დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №248
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №99 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 532) დამტკიცებულ „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირს უფლება აქვს (გარდა მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, პირს გააჩნია სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “ASYCUDA“-ში.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენელს უფლება აქვს (გარდა მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, წარმომადგენელს გააჩნია სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. საბანკო გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის შემოტანამდე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;“.
3. წესსა და პირობებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის შევსების პირობები
1. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო.
2. საფოსტო გზავნილით საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის შევსების უფლება აქვს საქონლის (საქონელთა ჯგუფის) მიმღებ პირს (გარდა ფიზიკური პირისა) ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები