დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 07/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.002.393 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.“.
2. 50-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.“.
3. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო შუამდგომლობის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.“.
4. 122-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.“.
5. 190-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარჩელის, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ანდა დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ ამ ქონების მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია დააყადაღოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონება. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია აღძრას შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.“.
6. 192-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
7. 32-ე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში“.
8. 247-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით:
ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით;
ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი;
გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.“.
9. 248-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის გაგზავნა
1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო ამ კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მიმართავს მისი ჩატარების თხოვნით შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.
3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს შუამდგომლობას.
4. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ დგება იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საგანგებო შემთხვევაში შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.“.
10. 249-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შინაარსი
საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა უნდა შედგეს წერილობით, შუამდგომლობის გამგზავნის ხელმოწერით. იგი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:
ა) შუამდგომლობის გამგზავნი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;
დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს;
ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის, მოქალაქეობრივი კუთვნილების, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება;
ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას.“.
11. 251-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 251. საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება
1. სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სრულდება საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.
3. უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ შუამდგომლობაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.
4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5. შუამდგომლობის შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.
7. თუ შუამდგომლობის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. შუამდგომლობა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.“.
12. 254-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ექსტრადიციის მოთხოვნა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, საქართველოს გენერალური პროკურატურა უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას მიმართავს იმ პირის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მიმართაც საქართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან თუ კანონიერ ძალაშია შესული მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან საბრალდებო დასკვნა, დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ, მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა დამატებითი დოკუმენტები.“;
დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს გერბიანი ბეჭდით.“.
13. 256-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იმ პირის ექსტრადიცია, რომლის მიმართაც მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, ან თუ მას მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ.“.
14. 257-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი საქართველოში;“.
15. 259-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისათვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – კიდევ 2 თვემდე აგრძელებს საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.“.
16. 2591 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მისი გადაცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღის ვადაში.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 დღის ვადაში.“.
17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის LXIV2 თავი:
„თავი LXIV2
საქმის წარმოება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს
მუხლი 67911. კოდექსის ნორმების მოქმედება იურიდიული პირის მიმართ
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებისა და LXIV2 თავის შესაბამისად. ამ კოდექსის ნორმები ვრცელდება იურიდიულ პირებზე მათი შინაარსის გათვალისწინებით.
2. ამ თავის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).
მუხლი 67912. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი
1. თუ გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც იძლევა იურიდიული პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XVIII1 თავით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ იურიდიული პირის დამფუძნებელს (დამფუძნებლებს) ან/და ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს), საქმის წარმოებაში მონაწილეობისათვის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 67913. გარემოებები, რომლებიც უნდა დადგინდეს იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს:
ა) დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თუ არა ამ იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ;
ბ) არის თუ არა აღნიშნული ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1071 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი ფიზიკური პირი, იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
მუხლი 67914. იურიდიული პირის წარმომადგენლის (დამცველის) მონაწილეობა
1. იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი) საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დადგენილების გამოტანისთანავე.
2. იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს) უფლება აქვს გაეცნოს საქმის წარმოების მასალებს, გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის (სასამართლოს) მოქმედება და გადაწყვეტილება და განაცხადოს შუამდგომლობა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 67915. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებისა და სხვაგვარი შეზღუდვების გამოყენება იურიდიული პირის მიმართ
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებული იქნეს ყადაღის დადების ღონისძიება.
2. იურიდიული პირის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება გამოიყენება ამ კოდექსის 190-ე–201-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.
მუხლი 67916. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები
1. დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ან გამოტანილი დადგენილება უნდა გაუქმდეს, თუ:
ა) არ არის დადგენილი ამ კოდექსის 67913 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, რის შესახებაც აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს).
მუხლი 67917. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნა
1. თუ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას არ გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.
2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამომძიებელი აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს), აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას საქმის მასალების გაცნობის თაობაზე. საქმის გაცნობის, საქმის წარმოების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
3. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.
4. გამომძიებელი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილებას საქმის მასალებთან ერთად დასამტკიცებლად გადასცემს პროკურორს. პროკურორი საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კოდექსის 67916 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ;
ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების თაობაზე;
გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.
5. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება.
მუხლი 67918. სასამართლო განხილვა
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ამ მუხლითა და ამ კოდექსის 457-ე–516-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. სასამართლო გამოძიება იწყება პროკურორის მიერ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილების წაკითხვით; შემდეგ ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, იმ საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რომლებიც საჭიროა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. მტკიცებულებებს ჯერ წარმოადგენენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი), სამოქალაქო მოპასუხე, მისი წარმომადგენელი. მხარეებს უფლება აქვთ ჩაატარონ ჯვარედინი და ხელახალი დაკითხვები. მოსამართლე დასაკითხ პირებს ბოლოს უსვამს კითხვებს.
3. სასამართლო გამოძიების დამთავრებისთანავე სასამართლო გადადის მხარეთა კამათზე. კამათში მონაწილეობენ პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი). იურიდიული პირის წარმომადგენელი (დამცველი) კამათში და რეპლიკით გამოდის ბოლოს. მხარეთა სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე (სასამართლო) გადის სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად.
მუხლი 67919. სასამართლო განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
1. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სასამართლოს განაჩენში უნდა აღინიშნოს:
ა) იურიდიული პირის დასახელება, იურიდიული მისამართი;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იურიდიულ პირს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
გ) სასჯელის სახე და ზომა, რომელიც იურიდიულ პირს დაენიშნა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, და ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება (ლიკვიდაციის დანიშვნის შემთხვევაში – ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები));
დ) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
ე) გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა.
2. სასამართლოს განაჩენი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით.
მუხლი 67920. იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენის გამოქვეყნება
1. იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოქვეყნდეს. განაჩენი ქვეყნდება მსჯავრდებული იურიდიული პირის ხარჯით.
2. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ფორმით უნდა იქნეს განაჩენი გამოქვეყნებული. განაჩენის გამოქვეყნების დროს დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3531–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები