დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 47, 05/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.153.016016 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/11/2010 - 21/01/2011)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2010 წლის 26 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №30 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის შესახებ“ (სსმ V, №17, 26.08.10 წ.).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
დანართი 1
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში მცხეთის მუნიციპალიტეტის განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით, საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას ახორციელებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარის ბრძანებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია“, რომელიც არის ქონების განმკარგავი სუბიექტი.
3. საჯარო აუქციონის ფორმით, საპრივატიზებო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური განისაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრული წესით".
4. საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25% - ზე ნაკლებია.
5. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაც გულისხმობს „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტი სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით".
7. საჯარო აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო, რომელთა შერჩევის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
8. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
9. საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე.
10. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე, უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
11. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორცილებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში 5 კალენდარული დღით ადრე.
12. ელექტრონული აუქციონი ცხადდება და მიმდინარეობს ელექტრონული აუქციონებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ინტერნეტგვერდზე, ხოლო ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
13. უძრავი ნივთის შემთხვევაში ვადა განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში 5 კალენდარულ დღეს.
14. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავი ორგანო ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს აგრეთვე გაზეთ „24 საათში".
15. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილი წესის შესაბამისად.
16. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) საპრივატიზებო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასურის 30%-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
17. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტების (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.
18. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
19. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
20. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ საჯარო სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს (რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას).
მუხლი 3. მესამე პირის (წარმომადგენლის, შუამავლის) მიერ საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადასცეს მესამე პირს (რწმუნებულს, შუამავალს), რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი და რომელიც შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას, რეგისტრაციასა და განკარგვას.
2. იმ შემთხვევაში, როცა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს მესამე პირს (წარმომადგენელს, შუამავალს), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასური;
ბ) საჯარო აუქციონის ჩატარების დრო;
გ) მესამე პირისათვის (წარმომადგენლის, შუამავლისათვის) საკომოსიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) მესამე პირისათვის ავანსის ოდენობა და მისი გაცემის წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ვ) პრივატიზების პირობების სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია.
მუხლი 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღეს და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
4. საჯარო უქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე)სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.
6. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.
7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
8. პირს, უფლება აქვს, ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
9. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. საჯარო აუქციონის დამთავრებისთანავე დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი), რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში სააუქციონო კომისიის მიერ დგება ასევე „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმი“, სადაც ქრონოლოგიურად იქნება აღწერილი აუქციონის მიმდინარეობა დეტალურად. აღნიშნულ „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმს” ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, მდივანი და კომისიის ყველა სხვა წევრი. „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმი" თანდართული, გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებით, კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, წარედგინება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ეცნობა მათ.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, თუ საჯარო აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
9. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
10. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით საჯარო აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი საჯარო აუქციონი. განმეორებით საჯარო აუქციონზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო, თუ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
11. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელსაც ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის და საჯარო აუქციონში მონაწილე, დამარცხებული პირების განცხადების საფუძველზე, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ გადახდილი ბეს ოდენობა.
12. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხადა ქონების საპრივატიზებო თანხა; ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
13. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სრულ საპრივატიზებო თანხას. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში კი – პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საბოლოო საფასურს.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დასტურდება 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის (თანდართული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებით) საფუძველზე, საჯარო აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საკუთრების მოწმობა.
4. გამარჯვებული პირის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით.
7. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის საფასური;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
8. თუ საჯარო აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
9. თუ გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი პირობებით, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი უნდა შეიცავდეს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
10. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მოქმედების პერიოდში, ოქმით გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. მცხეთის მუნიციპალიტეტის სკაუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების მოწმობის გაცემისას, ხოლო უძრავი ნივთის, აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
მუხლი 7
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, თუ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და შეტანილი ბე და უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია გადაირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე მცხეთის მუნიციპალიტეტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არებული ქონების განმკარგავ სუბიექტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მოქმედების პერიოდში, ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავ სუბიექტს.
4. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. პირგასამტეხლო განისაზღვრება პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
7. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტს. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 9. გარიგებათა ბათილად ცნობა
საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს საკრებულო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები