დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 28/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016002 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგინა:
მუხლი 1
1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები. რომელთა განთავსება /მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე.
ა) 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, საიდანაც 0, 80 მ ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნეს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს, გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;
გ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
დ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ზ) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.
2. თუ საამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100- მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად ( გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდინარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად ( გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დადგენილების მე-2 პუნქტის შემთხვევაში, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ. განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ;
ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულების ჩვენებით.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები