დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 08/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/2010 - 14/09/2011)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2010 წლის 30 სექტემბერი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულება (დანართი№1).
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 5 დეკემბრის №11 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. სახანძრო დაცვის სამსახური
1. სახანძრო დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის საქმიანობის განხორციელებას – ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ადგილობრივი თვითმმათველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთვარი სპეციალისტი – ცვლის უფროსი;
გ) წამყვანი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში;
დ) წამყვანი სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;
ე) წამყვანი სპეციალისტი – რაზმის უფროსი;
ვ) სპეციალისტი მეხანძრე – მაშველი;
ზ) სპეციალისტი – უფროსი მძღოლი;
თ) სპეციალისტი – მძღოლი.
2. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.
5. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დღეისათვის საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი გავლის წესი განისაზღვრება დებულებით „სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და ხანძრების შედეგებიდან გამომდინარე სამაშველო საქმინობის განხორციელებას – ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, კერძოდ:
ა) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობისათვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას, მათ მუდმივ მზადყოფნას;
ბ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას, შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობისა და სხვა სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფას, აგრეთვე სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობისათვის ზომების მიღებას;
გ) მუნიციპალურ სამსახურებთან და სხვა ორგანიზაციებთან საერთო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას, ხანძრების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში მოქმედების ერთიანი გეგმის შემუშავებას;
დ) სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა-კონტროლს, სამსახურის პირადი შემადგენლობის თანამდებობების პირების პროფესიულ მომზადებას, ტაქტიკური სწავლებების, შეკრებების, ტრენინგების ჩატარებას;
ე) შეიმუშავებს გლობალური ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ხანძარზე გასვლის განრიგსა და გეგმას, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 6 ივნისის №571 ბრძანების შესაბამისად;
ვ) დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას, გამოძახებათა რეგისტრაციას, ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული ჯგუფების შექმნას;
ზ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მუდმივ მზადყოფნას, გაუმართაობების ოპერატიულად აღმოფხვრას, ტექნიკის მოვლა-პატრონობის კონტროლს, აგრეთვე საავარიო-სამაშველო მოწყობილობების, სათავსების, სხვადასხვა სახის ინვენტარის მორიგე ცვლებისათვის გადაბარების წესების დაცვას, სახანძრო-სამაშველო-სამწყობრო მომზადების ნორმატივების შესრულებისათვის ზომების მიღებას;
თ) სახანძრო ავტომობილებზე სახანძრო და სამაშველო ტექნიკური შეიარაღების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვისა და მოვლის უზრუნველყოფას;
ი) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესრულებას. დანაყოფის გასვლას რაიონში, ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი აფეთქებასაშიში თუ ხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, წყალმომარაგების, გასასვლელების, ქუჩების შემოვლითი გზების და სხვა მახასიათებლების ცოდნის კონტროლს.
2. სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. დებულების ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები