დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის, ქონების ფლობისა და განკარგვის ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 21/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.103.016002 |
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2010 წლის 5 ოქტომბერი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის, ქონების ფლობისა და განკარგვის ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესასრულებლად მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის განხორციელების მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება დაიყოს ორ კატეგორიად:
ა) ძირითადი (განუსხვისებელი);
ბ) დამატებითი (გასასხვისებელი).
2. ძირითად კატერგორიას მიეკუთვნოს ქონება, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საფუძველს და გამოიყენება თვითმმართველობის ფუნქციების, ექსკლუზიური უფლებამოსილების შესასრულებლად, სახელდობრ:
ა) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობანი ან მათი ნაწილი მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობისათვის;
ბ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები, სასაფლაოები.
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხიდები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარეგანათების კონსტრუქციები, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები;
დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, კულტურის სხვა დაწესებულებები.
3. დამატებით ქონებას მიეკუთვნოს ქონება, რომლის გასხვისება შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
4. აყვანილ იქნა მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარეგანათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები, სასაფლაოები, არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, კულტურის სახლები და კულტურის სხვა დაწესებულებები და გატარებულ იქნეს საჯარო რეესტრში.
5. დაწესდეს ქონების გასხვისების შემდეგი წესი:
ა) დამატებითი ქონების გასხვისების, აუქციონის, იჯარის ფორმით გასასხვისებელი ქონების ნუსხას და გასხვისების ფორმებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობის წარდგინების საფუძველზე;
ბ) ძირითადი ქონებისა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქცია და ამის შესახებ იქნება გამგებლის დასაბუთებული წინადადება. ასეთ შემთხვევაში საკრებულო დადგენილებას იღებს სიითი შემადგენლობის 2/3-ით.
6. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ:
ა) დააზუსტოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონება და დაადგინოს ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადმოსაცემი ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხა. გასასხვისებელი ქონების ნუსხა წარმოუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად;
ბ) ცნობად იქნეს მიღებული, რომ სამინისტროდან გადმოცემულია ის ქონება, რომელიც აუცილებელია თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსახორციელებლად;
გ) განახორციელოს მონიტორინგი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გადმოცემული თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვაზე;
დ) იზრუნოს თვითმმართველობის ქონების მოვლა-პატრონობაზე, მშენებლობა-რეკონსტრუქციის და აღდგენით სამუშაოებზე; არ დაუშვას ქონებრივი უფლების განხორციელება მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად.
7. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
8. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები