სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ

  • Word
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 080010000.22.027.016010
  • Word
181
08/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
080010000.22.027.016010
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 181

2010 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები

ზოგადი ნაწილი

I. პროკურატურის მისია, მიზნები და ამოცანები

საქართველოს მთავარი პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობასა და ბრალდებულთა სისხლისსამართლებრივ დევნას, აღნიშნული უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების პრინციპები.

პროკურატურა საკუთარ ფუნქციებს ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის გზით, რათა მოხდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროში როგორც საშინაო, ისე ზოგად – გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება.

პროკურატურა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფოებრივ ფუნქციას, ეს არის მაღალი ხარისხის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, რაც მოიცავს:

დამნაშავეთა წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე;

დანაშაულის შემცირებასა და საზოგადოებაში დანაშაულის მიმართ შიშის აღმოფხვრას;

დანაშაულთან დაკავშირებული სოციალური დანაკარგებისა და ეკონომიკური ხარჯების შემცირებას;

საზოგადოებაში კანონის უზენაესობის რწმენის განმტკიცებას.

პროკურატურამ მუდმივად უნდა განავითაროს და აამაღლოს მუშაობის ხარისხი, ამისათვის კი უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:

პროკურორის გადაწყვეტილებები უნდა იყოს კანონისაგან განუხრელი და არადისკრიმინაციული. პროკურორმა უნდა იმოქმედოს ობიექტურად და სამართლიანად, მართლმსაჯულებისათვის ბრძოლის პროცესში იყოს მაქსიმალურად თავდაჯერებული.

პროკურორები უნდა იყვნენ გახსნილები და გულწრფელები როგორც ერთმანეთთან, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დაზარალებულებსა და მოწმეებს უნდა აგრძნობინონ, რომ მათი პრობლემები ყურადღებულია, ამასთან, ყველა ბრალდებულს უნდა მოეპყრონ სამართლიანად.

პროკურატურა ანგარიშვალდებულა საზოგადოების წინაშე. პროკურორებმა უნდა იმუშაონ კოლეგებთან ერთად, რათა მოიპოვონ და შეინარჩუნონ საზოგადოების ნდობა და შესთავაზონ მას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტური სისტემა. საკუთარი გადაწყვეტილების განმარტებისას პროკურორი უნდა იყოს თავაზიანი და საქმის გარემოებათა შესაბამისად ინფორმატიული.

აღნიშნული მაღალი სტანდარტების მისაღწევად აუცილებელია პროფესიონალურად მუშაობა, საზოგადოების წინაშე რეგულარული ანგარიშგება და მიღებული კრიტიკის ადეკვატური გააზრება.

ამასთან, პროკურატურამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ:

ყოველი საქმე არის უნიკალური და განხილულ უნდა იქნეს კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით.

პროკურატურა უნდა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვებელია პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა ბრალდებულის, დაზარალებულის ან მოწმის მიმართ, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. პროკურორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს უკანონო ზეწოლისა თუ გავლენის ქვეშ ნებისმიერი პირის მხრიდან.

სწორედ პროკურორმა უნდა დაადგინოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მართებულად, რომ დანაშაული ნამდვილად სახეზეა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები კონკრეტული პირის მიმართ ბრალდების წარსადგენად.

პროკურორმა უნდა უზრუნველყოს გამოძიებისა და დევნის პროცესის სწორად მართვა – გამომძიებლისათვის შესაბამისი მითითებების გაცემის გზით. აღნიშნული ასევე მოიცავს დამატებითი მტკიცებულებების მოძიებასა და გამოძიებისთვის საჭირო მიმართულებების განსაზღვრას. პროკურორმა დროულად უნდა განსაზღვროს, თუ რომელ საქმეზე უნდა იქნეს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული და რომელზე უნდა შეწყდეს გამოძიება, ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ.

პროკურორის ვალდებულებაა საქმის საგამოძიებო ეტაპზე განხილვა, რათა გადამოწმდეს, რომ შერჩეულია სწორი კვალიფიკაცია, ხდება სასამართლოსთვის წარსადგენი ყველა საჭირო მტკიცებულების შეკრება და პროცესი მიმდინარეობს კანონის შესაბამისად.

ჩვენი მიზანია, რომ პროკურატურა იყოს სათანადო სიმაღლეზე მდგომი, ავტორიტეტული ორგანო, რომელიც საზოგადოებას აწვდის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისს.

ეს არის პროფესიონალთა უწყება, სადაც დაფასებულია თითოეული თანამშრომელი, რომელიც მუდმივად ადგას განვითარების გზას, სარგებლობს საზოგადოების ნდობით და მუშაობის პროცესში არის კოლეგიალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა ორგანოების მიმართ.

 

II. სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო პრინციპები

1. შესავალი

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში პროკურორის როლი არსებითია. პროკურატურა არის ორგანო, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კანონის უზენაესობის დაცვაში. პროკურორის თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს არამარტო ბრალდებულსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებზე, არამედ სრულიად საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, სამართლიანი და ასახავდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

წინამდებარე დოკუმენტი აყალიბებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებითაც პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თაობაზე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

დისკრეციული უფლებამოსილება მრავალმხრივი ინტერპრეტაციისა და ფართო ლავირების საშუალებას იძლევა. არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც კონკრეტული პირის უფლებებსა და ინტერესებს, ასევე მთელ საზოგადოებას. რეკომენდაციები მიზნად ისახავს პროკურორის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მოქცევას ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების ჩარჩოებში, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო სტრუქტურულს, თანმიმდევრულსა და გამჭვირვალეს გახდის, განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, ამასთან, ხელს შეუწყობს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შეძლებისდაგვარად ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ამავდროულად, პროკურორის გადაწყვეტილების თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს იმგვარად, რომ საფრთხე შეექმნას სისხლისსამართლებრივი სისტემის მოქნილობასა და ეფექტურობას, ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამიტომ, სახელმძღვანელო ჩამოყალიბებულია ზოგადი, სარეკომენდაციო პრინციპების სახით.

დოკუმენტის მიზანია გასწიოს ერთგვარი მეგზურობა სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას, მასში ასახულია ის ზოგადი პრინციპები და კრიტერიუმები, რაც დაეხმარება პროკურორს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში.

2. პროკურორის ძირითადი ფუნქციები, მიზნები და სახელმძღვანელო პრინციპები

ა) პროკურატურის ფუნქციები და ამოცანები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის („პროკურატურა“) თანახმად, „პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას“.

საქართველოს მთავარი პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობასა და სისხლისსამართლებრივ დევნას. პროკურატურის ძირითადი სახელმწიფოებრივი ფუნქციებია:

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზედამხედველობა გამოძიებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;

გარკვეულ შემთხვევებში გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია.

პროკურატურის ფუნქციები მიზნად ისახავს სისხლის სამართლის ზოგადი პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესრულებას. პროკურორთა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან. ეს ამოცანა გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას.

არანაკლებ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მართლმსაჯულების ეფექტურობის უზრუნველყოფა, რაც მიიღწევა პროკურორის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და მიუკერძოებული საქმიანობით. ეს საქმიანობა კი შეუძლებელია განხორციელდეს კანონით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, პროფესიული თუ ეთიკის ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა კეთილსინდისიერი დაცვის გარეშე.

ამავე დროს, საზოგადოებაში კანონის უზენაესობისა და პროკურორისადმი ნდობის განმტკიცება სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს პროკურატურის კეთილსინდისიერებასა და ობიექტურობაში, რაც შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი, სწორი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების გზით.

უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცება, საზოგადოებრივი წესრიგის, პირთა სამოქალაქო, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ნებისმიერი ხელყოფისაგან.

ბ) პროკურორის საქმიანობის ფუძემდებლური პრინციპები

პროკურორმა, როგორც საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ერთმნიშვნელოვნად უნდა დაიცვას კანონი, პროფესიული ეთიკის ნორმები და საზოგადო პრინციპები.

პროკურორის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაციული აზრის ან ქცევის გამოხატვა ან სხვისი პატივისა და ღირსების რაიმე სახით შელახვა. ვინაიდან პროკურორის ამოცანებში შედის კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცება, იგი უპირველეს ყოვლისა თავად არის ვალდებული დაიცვას კანონითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები.

პროკურორის ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ქმედება მუდამ უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს და იცავდეს მას; პატივს სცემდეს პიროვნების ღირსებას და სრულდებოდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით.

პროკურორის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას განსაკუთრებულ როლს თამაშობს მისი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა. ეს პრინციპები დაცულია მაშინ, როცა თითოეულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქმის სრულყოფილი და გონივრული გამოძიება, რომელიც უზრუნველყოფილია პროკურორის პროფესიული შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მაღალი ხარისხით.

 

3. პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას.

მნიშნველოვანია განიმარტოს, თუ როდის და რა გარემოებების არსებობისას უნდა მიიღოს პროკურორმა გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ.

სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს, თუ:

ა) სახეზეა დანაშაულებრივი ქმედება;

ბ) შეკრებილია მტკიცებულებები, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია კონკრეტული პირის მიერ.

დასაბუთებული ვარაუდი – ანუ ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა – არის ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად, აღნიშნული სტანდარტი მოწმდება მტკიცებულებითი ტესტის მეშვეობით.

დისკრეციული დევნის პრინციპის გათვალისწინებით, აღნიშნული ორი გარემოების არსებობა არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნის ავტომატურად დაწყების ვალდებულებას ან აუცილებლობას. თუმცა, ამავე დროს, ამ გარემოებათა არარსებობა თავისთავად გამორიცხავს დევნის დაწყების შესაძლებლობას.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი ხელმძღვანელობს კანონითა და ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპებით. ამას გარდა, გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს პროკურორის შინაგან რწმენასა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მსვლელობისას შეკრებილი მტკიცებულებები ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

– ჩაატაროს ან მოითხოვოს დამატებითი გამოძიების ჩატარება;

– დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა;

– უარი თქვას დევნის დაწყებაზე და გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი;

– უარი თქვას დევნის დაწყებაზე ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების გარეშე.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს ფართო დისკრეციით. თუმცა, არსებობს დადგენილი გარემოებები, რომლითაც პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების მიღებისას. უმთავრესია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. მასზე არ უნდა მოახდინოს გავლენა სუბიექტურმა ფაქტორებმა.

პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მიზანშეწონილი დევნის დაწყება კონკრეტულ შემთხვევაში.

პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ტესტით[1]: მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის ტესტით, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ე.წ. სრულ ტესტს. მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა დაიწყოს პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, ორივე ტესტი შეფასებითია, რაც პროკურორის მხრიდან განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომას საჭიროებს.

გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, როცა:

ა) საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს სასამართლოში მსჯავრდების რეალური პერსპექტივისათვის – მტკიცებულებითი ტესტი;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება საჯარო ინტერესით არის ნაკარნახევი – საჯარო ინტერესის ტესტი.

სრული ტესტის თითოეული ეტაპი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იქნეს განხილული საქმის გარემოებათა ანალიზისა და შეფასების გზით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიიღებული გადაწყვეტილება დევნის დაწყების/არდაწყების თუ გაგრძელების თაობაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებანი პროკურორმა უნდა მიიღოს მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმის სრულად გაანალიზება და საქმესთან მიმართებაში საჯარო ინტერესის სწორად შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს მოგვიანებით.

ა) მტკიცებულებითი ტესტი

პროკურორმა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ არ არსებობს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი ან/და თუ ნაკლებად მოსალოდნელია პირის ბრალეულობის დადასტურება სასამართლოს მიერ.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის აუცილებელი, პროკურორს ყველა ის მტკიცებულება ჰქონდეს ხელთ, რომელთა გამოყენებასაც სასამართლო განხილვაზე გეგმავს. საკმარისია, პროკურორი დარწმუნებული იყოს, რომ სასამართლო განხილვის სტადიაზე მას ხელთ ექნება კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნება პირის ბრალეულობის დასასაბუთებლად.

პირის მსჯავრდების რეალური პერსპექტივა პროკურორის მიერ ფასდება მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ეტაპზე პროკურორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს დაცვის მხარის არგუმენტები და ის, თუ რა ეფექტი შეიძლება მოახდინოს ამ მხარემ ბრალდების დასაბუთებაზე.

ბ) საჯარო ინტერესის ტესტი

მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულებითი ტესტი დაკმაყოფილებულია, პროკურორმა არ უნდა დაიწყოს დევნა, თუ დევნის დაწყება ეწინააღმდეგება საჯრო ინტერესს.

პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების არსებითი ნაწილია იმის გარკვევა, თუ რამდენად ემსახურება დევნის დაწყება არსებით საჯარო ინტერესს. პროკურორმა უნდა გააანალიზოს, არის თუ არა საჯარო ინტერესში დევნის დაწყება და დევნა არ უნდა დაიწყოს მაშინ, როცა დევნის საწინააღმდეგო საჯარო ინტერესი აშკარად გადაწონის პირის დასჯის ინტერესს. საჯარო ინტერესის განსაზღვრა უნდა მოხდეს სხვადახვა ფაქტორის გათვალისწინებით. ქვემოთ მოყვანილია არასრული ჩამონათვალი იმ გარემოებებისა, რომლებიც უნდა გაითვალიწინოს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული ჩამონათვალი არ იძლევა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ზუსტ ფორმულას, თუმცა ამ ფაქტორების გათვალისწინება და გაანალიზება არსებითია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დევნის დაწყების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორის შეფასებასა და დასკვნებს.

საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა გარემოება, მათ შორის:

ა) სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები;

ბ) დანაშაულის ბუნება და სიმძიმე;

) სისხლისსმართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა;

) პირის ბრალეულობის ხარისხი;

ე) პირის კრიმინალური წარსული;

ვ) გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი;

ზ) პიროვნული მახასიათებლები;

თ) მოსალოდნელი სასჯელი მსჯავრდების შემთხვევაში ან სხვა შედეგი.

ზემოაღნიშნული გარემოებანი არ არის ამომწურავი. ამავე დროს ყოველ კონკრეტულ საქმეში ყველა ფაქტორის განხილვა არ არის საჭირო, რადგან მათი განხილვის საჭიროება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე.

1. სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები

სახელმწიფოს რესურსი არ არის საკმარისი ყველა დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. სწორედ შეზღუდული რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით განისაზღვრება სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც გამოძიებისა და დევნის ორგანოთა მხრიდან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და რეაგირებას.

შესაბამისად, საჯარო ინტერესის განსაზღვრისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის კონკრეტული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა.

2. დანაშაულის ბუნება და სიმძიმე

სახელმწიფო რესურსი ნაკლებად უნდა დაიხარჯოს მცირე მნიშვნელობის დანაშულთა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. აქედან გამომდინარე, პროკურორმა უნდა გააანალიზოს დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი და დაადგინოს, რამდენად შეესაბამება საჯარო ინტერესს დევნის დაწყება კონკრეტულ დანაშაულზე. გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტობრივი თუ პოტენციური გავლენის განსაზღვრა, რაც შეიძლება დანაშაულს ჰქონდეს საზოგადოებასა თუ დაზარალებულზე.

დანაშაულის გავლენა საზოგადოებაზე სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე უნდა შეფასდეს. მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური, დამნაშავე შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს მოსახლეობას ან არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს.

შესაძლებელია საზოგადოება ნეგატიურად იყოს განწყობილი ამა თუ იმ პირის დასჯისადმი, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ დანაშაული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უმნიშვნელოა. ამრიგად, პროკურორმა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მან მხედველობაში უნდა მიიღოს საზოგადოებისადმი მიყენებული ეკონომიკური ზიანი, მოქალაქისადმი ან საჯარო ქონებისადმი მიყენებული ზიანი, წესრიგის დარღვევის ხარისხი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. პროკურორის საჯარო ვალდებულება და პროფესიული პასუხისმგებლობა ხშირად მოითხოვს მისგან საზოგადოებაში არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას.

დაზარალებულზე ზეგავლენის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნს ეკონომიკური, ფიზიკური და ფსიქიკური ფაქტორები. აუცილებელია დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა მახასიათებლების მხედველობაში მიღება. გასათვალისწინებელია აგრეთვე ზიანის ანაზღაურების ფაქტორი, თუმცა აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ შეიქმნას არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ თითქოს დამნაშავე მხოლოდ ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას.

მიუხედავად პროკურორის ვალდებულებისა დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი და არა რომელიმე ინდივიდი, მან ყოველთვის უნდა მიიღოს მხედველობაში დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესები დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

3. სისხლისსმართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დანაშაულის პრევენცია. პროკურორმა აუცილებლად უნდა მიიღოს ეს ფაქტორი მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქ დანაშაულთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია ცალკე აღებული დანაშაული უმნიშვნელო იყოს, თუმცა მისმა განმეორებით ჩადენამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და, აქედან გამომდინარე, მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პრევენციული თვალსაზრისით მიზანშეწონილი გახდეს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ პროკურორმა გაითვალისწინოს, თუ რამდენად მიღწევადია სასჯელის მიზნები სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე.

4. პირის ბრალეულობის ხარისხი

მაშინაც კი, როდესაც პროკურორს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად, აუცილებელია, რომ მან შეაფასოს ბრალის ხარისხი დანაშაულის სხვა მონაწილეების ბრალთან მიმართებით. შესაძლებელია დანაშაულის თანამონაწილის ბრალის ხარისხისა და მოტივის გათვალისწინებით პროკურორმა მართებულად ჩათვალოს სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმა. მაგალითად, თუ პირის მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში შედარებით მეორეხარისხოვანია და არ არის სახეზე დევნის განხორციელების სხვა ფაქტორები, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

5. პირის დანაშაულებრივი წარსული

დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს პირის დანაშაულებრივი წარსული. თუ პირი ნასამართლევია, ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მან წარსულში ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაადგინოს რა დანაშაულები აქვს პირს ჩადენილი და როდის, აგრეთვე რა კავშირი აქვს აღნიშნულ დანაშაულებს კონკრეტულ საქმესთან. იგივე პრინციპი გამოიყენება მაშინ, როცა პირის მიმართ არ არსებობს რაიმე სასამართლო გადაწყვეტილება, ის თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და სახეზეა სხვა ფაქტორები, რომელიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საწინააღმდეგოდ.

6. პირის თანამშრომლობის სურვილი

ბრალდებულის სუბიქტური დამოკიდებულება, კერძოდ კი მისი თანამშრომლობის სურვილი გამოძიებასთან არის კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება. ასევე გასათვალისწინებელია, უთანამშრომლია თუ არა ამ პირს სამართლდამცავ ორგანოებთან. თავისთავად პირის სურვილი, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, არ არის გადამწყვეტი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის აღმოჩენილი დახმარება შეიძლება გადაწონიდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ინტერესს.

7. პიროვნული მახასიათებლები

პიროვნული მახასიათებლები მნიშვნელოვანია დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, პირის ასაკის ან მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროკურორმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ დევნის დაწყება არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, როდესაც არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული და არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი დევნის განხორციელება. მეორე მხრივ, თუ პირი საჯარო მოხელეა და სავარაუდოდ, ბოროტად იყენებს საპასუხისმგებლო თანამდებობას, მაშინ დევნის დაწყება მიზანშეწონილია.

8. მოსალოდნელი სასჯელი

საჯარო ინტერესის შეფასებისას პროკურორმა უნდა გათვალოს სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო შედეგები და სავარაუდო სასჯელის ღონისძიება. ასევე უნდა განსაზღვროს, რამდენად შეესაბამება დევნის განხორციელებისთვის საჭირო დრო და რესურსები პირის პასუხისგებაში მიცემის ინტერესს. თუ პირი უკვე მსჯავრდებულია და იხდის სასჯელს, პროკურორმა უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ახალი დანაშაულისთვის მისი ხელახლა მიცემა პასუხისგებაში. უნდა გაირკვეს, მნიშვნელოვნად დაამძიმებს თუ არა პირის პასუხისმგებლობას ახალი სასჯელი. გათვალისწინებულ უნდა იქნს დევნის დაწყების პრევენციული მნიშვნელობაც. პროკურორმა მხედველობაში უნდა მიიღოს ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლოა, საჭირო იყოს პირის დანაშაულებრივი წარსულის ადევატურად ასახვის მიზნებისთვის. მაგალითად, თუ პირმა დაარღვია გირაოს პირობები, აუცილებელია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რადგან საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდეს ის რისკი, რაც ამ პირისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას შეიძლება ახლდეს თან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს განმსაზღვრელი ფაქტორები, რომელთა განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო ინტერესის შეფასებისას, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და გავლენა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ეს არის გამოძიებაზე დახარჯული დრო და რესურსი. გამოძიების პროცესში დახარჯული ყველაზე დიდი რესურსიც კი არ შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუ სახეზეა დანაშაული, რომლის სისხლისსამართლებრივი დევნა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით არ არის გამართლებული.

გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანშეწონილობაზე:

ა) ჩადენილი დანაშაული გავრცელებულია კონკრეტულ რეგიონში და სისტემატურ ხასიათის ატარებს;

ბ) სახეზეა განსაკუთრებით საშიში დანაშაული – წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, კორუფცია, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), იარაღის ან საშიში ძალადობით ჩადენილი დანაშაული და სხვა;

გ) სისხლისსამართლებრივ დევნას პოზიტიური გავლენა ექნება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე;

დ) დანაშაული ჩადენილ იქნა საზოგადოების სამსახურში მყოფი პირის მიმართ (მაგ., ნაფიცი მსაჯული ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, გადაუდებელი დახმარების მუშაკი, პოლიციის თანამშრომელი, სოციალური სამსახურის მუშაკი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე პირი და სხვა);

ე) დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად;

ვ) დანაშაულის ჩადენა დაკავშირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან;

ზ) დანაშაული ჩადენილია დისკრიმინაციული მოტივით (რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა შესაბამისი გარემოების საფუძველზე) ან როცა პირი მტრულად არის განწყობილი დაზარალებულის მიმართ ჩამოთვლილ ნიშანთა საფუძველზე;

თ) დანაშაული ჩადენილ იქნა სხვა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით;

ი) დანაშაული ჩადენილია მოწყვლადი პირის (არასრულწლოვანის, ორსული ქალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის და სხვ.) მიმართ;

გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანშეუწონლობაზე:

ა) სასჯელის მიზნები შესაძლოა მიღწეულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე;

ბ) მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა;

გ) პირმა აუნაზღაურა დაზარალებულს დანაკარგი ან მიყენებული ზიანი (თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს უარყოფილი მხოლოდ ამ საფუძვლით);

დ) დანაშაულის ჩადენასა და სასამართლო განხილვას შორის არსებობს დროის ხანგრძლივი მონაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ;

დანაშაული მძიმეა;

დაყოვნება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოწვეული იყო პირის ბრალით;

დიდი ხანი არ გასულა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების მიღებიდან;

დანაშაულის სირთულიდან გამომდინარე საჭირო იყო გრძელვადიანი გამოძიება;

არგახსნილ დანაშაულთა ხელახალი შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა ახალი საგამოძიებო ტექნიკა და ამის შედეგად გამოვლინდა დანაშაულის ჩამდენი პირი.

ე) პირს მიუძღვის უმნიშვნელო როლი დანაშაულის ჩადენაში.

ჩამოთვლილი პრინციპები და ფაქტორები არ არის ამომწურავი და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რამდენად შედის დევნის განხორციელება საჯარო ინტერესში, უნდა იქნეს მიღებული ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.



[1] ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ტერმინ „ტესტში“ იგულისხმება განსაზღვრული კრიტერიუმების ერთობლიობა.