დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 862 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 27/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №862
2009 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998წ., №3, მუხ 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) დებულებას X თავის შემდეგ დაემატოს X1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი X1
ატესტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
1. სამხედრო მოსამსახურის ატესტაცია არის სამხედრო მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. თანამდებობრივი და/ან წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა, რა პერიოდია გასული სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ბოლო გაწვევიდან, ასევე მნიშვნელობა არ ენიჭება 3 კალენდარული წლის განმავლობაში რა პერიოდი აქვს სამხედრო მოსამსახურეს ნამსახურები;
ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას.
3. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე.
4. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ატესტაციის ჩატარების დროს იმყოფება შვებულებაში (მათ შორის, სამკურნალო შვებულებაში), დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ან მივლინებაში, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურში გამოსვლის დღიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
5. სამხედრო მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია (კომისიები). შესაძლებელია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განისაზღვროს საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
6. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები ანაზღაურებისა და ხმის უფლების გარეშე მათი თანხმობით.
7. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
8. ატესტაციის ჩატარების ფორმატს, ტესტირების მეთოდს და თემატიკას, სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტირებას დაქვემდებარებულ პირს.
9. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას სამსახურებრივ მოვალეობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მიმართებით.
10. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
11. საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.
12. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
13. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
14. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
15. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) სამხედრო მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) სამხედრო მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას;
გ) სამხედრო მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას.
16. კომისია ვალდებულია თითოეული სამხედრო მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მათ ხელს აწერენ დამსწრე კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
17. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. საატესტაცო ფურცლის ნიმუშს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
18. სამხედრო მოსამსახურე ეცნობა საატესტაციო ფურცელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ფურცელს სამსახურის მიერ უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა საატესტაციო ფურცლის ასლი.
19. ამ თავის მე-16 და მე-18 პუნქტებში მოცემული სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მათ საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან ერთად.
20. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. ამ თავის მე-15 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრს საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში.“;
ბ) XVI თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას მოსამსახურის ინიციატივით მხარეთა შეთანხმების და/ან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე;”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები