სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.014.943
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №146
2010 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ. III, 2010წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე4 პუნქტები:
„3. დასაშვებია მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა მინდობილობის/რწუნებულების გამცემის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასატურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეო- ფაილის სახით. მინდობილობის/რწმუნებულების ტექსტში (ან დამადასტურებელ წარწერაში) უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმების თაობაზე.
4. კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისას მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პირის ნაცვლად და მისი თხოვნით, ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები