიზირებისათვის წარდგენა; მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა; „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; სალიცენზიო მოწმობების გაცემა; ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა; გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება, ლიცენზიის გაცემა, მასში ცვლილების შეტანა ან მისი გაუქმება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება;“;
ე) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; პოტენციურ შემძენებთან მუშაობა და პრივატიზების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებათა წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინადადებათა მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა), ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე, დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა; სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა; სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება და გაცემის უზრუნველყოფა;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები