დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 317 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.016048 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №317
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №137, მუხლი 1566) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიულ განათლებაში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე პროფესიული კოლეჯების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს თანდართული დებულება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულება“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების – სახელმწიფოს, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილ უნდა იყოს – არანაკლებ თითო წევრი შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და იურიდიული პირებიდან, ასევე ფიზიკური პირი:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
თ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ლ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
მ) საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
ნ) დამსაქმებელთა კავშირი/ასოციაცია;
ო) პროფესიული კოლეჯი ან მათი გაერთიანება/კავშირი;
პ) დამოუკიდებელი ექსპერტი.
3. საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საბჭოს საქმიანობაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
5. საბჭოს სხდომებში მონაწილეობა ეთხოვოთ ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ექსპერტებს.
6. საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამისი ფიზიკური პირის ან იმ დაწესებულების/იურიდიული პირის ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც არის საბჭოს წევრი.“;
დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საბჭოს მიზანი
საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს სამთავრობო უწყებათაშორისი, სახელმწიფოს, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე პროფესიული კოლეჯების კოორდინირებული მოქმედება პროფესიული განათლების სფეროში.“;
ე) მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შეიმუშავებს/ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიასა და პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით;“;
ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით.“;
ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც ამავდროულად არის საბჭოს სამდივნოს წევრი.“;
თ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება საბჭოს გაფართოებული სხდომები პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით.“;
ი) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს ოქმის მიწოდებას საბჭოს წევრების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები