დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 26/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.282 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №148
2005 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება“;
2. მე-3 მუხლის „ჰ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;“.
3. მე-3 მუხლის „ჰ.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;“.
4. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ბ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ვ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ლ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა;
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
პ) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, ცვლილების შეტანა, განახლება და გაუქმება, კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
რ) ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის), ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ტ) დამტკიცებული გაწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
უ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ფ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;“.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები