დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 610 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 181, 22/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.05.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №610
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებასა (სსმ III, 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) და ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.
2. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მერვე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, მისი სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებზე და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.“;
გ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის საფუძველზე.“;
დ) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ საბუთებში, რომლებიც უფლებას აძლევენ პირს შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“.“;
ე) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საპასპორტო კონტროლი საქართველოში შემოსვლისას წარმოებს სრული მოცულობით ავტომატიზებული კონტროლის სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“;
ვ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი;
ზ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანო. ამ მიზნით, აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან საქართველოში შემომსვლელ ან გამსვლელ პირს მოსთხოვონ და შეამოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ პირთა შემოწმება, რომლებიც საზღვარს კვეთენ ფეხით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
4. სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას ზედამხედველობენ სპეციალურად გამოყოფილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც უფლებამოსილი არიან საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. ყალბი, ვადაგასული სამგზავრო დოკუმენტის წარდგენის, აგრეთვე სავიზო რეჟიმის დარღვევის ან/და იმ პირის ამოცნობის შემთხვევაში, რომელსაც უფლება არ აქვს შემოვიდეს საქართველოში ან გავიდეს საქართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ან საბაჟო ორგანოს თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელს.
6. ავტობუსებითა და სატვირთო-სამგზავრო მცირე ავტობუსებით პირთა საქართველოდან უკანონო გადაყვანის გამოვლენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის მიერ წარმოებს სამალავების დათვალიერება.
7. დალუქული ტვირთის გახსნა და შემოწმება წარმოებს კომისიურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის მიერ საბაჟო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, მძღოლისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით.
8. კონკრეტული ინფორმაციის ან ავტოტრანსპორტის საერთო სახის დათვალიერებისას იმ პირთა გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი, ასევე იარაღისა და ნარკოტიკული მასალების სამალავების აღმოჩენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური შემოწმება.
9. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვა ხორციელდება სასაზღვრო-გამტარ პუნქტში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ მოქალაქის პასპორტში სათანადო სტიკერის ჩაკვრითა და თარიღ-დამღის დასმით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესს, აგრეთვე მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმას კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით.“;
თ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საქართველოსა და უცხოური საჰაერო ხომალდების იმ ადგილებში იძულებით დაფრენის შემთხვევაში, სადაც ეს არ არის დადგენილი, სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც გაიგზავნებიან უახლოესი ქვედანაყოფიდან, ამასთან, აღნიშნული ეცნობება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.“;
ი) მე-4 მუხლის მე-7-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი კონტროლს უწევს ეკიპაჟის წევრებისა და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა დათვალიერებას.
8. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ საჰაერო დერეფნის გაუვლელად საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის ნებართვას ათანხმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია მოიცავს:
ა) სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილს, დროსა და სიმაღლეს;
ბ) რეისის ნომერს (ფრენის მარშრუტს);
გ) საზღვარზე გადაფრენის მიზეზს (საგანგებო ვითარება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა, ავარიის წინაპირობა და სხვ.);
დ) დაფრენის აეროპორტს ან აეროდრომს (საქართველოს თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე);
ე) სხვა დამატებით ინფორმაციას (მოთხოვნისამებრ).“;
კ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
1. რკინიგზის ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო კონტროლი, გარდა სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომლის მოწყობასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს რკინიგზის ადმინისტრაცია.
2. ყველა სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გადის შიდა და გარე შემოწმებას.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები ამოწმებენ სარკინიგზო შემადგენლობის იმ ადგილებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდის დასამალად.“;
ლ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატვირთო მატარებლის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები ამოწმებენ მატარებლის სანატურო ფურცელში მითითებული ვაგონების რაოდენობისა და შემადგენლობაში არსებული ვაგონების რაოდენობის შესაბამისობას.“;
მ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვაგონზე დამღის დარღვევის, ვაგონის დაზიანების ან სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც მოწმობენ სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდული მასალის გადამალვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები იწვევენ საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს და მათი თანდასწრებით ადგენენ აქტს მოქმედი წესის შესაბამისად.
4. შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები უფლებამოსილი არიან საბაჟოს, რკინიგზის წარმომადგენლებისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით შესამოწმებლად გახსნან დალუქული ვაგონი (კონტეინერი).“;
ნ) მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი უცხოეთისა და საქართველოს გემების სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება მისადგომებთან ან საჭიროების შემთხვევაში – რეიდზე. საზღვარგარეთიდან მომავალი სამგზავრო გემების სასაზღვრო კონტროლი შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების ნავსადგურში შესვლამდე. ასეთ შემთხვევაში ტერიტორიული ზღვის დათქმულ ადგილზე ან საქართველოს შიდა წყლებში გემებს ხვდება კომისია. გემების სასაზღვრო კონტროლის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
2. ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს და საბაჟო ორგანოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ადის გემზე და ამოწმებს გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და ეცნობა საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, მოწმობას დერატიზაციის ან მისგან გათავისუფლების შესახებ, იღებს ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო ანალიზებს.
3. ყველა გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში საზღვარგარეთიდან, ექვემდებარება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს.“;
ო) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ყველა ორგანო, რომელიც ახორციელებს ცალკეული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის კონტროლს, ხელს უწყობს საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საშიში ინფექციით დაავადებულ პირთა გამოვლენაში.“;
პ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1. ნავსადგურში შემოსული გემი, რომელიც არ ემორჩილება საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლის მოთხოვნებს, შეიძლება გაშვებულ იქნეს ზღვაში, ხოლო ტვირთის გადმოტვირთვა და მგზავრების გადმოსვლა შეიძლება იმ პირობით, თუ მათ გაეწიათ სანიტარიული კონტროლი.
2. იმ შემთხვევაში, თუ გემი სანიტარიულ-ეპიდემიური თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა (გემზე ავადმყოფის ან ავადმყოფობაზე საეჭვო პირის ყოფნა), საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი იღებს გადაწყვეტილებას (დაავადების სახეობის გათვალისწინებით) გემის რეიდზე გადაყვანის შესახებ.
3. გასვლის გაფორმებისას გემს აუცილებელია ჰქონდეს საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლის თანხმობა ნავსადგურიდან გასვლამდე 24-საათიანი ვადით.”;
ჟ) მე-11 მუხლის:
ჟ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში შემოსვლისას (სასაზღვრო ზონაში) და გასვლისას (საბაჟო ზონაში) საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა პროფილაქტიკური აცრებისა და სავალდებულო გამოკვლევის (შიდსი) განხორციელებას (არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალისა და უცხო სახელმწიფოებთან შემოწმებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით).“;
ჟ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მორიგეს.“;
რ) მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილ უცხოეთისა და საქართველოს გემებზე სასაზღვრო კონტროლის დროს უცხო პირთა დაშვება შეიძლება მხოლოდ სასაზღვრო განწესის (ოფიცრის) ნებართვით. ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე უცხოეთის გემებს ეკრძალებათ სადგომის შეცვლა ნავსადგურში და რეიდზე, აგრეთვე ადამიანის აყვანა ბორტზე და გადაყვანა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, გარდა ავარიისა და უბედური შემთხვევისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე აკრძალულია უცხოეთის გემებთან ნავსადგურში, რეიდზე, ბუქსირზე დგომის დროს, აგრეთვე ამწეებთან, კატარღებთან და სხვა მცურავ საშუალებებთან მისვლა.
3. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ნავსადგურის მუშაკები, საზღვარგარეთის იმ გემების მოსამსახურეები, რომლებიც დგანან ნავსადგურის გემმისადგომთან, გემზე დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საშვებით, ამასთან, დოკერ-მექანიკოსები საზღვარგარეთის გემზე დაიშვებიან მხოლოდ ბრიგადის შემადგენლობაში ამ გემზე სამუშაოთა შემსრულებელი განწესის არსებობისას.”;
ს) მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საშვებს გასცემს დაინტერესებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წლამდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაცემულ იქნეს ერთჯერადი საშვი (მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საშვი უკან უნდა დაბრუნდეს).
2. სანაოსნოს, საბაჟოს, ნავსადგურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს უფროსებსა და მათ მოადგილეებს უფლება აქვთ ავიდნენ ნავსადგურში მდგომ საზღვარგარეთის გემზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საშვის გარეშე, თავიანთი სამსახურებრივი დოკუმენტებით.“;
ტ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები ნაპირზე გადასვლას და ნაპირზე ყოფნას უკრძალავენ საზღვარგარეთის გემის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებმაც ტერიტორიულ ზღვაში და საქართველოს შიდა წყლებში ყოფნისას, ნავსადგურებში დგომისას ჩაიდინეს სამართალდარღვევა, აგრეთვე პირებს, რომლებსაც დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ საქართველოში შემოსვლა.“;
უ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასაზღვრო კონტროლი უცხო ქვეყნისა და საქართველოს კუთვნილი გემებისა, რომლებიც გადიან საქართველოს სხვა ნავსადგურისაკენ, ხორციელდება იმავე წესით, როგორც კაბოტაჟური ცურვის დროს. მათი გატარება ნავსადგურიდან ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს განწესის მეშვეობით. ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ აგენტირებას, გასვლის დროს ატყობინებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სამორიგეო სამსახურს გემის გეგმით გათვალისწინებულ გასვლამდე, სულ ცოტა, 2 (ორი) საათით ადრე.“;
ფ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უცხოეთის გემის საქართველოს საზღვრებიდან გასვლისას მისი ცალკეული წევრების არყოფნის შემთხვევაში, გემის ეკიპაჟის წევრთა განრიგში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები და ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“;
ქ) მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. უცხოელებს, რომლებიც არალეგალურად მოხვდნენ გემზე უცხოეთის ნავსადგურებში, ნაპირზე გადმოსვლა ეკრძალებათ და ეს ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.“;
ღ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გემზე ბადრაგის განთავსების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.“;
ყ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი დიპლომატიური არხებით აღძრულ შუამდგომლობაში „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების გარდა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხის ინდივიდუალურად განხილვის შედეგად მოთხოვნილ მონაცემებს.“;
შ) 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, ყოფნა და იქიდან გამოსვლა, საქონლის შემოტანა-გატანა ხორციელდება საშვებით სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, რომელთაც გასცემს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის, რკინიგზის, საავტომობილო სამსახურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. სატრანსპორტო საშუალებათა დგომის ხანგრძლივობასა და ადგილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებთან და საბაჟო ორგანოებთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის რკინიგზის, საავტომობილო სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია.“;
ჩ) 25-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით საბაჟო ორგანოების თანდასწრებით ვალდებული არიან გახსნან დალუქული (დაბეჭდილი) ვაგონები, ავტომანქანები, ტრიუმები და სატრანსპორტო საშუალებათა სხვა სათავსები, აგრეთვე გადასაზიდი ტვირთი.
6. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დგომის ადგილის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ნებართვით.“;
ც) 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა სამსახურის მუშაობას კოორდინირებას უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.“;
ძ) 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ განრიგს საქართველოს სატრანსპორტო ორგანოები ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.“;
წ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებისა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული ურთიერთმოქმედების გეგმებითა და სპეციალური ნორმატიული აქტით.“;
ჭ) 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეთა განწესები ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას იყენებენ შეძახილის – „სდექ“ და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, თუ დამრღვევნი არ ასრულებენ მესაზღვრეთა განწესების მოთხოვნებს.“;
ხ) 32-ე მუხლის:
ხ.ა) მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეები იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:“;
ხ.ბ) მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებსა და მესაზღვრეებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება:“;
ჯ) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ან დარღვევის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების შემთხვევას 48 საათის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“;
ჰ) 33-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოების შეიარაღებაშია შემდეგი სახის სპეციალური საშუალებები:“;
ჰ1) 34-ე მუხლის:
ჰ1.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საკითხთა გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების დასარეგულირებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს – სასაზღვრო კომისარს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
ჰ1.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;
ჰ2) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ბრძანებით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები