ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
596
05/08/2010
სსმ, 96, 04/08/2010
000000000.00.000.000000
ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2010 - 08/02/2013)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 596

2010 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს „ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 აპრილის №288 განკარგულებით შექმნილი ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის (შემდეგში – კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესისა და უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის მიზნები და ამოცანები

1. კომისიის მიზანია საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკისა და მისი შედეგების შესწავლა.

2. კომისიის ამოცანაა საფუძვლიან სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული დასკვნა-რეპორტის მომზადება, რომელიც სრულად აღწერს საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებს.

3. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა-რეპორტის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 დეკემბერი.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს წინადადებები შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების თაობაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.

    მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის აღმასრულებელი მდივნისაგან.

2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ კონსულტანტები.

3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით.

4. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც.

    მუხლი 5. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს და იღებს გადაწყვეტილებებს კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) ამზადებს კომისიის საბოლოო დასკვნა-რეპორტს;

გ) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

დ) დებს შრომით ხელშეკრულებებს კონსულტანტებთან და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია კომისიის საქმიანობისათვის;

ვ) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. კომისიის აღმასრულებელი მდივანი

1. კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის აღმასრულებელი მდივანი:

ა) ამზადებს კომისიის სხდომებს, კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა ნუსხას;

ბ) განიხილავს და კომისიას წარუდგენს კონსულტანტების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;

დ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 7. კონსულტანტები და მათი უფლება-მოვალეობები

1. კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დადოს შრომითი ხელშეკრულებები შესაბამისი სპეციალობის პირებთან (კონსულტანტებთან) და განუსაზღვროს მათ ფუნქციები და შრომის ანაზღაურება.

2. კონსულტანტი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინოს თავისი წინადადებები და მოსაზრებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში;

დ) კომისიისგან მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ე) კომისიის აღმასრულებელ მდივანს მიმართოს წინადადებებით ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების თაობაზე;

ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 8. კომისიის საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 9. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისია საქმიანობას წყვეტს 2010 წლის 24 დეკემბერს.