დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 10/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №225
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებით (სსმ, 2009 წელი, №155, III ნაწილი, მუხლი 1833) დამტკიცებულ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობები
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ განცხადების შემოტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდსა (პერიოდები) და გადასახადების/სანქციების სახეებზე მითითებით.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდსა (პერიოდები) და გადასახადების სახეებზე მითითებით.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ვალდებულებაზე, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.
4. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სახელმწიფო ენაზე, უნდა ასახავდეს მონაცემებს გადასახადის გადამხდელისა და გადასახადების შესახებ, წინადადებას საგადასახადო შეთანხმების შესახებ, ამასთან, ცალკეული შემთხვევების შესაბამისად, შემდეგ მონაცემებს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) საგადასახადო დავალიანების, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობას, დამატებით დარიცხვის საფუძვლებში აღნიშნული გადასახადის სახეებისა და პერიოდის (პერიოდები) მითითებით;
გ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე შეტანილი განცხადების შემთხვევაში, არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით ვალდებულებების წარმოშობის პერიოდის (პერიოდები) მითითებით;
დ) საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის მისაღები გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობასა და გადახდის ვადას;
ე) გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვას შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ვ) გადასახადის გადამხდელის ან/და წარმომადგენლის ხელმოწერასა და ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში დროულად (გონივრულ ვადაში) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.“.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შედეგები
1. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე (პერიოდები) ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადები) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება.
2. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და დაკისრებული სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდსა (პერიოდები) და გადასახადის (გადასახადები) სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).
3. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადები) სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა).
4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის/მიზანშეუწონლობის თაობაზე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები