დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 793 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 18/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.08.372 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №793
2009 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულებით (სსმ III, 2000წ., №84, მუხ. 746) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ
დებულება
მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა ხდება ახალი საზღვრების დადგენით ან/და არსებული საზღვრების შეცვლით კანონმდებლობით დადგენილი წესით არსებული ტყეთმოწყობის კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე, და სახელმწიფო ტყის ფონდიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამორიცხული ან/და სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხული ფართობების გათვალისწინებით.
მუხლი 2
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის მიზანია:
ა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიის გამოყოფა-გამიჯვნა მოსაზღვრე მიწათმოსარგებლეთა ან მესაკუთრეთა ტერიტორიისაგან, ფართობის დადგენა, საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების შექმნა;
ბ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის მიწის გამოყოფისას ან დაწესებულ საზღვრებში ცვლილებების შეტანისას დადგენილი წესების დაცვა;
გ) საზღვრის დაცვის კონტროლის განხორციელება.
მუხლი 3
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენას და შეცვლას ამ დებულების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო) საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (შემდეგში – კომისია) რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების შეცვლა ხორციელდება სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ფართობის შემცირების (სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ფართობის ამორიცხვის) ან გაზრდის (სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში ფართობის ჩარიცხვის) შემდეგ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრებში წლის განმავლობაში ფართობების ამორიცხვით ან/და ჩარიცხვით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრები დგინდება ყოველწლიურად.
4. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ფართობის ამორიცხვა ან სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში ფართობის ჩარიცხვა ხორციელდება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 4
1. საკითხის მომზადების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის შესახებ არსებული მონაცემების (საგეგმო-კარტოგრაფიული და საკადასტრო მასალები, მიწათსარგებლობის გეგმები, ტყეთმოწყობის არსებული მასალები და ტოპოგრაფიული რუკები) შესწავლას;
ბ) მოსაზღვრე მესაკუთრის საზღვართან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის) მოთხოვნას;
გ) ტერიტორიის საზღვრის კონტურის ხაზის დადგენას;
დ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენისათვის ან/და შეცვლისათვის საჭირო სამუშაოს მოცულობის განსაზღვრას.
2. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შედგენილი კარტოგრაფიული მასალები, რომელიც შეთანხმებულ უნდა იქნეს სამინისტროსთან.
3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის პროცესში კერძო მესაკუთრესთან საზღვრების ურთიერთგადაკვეთის შემთხვევაში, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო კარტოგრაფიულ მასალებზე დაიტანს შესაბამის აღნიშვნებს.
მუხლი 5
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის ხაზი (კონტური) განისაზღვრება შესაბამისი ტექნოლოგიების (გეოინფორმაციული სისტემის) გამოყენებით ორთოფოტოგეგმის საფუძველზე მიღებულ კარტოგრაფიულ მასალაზე (სახელმწიფო საკოორდინატო სისტემაში – WGS-84/UTM), ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, სამიჯნე ნიშნების ადგილმდებარეობა დგინდება ადგილზე – ხელსაწყო „GPS“-ის მეშვეობით, 5 მეტრის სიზუსტით.
2. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ზედა საზღვრად (სუბალპური ტყეების საზღვრად) ჩაითვალოს ტყეებით, ბუჩქნარებით და მეჩხერებით ფაქტობრივად დაკავებული ტერიტორიების ზედა კონტური.
3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრები სხვა მიწათმოსარგებლეებთან (მესაკუთრეებთან) მაქსიმალურად გატარდება ბუნებრივ მიჯნებზე და ადვილად ამოსაცნობ მყარ ორიენტირებზე:
ა) ხმელეთზე საზღვრის ნიშნები წესდება რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და დასანახი ორიენტირების მიხედვით;
ბ) მდინარეებსა და ნაკადულებზე – მათ შუა ადგილზე, ტბებზე – სწორი ხაზით. მდინარეებსა და ტბებზე გამავალი საზღვარი არ გადაინაცვლებს მათი ნაპირების მოხაზულობის, კალაპოტის გადაადგილების ან წყლის დონის ამაღლებისას;
გ) ჰიდროკვანძებსა და წყალსაცავებზე საზღვარი წესდება იმ ხაზის შესაბამისად, რომელიც ამ ადგილებში გადიოდა ავსებამდე;
დ) შიდასამეურნეო ან საველე გზებზე – მათ შუა ადგილზე ან ტექნოლოგიურ ღერძზე.
4. დოკუმენტაციაში მოცემული უნდა იქნეს საზღვრების დეტალური აღწერილობა.
მუხლი 6
1. საკითხის მომზადების შემდეგ დეპარტამენტი სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე. წარმოდგენილ წინადადებასა და მასალებს სამინისტრო ათანხმებს დაინტერესებულ უწყებებსა და პირებთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებას სამინისტრო განსახილველად და რეკომენდაციის მოსამზადებლად წარუდგენს კომისიას.
3. წინადადების განხილვის შემდეგ კომისია ამზადებს რეკომენდაციას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და შეცვლის თაობაზე და წარუდგენს სამინისტროს.
4. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებას კომისიის რეკომენდაციასთან და თანდართულ მასალასთან ერთად საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამინისტრო.
მუხლი 7
1. საქართველოს მთავრობის მიერ საზღვრის დადგენის და შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, დეპარტამენტი შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.
2. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდისა და კერძო საკუთრების საზღვრების ურთიერთგადაკვეთის შემთხვევაში, საჯარო რეესტრში პირველ რიგში რეგისტრირდება სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ის საზღვრები, რომლის ფარგლებშიც არ არსებობს კერძო მესაკუთრე. ამ უკანასკნელთან დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და შეცვლის შემდეგ საზღვრის ადგილზე გამიჯვნა ხდება აუცილებლობის შემთხვევაში.
2. სამიჯნე ნიშნები კეთდება ღია ადგილებზე იქ, სადაც ტყის ფონდი არ არის გამოკვეთილი მოსაზღვრე მიწათმოსარგებლისაგან ბუნებრივი მიჯნებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სამიჯნე ნიშნები შესაძლოა მოწყობილ იქნეს ტყით დაფარულ ადგილებში.
3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრებზე სამიჯნე ნიშნების მოწყობას ახორციელებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო.
4. სამიჯნე ნიშნების დასმის კოორდინატებს ამტკიცებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სამიჯნე ნიშნები ღია ფართობზე შეიძლება იყოს ხის, მეტალის ან რკინა-ბეტონისაგან დამზადებული. იგი იდება 0,8 მეტრის სიღრმის ორმოში, გარშემო უკეთდება 2 მეტრი დიამეტრის 0,5 მეტრი სიმაღლის მიწაყრილი, მიწაყრილის ზედაპირიდან ზევით რჩება 1,2 მეტრიდან 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე და ტყის ფონდის მხარეს უკეთდება წარწერა წითელი ფერის ზეთიანი საღებავით „ტ.ფ.“. ტყით დაფარულ ადგილებზე სამიჯნე ნიშნებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზეზემდგომი ჯანსაღი ხე, რომელსაც ტყის ფონდის მხარეს მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრის სიმაღლეზე წითელი ფერის ზეთიანი საღებავით უკეთდება წარწერა „ტ.ფ.“. სამიჯნე ნიშანი ეწყობა რელიეფური პირობებიდან, ან აუცილებლობიდან გამომდინარე სწორხაზობრივ გადაკვეთაზე (კუთხეებზე).
მუხლი 9
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და სამიჯნე ნიშნების მოწყობისათვის საბიუჯეტო სახსრების გარდა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროები.
2. ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან შეთანხმებით სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება, ან/და სამიჯნე ნიშნების მოწყობა, შესაძლებელია განახორციელოს დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა თავისი სახსრებით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები