დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 772 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 11/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016017 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ბრძანება №772
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია და/ან მისი განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაბრუნებული საქონლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონების, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისთვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფოს ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსის (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციას;
ბ) ადგენს ქონების სპეციალურ ნუსხას;“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა.ა) ლოჯისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; სააგენტოს პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
ა.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და წამახალისებელი გათამაშების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სამინისტროში წარსადგენად; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვა და მისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსათვის მიმართვის მომზადება; მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობა;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების სპეციალური რეესტრის წარმოება; სააგენტოზე გადაცემული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება, ქონების განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; ქონების რეალიზაციის ორგანიზება და განხორციელება; ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საწყობიდან გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);
გ) მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ელექტრონული აუქციონისა და ელექტრონული მაღაზიის საშუალებით რეალიზაციის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაცია; ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირება; შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ღონისძიებათა დაგეგმვა; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზაცია;
დ) დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოები, რომელთა ძირითადი ფუნქციებია:
დ.ა) შესაბამის რეგიონებში ქონების მიღება, ტრანსპორტირება, რეგიონულ საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება;
დ.ბ) ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ.გ) სააგენტოს დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების განკარგვის უზრუნველყოფა.
2. დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოებს შესაძლებელია ჰქონდეთ სამმართველოს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი; სამმართველოს ბლანკიან ფურცელზე ხელმოწერასა და ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრება დირექტორის გადაწყვეტილებით.“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები (კანონმდებლობით დადგენილი წესით);“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები