საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
551
01/10/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
000000000.00.000.000000
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №551

1997 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია წარმოებულ იქნეს 250,0 ათასი ტონა ყურძენი. აქედან სამრეწველო წესით შესაძლოა გადამუშავდეს დაახლოებით 58,0 ათასი ტონა.

ყურძნის მოსავლის აღება-გადამუშავების, ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების კვლავწარმოების უზრუნველყოფის მიზნით:

1. სამინისტროების, უწყებების, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ამოცანად ჩაითვალოს ყურძნის მოსავლის აღებასა და სამრეწველო გადამუშავებაში ჩაბმული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

2. „ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოყენების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №323 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაწესდეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები, ნედლეულის შეძენასთან, წარმოებასთან, შენახვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ, შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების დაფარვის სახსრები გადაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ხაზინის სპეცანგარიშზე და გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით – ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების დახარჯული ნაწილის კვლავწარმოების დასაფინანსებლად 1997 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სახელმწიფო მარაგის ოდენობის შენარჩუნებისათვის.

ხაზინის სპეცანგარიშიდან სახსრების ხარჯვა მოხდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ბ.გულუა) მიერ ფინანსთა სამინისტროსთან (მ.ჭკუასელი) შეთანხმებული წესის მიხედვით.

ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გამოცხადებულ საწყის ფასზე მეტი ფასით რეალიზაციისას ნამეტი თანხა სრულად შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში“.

3. დადგინდეს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან გადასამუშავებლად მიღებული ყურძნის ღირებულების დაფარვის გარანტად დებენ საწარმოთა ძირითად საშუალებებს საბაზრო ფასებში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან აუცილებელი წინასწარი შეთანხმებით, ხოლო სააქციო საზოგადოებებად ჩამოყალიბებულმა ყურძნის გადამამუშავებელმა ქარხნებმა ჩაბარებული ყურძნის ღირებულების ანაზღაურების გარანტად, ჩამბარებლებთან შეთანხმებით, როგორც წესი, დააგირაონ შესაბამისი ღირებულების არასახელმწიფო კუთვნილების აქციები.

4. ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის ამოქმედების შედეგად გათვალისწინებული თანხების მიღებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების ნედლეულის შესაძენად გამოიყენოს გასულ წელს იტალიიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული პროდუქტების რეალიზაციისაგან ამონაგები თანხა – ერთ მილიონამდე ლარი, რომლის აღდგენა მოხდეს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების რეალიზაციის შედეგად მიღებული სახსრებიდან, რომლებიც გათვალისწინებულია კვლავწარმოებისათვის.

6. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.ზუბიტაშვილი) უზრუნველყოს კახეთის მხარის ღვინის ქარხნებისათვის ლიმიტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდება.

7. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა კახეთის (გ.არსენიშვილი), შიდა და ქვემო ქართლის (ი.ბოჭორიძე, ლ.მამალაძე), მცხეთა-მთიანეთის (თ.გიორგაძე), იმერეთის (თ.შაშიაშვილი), რაჭა-ლეჩხუმის (თ.ისაკაძე), გურიის (ო.ნიკოლეიშვილი), სამეგრელოსა და ზემო სვანეთის (ბ.ჯიქია) მხარეებში, შესაბამისმა მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად მოახდინონ მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზება, რათა „რთველი-97“ წარიმართოს ორგანიზებულად.

8. სასურსათო ყურძენზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქ.თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი), შესაბამისი რაიონების გამგებლებმა და ქალაქების მერებმა უზრუნველყონ სამრეწველო ქალაქებსა და საკურორტო ზონებში ყურძნის სარეალიზაციოდ შეზიდვის ორგანიზაცია მოთხოვნების საფუძველზე.

9. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან ერთად დასახონ და განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი რთვლის, მოსავლის აღება-დაბინავებისა და ტრანსპორტირების პერიოდში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველსაყოფად.

10. პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით ფართოდ გაშუქდეს მიმდინარე წლის რთვლის მაღალორგანიზებულად გამართვის მნიშვნელობა და „რთველი-97“-ის მიმდინარეობა.

ე. შევარდნაძე