დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 09/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2009 - 31/12/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №5
2009 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2).
2. საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოები.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 42 (ორმოცდაორი) საშტატო ერთეულით.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულება.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.
2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
5. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. აპარატის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
2. აპარატი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, უშიშროების, სამართალდაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:
ა) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;
თ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;
ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნის, მათთვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარმართავს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;
ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას.
3. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;
ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, ასევე აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების კანდიდატურებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
ი) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
კ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
მ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;
ნ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
ო) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
პ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;
რ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ს) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ტ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;
უ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის დეპარტამენტი: მონაწილეობს სამხედრო ძალების მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამების განხილვაში და უზრუნველყოფს მათი განხორციელების ორგანიზებას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის სფეროში; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფო თავდაცვის საკითხებში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ, მონაწილეობს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხების განხილვაში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს სახელმწიფო თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის განსახილველად ამზადებს სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირების საკითხს და მათი განვითარების პერსპექტივებს, მონაწილეობს სამხედრო კადრების მომზადების, განაწილების და სამხედრო სამსახურში გაწვევის და მობილიზაციის საკითხების განხილვაში, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლის განხორციელებას, ამზადებს სამხედრო ძალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სადირექტივო დოკუმენტებს სამხედრო ძალების მიერ მათ წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად;
ბ) ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი: უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას სახელმწიფო უშიშროების და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში; შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს საკითხებს საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სახელმწიფოს უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლის განხორციელებას;
გ) სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის დეპარტამენტი: ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სამართალდაცვითი და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სამართალდაცვით სფეროში საქართველოს სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლის განხორციელებას; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეიმუშავებს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილების და ნეიტრალიზაციისათვის; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, ეკოლოგიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს საკითხს იმ რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული;
დ) ანალიტიკური დეპარტამენტი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეიმუშავებს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილების და ნეიტრალიზაციისათვის; შეისწავლის და აანალიზებს კონფლიქტურ ზონებში არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს; კოორდინაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებს და რეკომენდაციებს;
ე) საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი: იკვლევს საგარეო და ეკონომიკურ საფრთხეებს; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ეკონომიკური ბლოკის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიზნით; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში;
ვ) საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი: კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შესახებ; უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებისას უწყებათაშორის კოორდინაციას; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას;
ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი: უზრუნველყოფს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს; ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას.
2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები და სამმართველოს უფროსები. დეპარტამენტის დირექტორს (სამმართველოს უფროსს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №2
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 1 | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | 1 | 3540 | |
| 2 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
| 1 | 2950 | |
| 3 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | 1 | 2950 | |
| 4 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე | 2 | 1200 | |
| 5 | უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი | 2 | 850 | |
| 6 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის დეპარტამენტი | ||||
| 7 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 2 100 | |
| 8 | მთავარი მრჩეველი | 1 | 1100 | |
| 9 | მრჩეველი | 1 | 850 | |
| 10 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი | ||||
| 11 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 2100 | |
| 12 | მთავარი მრჩეველი | 1 | 1100 | |
| 13 | მრჩეველი | 1 | 850 | |
| 14 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის დეპარტამენტი | ||||
| 15 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 2100 | |
| 16 | მთავარი მრჩეველი | 1 | 1100 | |
| 17 | მრჩეველი | 1 | 850 | |
| 18 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| ანალიტიკური დეპარტამენტი | ||||
| 19 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 2100 | |
| 20 | მთავარი მრჩეველი | 1 | 1100 | |
| 21 | მრჩეველი | 1 | 850 | |
| 22 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი | ||||
| 23 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 2100 | |
| 24 | მთავარი მრჩეველი | 2 | 1100 | |
| 25 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი | ||||
| 26 | დეპარტამენტის დირეტორი | 1 | 2100 | |
| 27 | მთავარი მრჩეველი | 2 | 1 100 | |
| 28 | მრჩეველი | 1 | 850 | |
| საორგანიზაციო დეპარტამენტი | ||||
| 29 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 2100 | |
| 30 | მთავარი მრჩეველი | 4 | 1 100 | |
| 31 | მრჩეველი | 2 | 850 | |
| 32 | სპეციალისტი | 1 | 700 | |
| 33 | ფინანსური მენეჯერი | 1 | 1300 | |
| 34 | ბუღალტერი | 1 | 850 | |
|
| ს უ ლ : | 42 | 54 400 | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები