გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 22/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
41
08/10/2010
სსმ, 42, 22/10/2010
010250020.35.148.016007
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/10/2010 - 12/11/2010)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 41

2010 წლის 8 ოქტომბერი

. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №38 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ზ. ხმალაძე

დანართი 1

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას.

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი

1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

3. აპარატი არის თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.

    მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.

2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები

აპარატი:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას;

ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტებს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაბამის მასალებს;

გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

დ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ე) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას;

ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;

ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე.

თავი II. აპარატის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა

აპარატში შედის აპარატის უფროსი და მოხელეები.

    მუხლი 5. აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის უფროსი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.

თავი III

აპარატის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 6. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.

    მუხლი 7. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი

აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.