“საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ”

“საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 02/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.10.003.000.284
150
31/08/2005
სსმ, 104, 02/09/2005
430.060.000.10.003.000.284
“საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №150

2005 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს პროფესიული განათლების თანდართული კონცეფცია.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                               ზ. ნოღაიდელი

 

საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია

 

წინამდებარე კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, „დასაქმების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების, განათლების სისტემის რეფორმის, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ამავე დროს იგი მოითხოვს ახალი საკანონმდებლო აქტების შემოღებასა და არსებულ საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტებში რიგი ცვლილებების შეტანას.

შესავალი

განვითარების თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფომ შეძლო პროფესიული განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებების პოტენციალის ნაწილობრივი შენარჩუნება, მათი საქმიანობის მიმართულებათა და ფუნქციათა კორექტირება, ქვეყნის განვითარების ეტაპების მიხედვით ამ სისტემის რეფორმირების სტრატეგიის განსაზღვრა. დღეს იცვლება პროფესიული განათლების პოლიტიკა, რომლის არსებით მხარესაც წინამდებარე კონცეფცია ასახავს. ამ კონცეფციის თანახმად, საქართველოს პროფესიული განათლება ხდება შრომის ბაზარზე ორიენტირებული და ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისი სისტემა.

პროფესიული განათლების ახალი სისტემის არსებობის პირობებში საგრძნობლად გაიზრდება პროფესიული სასწავლებლების დამოუკიდებლობის ხარისხი, გაფართოვდება მათი ფუნქციები, გაიზრდება უმაღლესი განათლების დაწესებულებების როლი პროფესიული განათლების ერთიან სისტემაში, განვითარდება თანამშრომლობა დასაქმებისა და შრომის ორგანოებთან, განმტკიცდება ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება მეწარმეობასთან პროფესიული განათლების ინტეგრაციისაკენ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული შესაძლებლობები, ნაწილობრივ, უკვე შექმნილია 1998 წლის დეკემბერში მიღებული საქართველოს კანონით „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“. ამასთანავე, შემდგომი წინსვლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რაც მოხსნის ძველი კანონით განპირობებულ მთელ რიგ წინააღმდეგობებს.

 

 

პრობლემა

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი 80 დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულება, მათ შორის უწყებრივი – 4, კერძო პროფესიული სასწავლებელი –184, რომლებშიც სწავლობს შესაბამისობრივი ჯგუფის მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,6%. რაც შეეხება საშუალო პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებს, ეგრეთ წოდებულ ტექნიკუმებს, მათ შორის 87 სახელმწიფო დაქვემდებარებაშია, 223 კი – კერძო.

საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მიწოდება ბევრად აღემატება მასზე არსებულ მოთხოვნას. ამასთან, სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებითი დისპროპორციაა: ჭარბობს მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელზე, ძირითადად კი მიეწოდება უმაღლესი განათლების მქონე კადრები.

განხორციელებული გამოკვლევის მიხედვით, დაქირავებული კადრების დიდი (40-42%) ნაწილი მუშაობს „პრინციპულად სხვა პროფესიით“, სრულიად სხვა სფეროში და ასრულებს პროფესიული განათლებით მიღებული კვალიფიკაციისაგან სრულიად განსხვავებულ სამუშაოს (IPM, „შრომის ბაზრის კვლევა“ საბოლოო ანგარიში, თბილისი, 2002). საქართველოში არ არსებობს ადამიანური რესურსების განვითარების ერთიანი კონცეფცია, დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა, ახალგაზრდათა და ზრდასრულთა პროფესიული მომზადებისა და დასაქმების პროცესების მართვის მექანიზმი. ნელი ტემპით ვითარდება სოციალური პარტნიორობის ინსტიტუტები და თანამშრომლობის პრაქტიკა.

შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის არაადეკვატურობა, ეროვნული ეკონომიკისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებაში მისი უფუნქციობა, დაბალი საზოგადოებრივი პრესტიჟი და სხვა თანამედროვე გამოწვევები გვიკარნახებენ ამ სისტემის რეფორმირებისა და მოდერნიზების აუცილებლობას. ამასთან, კვალიფიციური კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ევროკავშირთან საქართველოს სამეზობლო სტრატეგიული მიზნის გათვალისწინებით აუცილებელია, რომ პროფესიული განათლების ახალი პოლიტიკა დაეფუძნოს 2000 წელს ევროკავშირის მიერ მიღებული მემორანდუმის – „სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში“ – პრინციპებს.

საკითხის მოკლე ისტორია

პროფესიულ განათლებას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. ტრადიციულ ოსტატ-შეგირდობასთან ერთად უკვე მე-19 საუკუნეში ქართველ განმანათლებელთა მესვეურობით საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა მიმართულების სახელობო და სამეურნეო სკოლებს. შემდგომ ეტაპზე, მსხვილი საწარმოების გაჩენასთან ერთად, საქართველოში შეიქმნა პირველი საფაბრიკო-საქარხნო სკოლები, რომელთა ბაზაზე დღესაც კი მოქმედებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა ერთიანი საბჭოთა სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო და ახერხებდა სოციალისტური ეკონომიკისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. დღეს არსებული სისტემა პირდაპირი მემკვიდრეა საბჭოთა სისტემისა, რის გამოც იგი არ არის თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური.

წინამდებარე კონცეფცია ეფუძნება ლისაბონის სტრატეგიის შესაბამისად და კოპენჰაგენის პროცესის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე კვალიფიციური მუშახელისა და სპეციალისტების მობილურობის ამაღლების ძირითად პრინციპებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მსმენელებს, კურსდამთავრებულებსა და პედაგოგებს ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების, სწავლისა და დასაქმების საშუალებას მისცემს.

აღნიშნულ პროცესებს, ბუნებრივია, სოციალური მნიშვნელობაც ენიჭებათ. კონცეფციის მიხედვით, პროფესიული განათლება მიჩნეულია არა მხოლოდ დასაქმების საშუალებად, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარების, ადამიანის სოციალური დაცვისა და კეთილდღეობის საფუძვლადაც, ვინაიდან ამ პროცესში აქტიური მოქალაქის მონაწილეობა წარმოუდგენელია წარმატებული პროფესიული კარიერის გარეშე.

კონცეფციის მიხედვით, საქართველოში შეიქმნება პროფესიული განათლების ერთიანი სივრცე, სადაც იმოქმედებს გამჭოლი პროფესიული განათლების სისტემა სხვადასხვა დონის პროფესიული სწავლების ურთიერთდაკავშირებული პროგრამებით. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს თითოეული ადამიანისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სახელმწიფო ხელს შეუწყობს პროფესიულ განათლებაში საკუთრების სხვადასხვა ფორმის სასწავლო დაწესებულებათა შექმნას, ექსპერიმენტულ სწავლებას, ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების განვითარებას, შექმნის მისი აღიარების ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ლიცენზირება და აკრედიტაცია. ამასთან, კონცეფცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზება-ფუნქციონირება არ განეკუთვნება მხოლოდ ერთი, თუნდაც სამთავრობო უწყების კომპეტენციას. პროფესიული განათლება არის სახელმწიფოს, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების, პედაგოგებისა და მთლიანად საზოგადოების მუდმივი თანამშრომლობის, პარტნიორობისა და ურთიერთმოქმედების საგანი.

საქართველოს პროფესიული განათლების ძირითადი მახასიათებლები

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ორიენტაციის, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობისა და მობილურობის ამაღლების ამოცანებიდან გამომდინარე, კონცეფცია საქართველოს პროფესიული განათლების ძირითად მახასიათებლებად მიიჩნევს:

1. მიმზიდველობას, რაც გულისხმობს ყველა ასაკის ადამიანის დაინტერესებასა და მოზიდვას პროფესიული განათლების მისაღებად;

2. მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ამით მთელი სიცოცხლის განმავლობაში შრომითი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას;

3. სასწავლებლების ტიპებისა და მომზადების მიმართულებების, სასწავლო გეგმების მრავალფეროვნებას;

4. ხელმისაწვდომობას, რამაც უნდა შექმნას თითოეული ადამიანისათვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

5. ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების სისტემის ფუნქციების შესრულებას, დასახული მიზნების მიღწევასა და მომზადებული სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობას შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე;

6. თანამედროვეობას, რაც გულისხმობს საუკეთესო (ეროვნული და საერთაშორისო) გამოცდილების გამოყენებას პროფესიული განათლების ახალი სისტემის მშენებლობისას.

პროფესიული განათლების მიზნები და ამოცანები

საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:

1. მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პიროვნების პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

2. ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით;

3. დასაქმებული სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით;

4. ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის ადაპტაციის ხელშეწყობა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და თვითდასაქმების გზით.

დასახული მიზნების მისაღწევად პროფესიული განათლების ამოცანებია:

● საქართველოში ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება სწავლების უწყვეტობის, მრავალსაფეხურიანობის, მრავალფეროვნების საფუძველზე; პროფესიული განათლების გარდაქმნა ღია, დინამიკურად განვითარებად სახელმწიფო-საზოგადოებრივ სისტემად;

● საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის დაახლოება და ინტეგრაცია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან;

● პროფესიული განათლების ორიენტაცია ადგილობრივ (რეგიონალურ) მოთხოვნებზე; პროფესიული განათლების ქსელის ოპტიმიზაცია რეგიონალურ, განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნების გათვალისწინებით;

● ახალი ტიპის უმაღლესი პროფესიული სასწავლო დაწესებულების – კოლეჯების შექმნა უმაღლესი პროფესიული განათლების არააკადემიური, პროფესიული პროგრამების რეალიზაციის გზით;

● პროფესიულ განათლების ყველა საფეხურზე მოსწავლეთა, სტუდენტთა და მსმენელთა სასწავლო მუშაობის დაგეგმვისა და შეფასების ერთიანი, ეგრეთ წოდებული „კრედიტული სისტემის“ დანერგვა;

● მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადების ახალი პრაქტიკის გავრცელება ამ პროფესიების ევოლუციური განვითარების საფუძველზე პროფესიული პედაგოგიკის მიღწევების გამოყენებით;

● პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის შემუშავება-სრულყოფა;

● სათანადო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების განვითარება შესაბამისი პროფესიული სტანდარტებისა და თითოეულ პროფესიაში საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე;

● ახალი ტიპის პროფესიული სასწავლო დაწესებულებების – პროფესიული მომზადების ცენტრების შექმნა, რომლებიც კომპლექსურად გადაწყვეტენ პროფესიული განათლების ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ახალგაზრდათა და ზრდასრულთა პროფესიული განათლება და მომზადება-გადამზადება;

● პროფესიული კვალიფიკაციების შეფასების, აღიარებისა და მინიჭების ახალი სისტემის ფორმირება.

კონცეფცია ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და პროფესიულ თვითდამკვიდრებაში პროფესიული განათლებისა და მომზადების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ამასთანავე, იგი ითვალისწინებს მოსახლეობის იმ ჯგუფებსაც, რომელთაც ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ასეთი ჯგუფებია:

1. დევნილები, მიუსაფრები, ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვები და სხვა კატეგორიის რისკ-ჯგუფები, მათი სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

2. ინვალიდები და უნარშეზღუდულები, მათი დასაქმების შესაძლებლობების გამოვლენისა და სოციალიზაციის მიზნით;

3. დროებით უმუშევრები, რომელთა კვალიფიკაცია უნდა მიესადაგოს შრომის ბაზრის ახალ მოთხოვნებს;

4. სოციალურად გაუცხოებული პირები, მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური კორექციისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;

5. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები, სამოქალაქო პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებაში მათი ადაპტაციის უზრუნველყოფის მიზნით;

6. პატიმრები, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომი საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და ადაპტაციის უზრუნველყოფის მიზნით;

7. მიგრანტები, სამშობლოში მათი პროფესიული ადაპტაციის მიზნით;

8. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ჯგუფები.

კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დასაქმებული ადამიანების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განახლებას, პროფესიულ მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე წარმოების კულტურისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების უმთავრეს წინაპირობას.

კონცეფცია ამახვილებს ყურადღებას ქალთა პროფესიულ განათლებაზე, როგორც მათი დამოუკიდებლობისა და სოციალური პრესტიჟის ამაღლების საშუალებაზე.

საქართველოს ერთიანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცე და პროფესიული განათლების გამჭოლი სისტემა

საქართველოს პროფესიული განათლება განათლების ერთიანი ეროვნული სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ცოდნას დაფუძნებულ საზოგადოებაზე გადასვლის თანამედროვე პირობებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების ერთიანი სტრატეგიის პრინციპებს ემყარება.

საქართველოს ერთიანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცე მოიცავს პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობის სუბიექტებსა და მისით დაინტერესებულ მხარეებსაც. ესენი არიან: მოსწავლეები, სტუდენტები და მსმენელები, პედაგოგ-ინსტრუქტორები და სხვადასხვა დონის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საფეხურის სასწავლებლები, დამსაქმებლები და მათი გაერთიანებები, პროფესიული კავშირები, პროფესიული ასოციაციები, დასაქმების სამსახურები, მოსახლეობის სოციალური დაცვის სამსახურები და სხვ.

კონცეფციის საფუძველია პროფესიული განათლების გამჭოლი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეყრდნობა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის მიერ 1997 წელს მიღებულ განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას (International Standard Classification of Education, ISCED-97) და კოპენჰაგენის პროცესის რეკომენდაციებს. კონცეფცია პროფესიული განათლების სამ დონეს განასხვავებს: დაწყებითს, საშუალოსა და უმაღლესს. იგი განიხილავს თითოეული მათგანის დანიშნულებას, მიზანს, ხანგრძლივობას, მოთხოვნებსა და მიმართებას სწავლების სხვა საფეხურებთან. პროფესიული განათლების სხვადასხვა დონეს შორის კავშირისათვის შემოთავაზებულია კრედიტების ჩათვლის ევროპული სისტემის (European Credit Transfer System, ECTS) გამოყენება. პროფესიულ განათლებაში სასწავლო კრედიტების შემოღების მიზანია პროფესიული მომზადების სხვადასხვა ფორმისა და დონის გამჭვირვალობის, შედარებითობისა და მობილურობის უზრუნველყოფა. ამანვე უნდა შეუწყოს ხელი ევროპის პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას.

კრედიტების სისტემის გამოყენება, სასწავლო პროგრამების სათანადო შეჯერების საფუძველზე, საშუალებას იძლევა პროფესიული განათლების ერთ საფეხურზე ან ერთ სპეციალობაში მიღებული კრედიტები ჩაითვალოს სწავლების სხვა საფეხურზე ან სხვა პროგრამაში. მაგალითად, როდესაც უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა მოიცავს აკადემიური უმაღლესი განათლების პროგრამებში წარმოდგენილ სასწავლო კურსებს, საკრედიტო სისტემა საშუალებას იძლევა მათში მიღებული კრედიტები ჩაითვალოს საბაკალავრო პროგრამებში.

 ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ფორმის პროფესიული სასწავლებლები დამოუკიდებლად, ესე იგი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მონაწილეობის გარეშე, ვერ უზრუნველყოფენ პროფესიულ სწავლებასთან შერწყმული სრული საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობას. ამასთანავე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, სათანადო რესურსული პოტენციალის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოაწყონ პროფესიული სწავლებაც.

პირველი ორი დონის (დაწყებითი და საშუალო) პროფესიული განათლების პროგრამები აიგება სავალდებულო 9-წლიანი სასკოლო განათლების ბაზაზე, ანუ შესაბამისი პროფესიების დაუფლებისათვის საკმარისია საბაზო ზოგადი განათლება. არსებითად, ისინი ერთი და იმავე ტიპის, ეგრეთ წოდებული პროფესიული მომზადების პროგრამებია. მათ შორის განსხვავება ძირითადად სწავლების ხანგრძლივობით იქნება განპირობებული, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია მისაღები კვალიფიკაციის სასურველ დონეზე. თავის მხრივ, სწავლების პერიოდი დამოკიდებულია მისაღწევ (სასურველ) საკვალიფიკაციო დონეზე და/ან პროფესიის ათვისების სირთულეზე. ამ ტიპის პროგრამებით მომზადება განხორციელდება პროფესიული სწავლების ცენტრებში, რომლებიც იმუშავებენ უწყვეტი პროფესიული განათლების რეალიზების პრინციპით და პროფესიული მომზადების ისეთ ფორმებსაც გამოიყენებენ, როგორიცაა ზრდასრულთა სწავლება, პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის სრულყოფა და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნული ცენტრების ბაზაზე გაივლიან მომზადების პრაქტიკულ ნაწილს საშუალო სკოლების ის მოსწავლეები, რომლებიც მოინდომებენ სრული საშუალო განათლების კურსის შეთავსებას პროფესიული კვალიფიკაციის მიღებასთან.

პროფესიული განათლების მესამე დონის პროგრამები უმაღლესი განათლების პროგრამებს წარმოადგენენ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (მ.2, პ.46), უმაღლესი განათლება არის საშუალოს შემდგომი განათლება. შესაბამისად, პროფესიული განათლების მესამე დონის პროგრამები აიგება სრული საშუალო განათლების საფუძველზე. განსხვავებული მოთხოვნები ზოგადი განათლების საბაზო დონის მიმართ განპირობებულია იმით, რომ პროფესიონალთა წრე პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: შემსრულებლებად და გადაწყვეტილების მიმღებებად. პირველს შეადგენენ დაწყებითი და საშუალო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები, მეორეს – უმაღლესი პროფესიული სწავლების პროგრამებით მომზადებული სპეციალისტები. ბუნებრივია, რომ ასეთი დაყოფა განაპირობებს განსხვავებულ მოთხოვნებს როგორც კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ისე მათი საწყისი ზოგადი მომზადების მიმართაც. დღევანდელი საშუალო პროფესიული, ეგრეთ წოდებული ტექნიკუმის დონის განათლების შესაბამისი კვალიფიკაცია ხშირად სპეციალისტთა მეორე ჯგუფის შესატყვისია. ამიტომაც სათანადო პროგრამების გარკვეული გაძლიერების შემდეგ ისინი სავსებით შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმაღლესი განათლების ნაირსახეობად.

აღნიშნული წინადადების რეალიზაციის საშუალებაა არსებული საშუალო-პროფესიული სასწავლებლების (ტექნიკუმების) დიფერენცირება მოსამზადებელი პროფესიების, მატერიალურ-რესურსული და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო პოტენციალის გათვალისწინებითა და აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენებით. სათანადო აკრედიტაციის საფუძველზე პროფესიული სასწავლებლების უმეტესობა გარდაიქმნება კოლეჯებად და ორგანიზაციულად დაუკავშირდება უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებს. ისინი, ძირითადად, უზრუნველყოფენ დიპლომიანი სპეციალისტების მოსამზადებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას. იმ საშუალო პროფესიული სასწავლებლების მეორე ნაწილი, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ საუნივერსიტეტო კოლეჯებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, გაერთიანდებიან პროფესიული სწავლების ცენტრების შემადგენლობაში დღევანდელ დაწყებით პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად.

კონცეფციის მიხედვით, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ცხრაწლიანი სავალდებულო საბაზო განათლების დასრულების საფუძველზე, რის შემდეგაც მოსწავლის წინაშე ორი ვარიანტი დგება (იხ. ნახაზი). პირველია ერთ- ან ორწლიანი მომზადების გავლა პროფესიული სწავლების ცენტრში, დაწყებითი ან საშუალო პროფესიული განათლების მიღების მიზნით. კურსდამთავრებულს მიეცემა სახელმწიფო პროფესიული განათლების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს შეძენილ სახელობო კვალიფიკაციას.

ხაზგასასმელია, რომ გარკვეული პროფესიების დაუფლება შესაძლებელია სრული ზოგადი განათლების მიღების პარალელურად, ესე იგი საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად. ამის საფუძველია ის, რომ სრული საშუალო განათლების ერთიანი სასწავლო გეგმის არჩევით ნაწილში ერთ-ერთ ალტერნატივად შევა პროფესიული მომზადებაც. პროფესიული სწავლების ცენტრის კურსდამთავრებული, რომელიც მარტო პროფესიულ სერტიფიკატს ფლობს, ვერ განაგრძობს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, თუ კი არ შეივსებს ზოგადი მომზადების დონეს სრული საშუალო განათლების ნიშნულამდე.

უმაღლესი პროფესიული განათლება სამსაფეხურიანია. მის მეორე (მაგისტრატურა) და მესამე (დოქტორანტურა) საფეხურებს შემოთავაზებულ კონცეფციაში არ განვიხილავთ. პირველ საფეხურზე კი იწარმოებს სპეციალისტების პარალელური მომზადება ეროვნული პროფესიული დიპლომის ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

პროფესიული დიპლომი ადასტურებს პროფესიონალ-პრაქტიკოსის კვალიფიკაციას. ასეთი სწავლების მიზანია პროფესიონალ-პრაქტიკოსის მომზადება და მისი „სწრაფი“ გაყვანა შრომის ბაზარზე. ამიტომ შესაბამისი პროგრამების ხანგრძლივობა შედარებით ნაკლები იქნება (ორი-სამი წელი) და ისინი თეორიული და ზოგადსაგანმანათლებლო საკითხების მხოლოდ აუცილებელი მინიმუმის გაცნობას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ ასეთ პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაუბარებლად მოხდება. კონკურსის შემთხვევაში კი გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის სწავლის შედეგები საშუალო სკოლაში ან სხვა დამატებითი პირობები, რომლებსაც თავად სასწავლებელი დაადგენს.

უმაღლესი პროფესიული მომზადების ზემოაღწერილი, ეგრეთ წოდებული „ტრანსფერული“ პროგრამები მეთოდურად და შინაარსობრივად დაკავშირებული იქნება შესაბამის საბაკალავრო პროგრამებთან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, გადავიდნენ ერთი ტიპის პროგრამის ათვისებიდან მეორეზე. კერძოდ, ECTS-ის რეკომენდაციის შესაბამისად, 2-წლიანი ტრანსფერული პროგრამის წარმატებული დასრულება კურსდამთავრებულისათვის 120 კრედიტის მინიჭებით აღინიშნება. ეს მისცემს მას საშუალებას შემდგომში სწავლა გააგრძელოს 4-წლიანი ბაკალავრიატის მე-3 კურსიდან.

ეროვნული პროფესიული დიპლომის მფლობელი პირდაპირ ვერ გააგრძელებს სწავლას უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე – მაგისტრატურაში. ამის უფლება აქვთ მხოლოდ ბაკალავრებს, რომელთა მომზადების პროგრამები შესაბამისი საგნების თეორიული საფუძვლების გაფართოებულ სწავლებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ასეთი პროგრამების ხანგრძლივობაც მეტია – 4 წელი და იგი 240 ECTS კრედიტის მინიჭებით მთავრდება. მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად დიპლომიანმა სპეციალისტმა უნდა გაიაროს დამატებითი აკადემიური პროგრამა, დააგროვოს კიდევ 120 კრედიტი უკვე ბაკალავრის ხარისხის მიმნიჭებელ უმაღლეს სასწავლებელში (უნივერსიტეტში).

ხაზგასასმელია, რომ შრომის ბაზარზე ერთი და იმავე მიმართულების როგორც ბაკალავრის, ისე დიპლომიანი სპეციალისტის „ფასი“ ერთნაირია, ვინაიდან მათი სწავლების პროგრამების სპეციალურ-პროფესიული ნაწილი პრაქტიკულად იდენტურია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ბაკალავრი პირველი საფეხურის დასრულებისთანავე მზად იქნება სწავლის მომდევნო პერიოდისათვის კვლევითი ხასიათის პროგრამებით ან ისეთი პროფესიების დაუფლებისათვის, რომლებიც მოსწავლისაგან საშუალო განათლებაზე უფრო მაღალი დონის საწყის მომზადებას მოითხოვს. აღნიშნულის შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნება სათანადო სასწავლო პროგრამებში სპეციალურ დისციპლინათა სამეცნიერო-თეორიული საფუძვლების გაღრმავებული შესწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, კონცეფცია, მთელი ცხოვრების განმავლობაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობათა გათვალისწინებით, განიხილავს პროფესიული სწავლების შემდეგ ფორმებსაც:

 

 

 

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, რომელთა მიზანია უწყვეტი სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით ხელი შეუწყონ გარკვეული პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პიროვნებას ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში ან არსებულის გაღრმავებაში უწყვეტი სწავლების პრინციპზე დაყრდნობით, რაც პროფესიულ კარიერაში მისი წინსვლის საფუძვლად გადაიქცევა. პროგრამების ხანგრძლივობა, როგორც წესი, იქნება ნახევარ წელზე ნაკლები. ასეთი პროგრამების რეალიზებისათვის უნდა არსებობდეს სწავლების სხვადასხვა ფორმა (დაუსწრებელი და დისტანციური სწავლება, საღამოს კურსები და ა.შ.). პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს შესაბამის კვალიფიკაციას.

ასეთი პროგრამები განხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული განათლების ცენტრებში, უნივერსიტეტებში, საწარმოებში და ა.შ.

ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები მოემსახურება შრომის ბაზრის პოლიტიკის მიზნებს. მათი განხორციელება ნაკარნახები იქნება როგორც დღევანდელი რეალობით, ისე იმ გარემოებით, რომ ამ პროგრამების არსებობა, ტექნიკური პროგრესის პირობებში, მომავალშიც აუცილებელი იქნება. ხსენებული მოკლევადიანი (მაქსიმუმ ნახევარწლიანი) პროგრამები დაეხმარება ზრდასრულ (18 წელზე უფროს) მოქალაქეებს შრომის ბაზარზე რეინტეგრაციასა და ახალ პირობებთან შეგუებაში. ასეთი პროგრამების რეალიზება უპირველესად პროფესიული განათლების ცენტრებში მოხდება. პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ მსმენელს მიენიჭება პროფესიული კვალიფიკაცია, რაც დადასტურებული იქნება პროფესიული სერტიფიკატით. ვინაიდან ზრდასრულთა სასწავლო პროგრამები ძირითადად პროფგანათლების ცენტრებში განხორციელდება, მათი მატერიალური და მეთოდური აღჭურვილობა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სწავლებაში გამოყენებული სამრეწველო ტექნოლოგიების დონე და ა.შ., მოსწავლეთა ამ კატეგორიის მოლოდინის შესაბამისი უნდა იყოს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ოპტიმიზაცია

უწყვეტი პროფესიული განათლების კონცეფციის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულებათა ქსელის ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის პროცესი უნდა განვითარდეს რეგიონალური მახასიათებლების, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ადგილობრივი ინდიკატორების (დემოგრაფიული მდგომარეობა, რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა კლასების მიხედვით, 9 კლასისა და საშუალო სკოლადამთავრებულთა შემდგომი საქმიანობა, მოსახლეობის კვალიფიკაცია, განსაკუთრებული მოთხოვნილებების მქონე ჯგუფების მონაცემები, მოთხოვნა ახალ კვალიფიკაციებზე), პროფესიული განათლების მომხმარებელთა ზრდისა (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლების პრინციპი, ზრდასრულთა პროფესიული განათლება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა პროფესიული სწავლება) და საცხოვრებელ ადგილთან პროფესიული განათლების მიახლოების ევროპული მოთხოვნების საფუძველზე.

პროფესიული კვალიფიკაციების სისტემა, კვალიფიკაციების შეფასება, დადასტურება და მინიჭება

კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის ჩამოყალიბება, მოსამზადებელი პროფესიების ჩამონათვალის გადასინჯვა შრომის ბაზრის მოთხოვნების, ასევე ეკონომიკური საქმიანობისა და დასაქმების საერთაშორისო და ეროვნული კლასიფიკატორების საფუძველზე, პროფესიული კვალიფიკაციების გაზომვისა და შეფასების ერთიანი და შესადარი სისტემის ფორმირება.

კონცეფციის მიხედვით, პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კვალიფიკაციათა ორი ჯგუფი:

1. პროფესიული კვალიფიკაციები, რომელთა დაუფლება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ფორმალური განათლების ფარგლებში და რომელთა მინიჭება მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და სათანადო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მოხდება.

2. კვალიფიკაციები, რომელთა დაუფლება შესაძლებელია არაფორმალურ გარემოში, რაიმე სასწავლო პროგრამის გავლის გარეშეც, და რომელთა შესაბამისი კვალიფიკაცია მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებული ჩაბარების საფუძველზე მიენიჭება.

პირველი სახის კვალიფიკაციების მისაღებად სასწავლო პროცესის ორგანიზება მოითხოვს შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირებასა და სათანადო პროგრამულ აკრედიტაციას.

პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის შემუშავების მიზანია პროფესიათა სისტემატიზაცია დასაქმებისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციების შესაბამისად, პროფესიული კვალიფიკაციების შეფასების ერთიანი და შესადარი სისტემის ჩამოყალიბება, პროფესიული სტანდარტების შესამუშავებლად წინაპირობების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის საფუძველზე ხდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება. ეს საქმიანობა ნაწილობრივ უკვე შესრულებულია დაწყებითი პროფესიული განათლების სფეროში ევროპის განათლების ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, ანუ სავალდებულო შრომითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითოეულ პროფესიაში. პროფესიულ სტანდარტებს ამუშავებენ პროფესიული საბჭოები შრომისა და დასაქმების, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან და დამსაქმებლებთან ერთად. რაც შეეხება საგანმანათლებლო სტანდარტებს, მათი შექმნა განათლების სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება.

კონცეფციაში შემოთავაზებულია პროფესიული კვალიფიკაციების შეფასების, დადასტურებისა და მინიჭების პრინციპულად ახალი სისტემა და ამ მიზნით პროფესიული საბჭოების ფორმირების იდეა. ასეთი საბჭოების შემადგენლობაში შევლენ: პროფესიული საქმიანობის შესაბამისი სფეროს ექსპერტები, დამსაქმებლები, პროფესიული გაერთიანებების (ასოციაციების, კავშირების და ა.შ.) წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მუშაკები და ა.შ.

პროფესიული საბჭოების საქმიანობის მიზანია:

● პროფესიული კვალიფიკაციების ეროვნული სისტემის შემუშავება;

● პროფესიული სტანდარტების შემუშავება;

● პროფესიული კვალიფიკაციების შეფასების, შეფასების, დადასტურებისა და მინიჭების სისტემის ფორმირება;

● შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიული სტანდარტების სრულყოფის მექანიზმის ჩამოყალიბება.

პროფესიული საბჭოების საქმიანობის კოორდინაციასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მეწარმეობის ასახვა პროფესიულ განათლებაში

საბაზრო ეკონომიკის პირობებში პიროვნული თვითდამკვიდრებისა და საქმიანობისათვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული განათლების შერწყმა სამეწარმეო განათლებასთან. პროფესიულმა სწავლებამ საკუთარ „მომხმარებელს“ უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ დაქირავებული შრომისათვის საჭირო პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ მისცეს მას საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობაც. ფაქტობრივად, ეს არის ახალი მიმართულება პროფესიულ განათლებაში, რომლის საფუძველია განათლებასა და ბიზნესს შორის საქმიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება, სამეწარმეო კულტურის დანერგვა სასწავლო დაწესებულების როგორც სამრეწველო, ისე პედაგოგიურ საქმიანობაში. კარგი შედეგის მომცემია სწავლების პროცესში მოსწავლის მუშაობა ისეთ ბიზნეს პროექტებზე, რო-მელთა დანიშნულება სასწავლო-საწარმოო საქმიანობის კომერციალიზაცია იქნება.

უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების კიდევ ერთი პირობაა პროფესიული ორიენტაციის სისტემის ჩამოყალიბება. ამ საკითხის აქტუალურობა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული. ესენია: საქართველოს მოსახლეობის უპირატესი ორიენტაცია უმაღლეს აკადემიურ განათლებაზე და, შესაბამისად, სახელობო განათლების დაბალი იმიჯი საზოგადოებაში, პროფესიული სასწავლო დაწესებულებების არაადეკვატურობა ეკონომიკის საბაზრო მექანიზმებისადმი, ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირე და სხვ. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის მე-8, მე-9 კლასებისა და სრული საშუალო განათლების საფეხურზე პროფესიული ორიენტაციის სისტემის შექმნა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიული ორიენტაციის სისტემის ამოქმედება პროფესიული განათლების მომხმარებელი ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც ზრდასრულთა სწავლების ფარგლებში მოიაზრება.

საზოგადოებრივი თანამშრომლობა პროფესიულ განათლებაში და პასუხისმგებლობის გადანაწილება

პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობა ეფუძნება სახელმწიფოს, დამსაქმებლებს, პროფესიულ კავშირებსა და საზოგადოებრივ სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მუდმივ სოციალურ დიალოგს. ამ საკითხზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ სწორედ დამსაქმებლებსა და სასწავლო ორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობის უქონლობა წარმოშობს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ წინაღობას საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებისას.

კონცეფცია ითვალისწინებს:

● საზოგადოებრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას;

● სახელმწიფო და რეგიონალურ დონეებზე პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის მოდელის შექმნას;

● ტერიტორიული და დარგობრივი პრინციპების გათვალისწინებით სახელმწიფო და რეგიონალურ დონეებზე პროფესიულ განათლებაში სოციალური დაკვეთის ასახვის საკვანძო მექანიზმის შექმნას;

● პროფესიულ განათლებაში დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინების სისტემის ჩამოყალიბებას.

კონცეფცია ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლებთან თანამშრომლობის გააქტიურებას, კერძოდ ისინი უნდა მონაწილეობდნენ სწავლების შინაარსის ჩამოყალიბებასა და სასწავლო სტანდარტების შემუშავებაში, კვალიფიკაციების მინიჭებაში და ა.შ. აუცილებელია მათი ჩაბმა პროფესიული სწავლების პროცესშიც, დაწყებული პროფესიული ორიენტაციის პროგრამებიდან. საწარმოებში სასწავლო პრაქტიკის შესაძლებლობის შექმნა, როგორც მოსწავლეთა და სტუდენტთათვის, ისე პედაგოგიური პერსონალის მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით, პროფესიულ განათლებაში ბიზნესის მონაწილეობის უმნიშვნელოვანესი მიმართულება უნდა გახდეს. ცხადია, სახელმწიფო შესაბამისი ღონისძიებებით (საგადასახადო შეღავათები და სხვ.) ხელს უნდა უწყობდეს დამსაქმებელთა დაინტერესებას პროფესიულ განათლებაში მონაწილეობით.

პროფესიული განათლების სისტემის მართვა

პროფესიული განათლების ახალი სისტემა მოითხოვს მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი პრინციპებია:

- ფუნქციების გადანაწილება სახელმწიფო, რეგიონალურ დონეებსა და სოციალურ პარტნიორებს შო-რის;

- სასწავლებლებთან სამეურვეო საბჭოების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

- მართვის რეგიონალური მოდელის შექმნა;

- სახელმწიფო და რეგიონალურ დონეებზე პროფესიული განათლების შესაძლებლობათა ჩართვა საინვესტიციო პროექტებში;

- რეგიონალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას პროფესიული განათლების სფეროში ინვესტირების გათვალისწინება და სხვ.

პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მხარდასაჭერად შეიქმნება „პროფესიული განათლების განვითარების ფონდი“, რომლის ფინანსური რესურსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) ქველმოქმედებით მიღებული შემოწირულობები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების პროფესიული განათლების საკითხები, კერძოდ კი სწავლების ენის პრობლემა. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად („კოპენჰაგენის დოკუმენტის“ 34-ე მუხლი, „ჰააგის რეკომენდაციები“ 1996 და ა.შ.) ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების უფლებაა ისწავლონ მშობლიური ენა ან ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ეს უფლება სრულად ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებას აქვს სათანადო რესურსები და მოსახლეობის აღნიშნული კატეგორია საკმარისად არის დაუფლებული სახელმწიფო ენას. ვინაიდან საქართველოში ასეთი პირობები ჯერ არ არის შექმნილი, მიგვაჩნია, რომ პროფგანათლების პროგრამების რეალიზება ეროვნულ უმცირესობათა ენაზე ნაადრევია და დღეს ასეთი პროგრამების არსებობა მხოლოდ კურსდამთავრებულთა ქვეყნისაგან გაუცხოებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ზემოხსენებულ უფლებებს, მათი შესრულება უნდა მოხდეს სახელმწიფო ენაზე შეთავაზებული სასწავლო პროგრამებში ენის შემსწავლელი დამატებითი კურსის შეტანის მეშვეობით.