დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 10/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №174
2009 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და დებულებას დაემატოს XVI და XVII თავები შემდეგი რედაქციით:
„თავი XVI
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი
1. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტში განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ:
ა) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას მოსამსახურის ინიციატივით მხარეთა შეთანხმების და/ან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე;
ბ) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების საფუძველზე;
გ) სახეზეა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით ან ამ ბრძანებულების VI თავის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე:
ა) აღნიშნული ვალდებულება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებისას;
ა.ბ) თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსა-ხურში.
ბ) ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. იმ პირებს, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით, დაკისრებული პირგასამტეხლო უმცირდებათ სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში გაფორმებული მორიგების სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება უკვე გადახდილ თანხებთან დაკავშირებით;
გ) ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება გადავადდება/ განწილვადდება და/ან შემცირდება, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ გადავადებას და/ან შემცირებას იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხიმგებელი პირი აცხადებს თანხმობას სასამართლოში დავის წარმართვის გარეშე ნებაყოფლობით გადაიხადოს შეთანხმებული თანხა და წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას;
დ) თუ პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირს, მას გადაუვადდება ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდა 2 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადავადება შესაძლებლია მხოლოდ ორჯერ, ამასთან, ზედიზედ, 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან.
3. ამ თავის მე-2 პუნქტის ა.ბ.) ქვეპუნქტის შემთხვევაში, თუ დარღვეული კონტრაქტის საფუძველზე პირს წარმოექმნა სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება, იგი ამ ვალდებულებისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისას გაფორმებული კონტრაქტის სრული ვადით გავლის შემდეგ.
4. ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება:
ა) ამ თავის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის, აგრეთვე გადახდის გადავადებისა და განწილვადების მიზნებისათვის – მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების (პირგასამტეხლო და ა.შ.), სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის და/ან სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება;
ბ) დებულების XVII თავის მე-2 პუნქტის, ამ თავის მე-2 პუნქტის ა.ბ) და დ) ქვეპუნქტის, აგრეთვე ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზნებისათვის – მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების (პირგასამტეხლო და ა.შ), სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის და/ან სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება.
5. ამ თავის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების ოდენობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ წარმოქმნილი ვალდებულებების ოდენობის 1/4-მდე, ხოლო გადავადების/განწილვადების გრაფიკი არ შეიძლება იყოს 2 კალენდარულ წელზე მეტი. ჯარიმის თანხის შემცირება შესაბამისი პროპორციით იწვევს ჯარიმაზე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
თავი XVII
გარდამავალი დებულებები
1. XVI თავის (გარდა პირველი პუნქტისა) მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტში განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა არ წარმოიქმნება, ხოლო წარმოქმნილი ვალდებულება წყდება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები