დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 15/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.050.000.10.003.000.534 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №150
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით ლიცენზიის გასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი განცხადება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის თაობაზე. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა თან უნდა დაერთოს წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები.“;
გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“;
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა
ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:
ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;
ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;
გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები