„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 31/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.015120
  • Word
686
31/08/2010
სსმ, 108, 31/08/2010
200250000.22.033.015120
„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.015.120

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 686

2010 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.2007 წ., №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის შესახებ.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „13“ პუნქტი:

„13. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური საინფორმაციო ვებ-გვერდის (შემდგომში – ვებგვერდი) გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.“.

3. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანების 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას, განცხადებას, საჩივარს ან სხვა დოკუმენტს/წერილს, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნას“, ბრძანებას, შეტყობინებას ან სხვა დოკუმენტს/წერილს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.“.

4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ პუნქტი:

„51. თუ ვერ ხერხდება პირისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

5. ბრძანების „61“ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი (დანართი №2);“.

6. ბრძანების „61“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი (დანართი №6).“.

7. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

8. ბრძანებას დაემატოს დანართი №6 თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  კ. ბაინდურაშვილი

დანართი 2

გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ონლაინ რეჟიმში ელექტრონული ფორმით მიმოწერასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ელექტრონული ფორმით მიმოწერა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (შემდგომში – ვებგვერდი) მეშვეობით.

3. გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი და ვებელექტრონული ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ დოკუმენტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

4. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარდგენის, გაგზავნის და განხილვისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დოკუმენტების წარდგენის, გაგზავნისა და განხილვისათვის დადგენილი წესები, ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით.

5. გადასახადის გადამხდელს მის მიერ შესაბამის სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილურ ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება წარდგენილი დოკუმენტის მიღების დამადასტურებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.

6. ელექტრონული ფორმით დოკუმენტის გაგზავნის თაობაზე შეტყობინების მიზნით გადასახადის გადამხდელს მობილურ ტელეფონის ნომერზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, ხოლო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსდება ვებ-გვერდსა და მის ელექტრონულ ფოსტაზე.

7. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ელექტრონული ფორმით დოკუმენტის წარდგენის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი ვებგვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდზე.

10. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლა შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული ფორმით წარდგენილი/გაგზავნილი დოკუმენტის თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა;

გ) ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;

დ) გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.

11. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადასახადის გადამხდელის ვებბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: I E ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

    მუხლი 2. გადასახადის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:

ა) საგადასახადო ორგანოსგან მოითხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;

ბ) ელექტრონული ფორმით მიმოწერისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეჩერება;

გ) დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

დ) განახორციელოს დოკუმენტების წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით) წარდგენა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მისი ელექტრონული ფორმით წარდგენას.

2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი წარუდგინოს წერილობითი ფორმით.

    მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენა;

ბ) განახორციელოს დოკუმენტების წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით) გაგზავნა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მისი ელექტრონული ფორმით გაგზავნას.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

ა) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე;

ბ) განსაზღვროს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განაცხადის და ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღებაზე/გაგზავნაზე და შესაბამის რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები;

გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დოკუმენტის მიღება ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით;

დ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს გადასახადის გადამხდელს დოკუმენტის ელექტრონულად გაგზავნის თაობაზე ამ წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;

ე) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადასახადის გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტი;

ვ) ელექტრონული ფორმით მიმოწერის სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი ვითარების გამოსწორებამდე;

ზ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შენახვა, წერილობითი დოკუმენტის შენახვისათვის დადგენილი ვადით.

    მუხლი 4. ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეწყვეტა

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი და გადავიდეს მიმოწერის წერილობით ფორმაზე.

დანართი 3

 _________________________________

 საგადასახადო ორგანოს დასახელება

 _________________________________

 გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და /

 _________________________________

 გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი

 

განაცხადი

ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ

გთხოვთ გადამიყვანოთ საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების რეჟიმზე 20__ წლის ____ ___________-დან.

ელექტრონული ფორმით წარდგენილი/გაგზავნილი დოკუმენტის თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნოთ _________ მობილური ტელეფონის ნომერზე, „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით გათვალისწინებული წესით.

 _______________________________

 გადასახადის გადამხდელის

 

(მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა

 

დანართი 6

ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი არეგულირებს საგადასახადო ორგანოს მიერ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის (შემდგომში – დოკუმენტი) საჯაროდ გავრცელების პროცედურას.

    მუხლი 2. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების პირობები

1. თუ ვერ ხერხდება პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

2. თუ პირი არ არის ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე გადასული, ითვლება, რომ პირისათვის ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის მოქმედება.

    მუხლი 3. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების პროცედურა

1. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე.

2. საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და იმ გაზეთში გამოქვეყნების საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტი პირისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში მასობრივად გავრცელებულ გაზეთში განთავსებიდან მე-20 სამუშაო დღეს.