დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 06/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №48
2009 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) დამტკიცებულ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და დებულების XIV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:
„7. სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს) სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით ავადმყოფობის გამო შვებულება შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე ვადით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში – სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან მგზავრობის) ვადით. ამ შემთხვევაში შვებულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს. შვებულების ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის საკითხს. აღნიშნული შვებულება მორიგი კუთვნილი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნისას:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ბ) თანმხლები/მომვლელი პირის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი ოდენობით;
გ) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება ფულადი სარგო და დანამატები (არსებობის შემთხვევაში), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში:
ა) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ თავის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები (მათ შორის, მკურნალობის ვადებისა და მათი გაგრძელების თაობაზე), გარდა შვებულებასთან დაკავშირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა;
ბ) თუ საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების ვადა ამ თავის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ამოიწურა ან სამხედრო მოსამსახურე მიაღწევს ზღვრულ ასაკს, ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების ვადა ან ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ თავის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით;
გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადას. ამასთან, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მასზე ვრცელდება ამ თავის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები (მათ შორის, მკურნალობის ვადებისა და მათი გაგრძელების თაობაზე), გარდა შვებულებასთან დაკავშირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა.
9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურის, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ავადმყოფობის გამო გათავისუფლება არა უმეტეს 7 დღის ვადით არ საჭიროებს სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2007 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ და მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები