„სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების გრანტის გაცემის წესის შესახებ“

  • Word
„სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების გრანტის გაცემის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 23/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
171
23/06/2010
სსმ, 74, 23/06/2010
000000000.00.000.000000
„სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების გრანტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2010 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების გრანტის გაცემის წესის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსი­მალუ­რად ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მე­ც­ნი­ე­რე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზ­ნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის „პ ქვეპუნქტის, ,,გრანტების შესახებ სა­ქა­რ­თველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორ­მატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს სასწავლო-შემეცნებითი კო­მ­პი­უტერული პროგრამების გრანტის გაცემის თანდართული წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                                                         ნ. გილაური 

 

სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების გრანტის გაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე  ტექნო­ლოგიებით აღჭურვის პროცესში სასწავლო-შემეცნებითი კომპი­უ­ტერული პროგრამების დანერგვა, განსაკუთრებით სრული ზო­გადი განათლების დაწყებით საფეხურზე, არის სასწავლო პრო­ცესში ელექტრონული საშუალებების ეფექტიანი გამოყენების  ერთ-ერთი საშუალება.

2. ეს წესი არეგულირებს სასწავლო-შემეცნებითი კომპიუ­ტე­რული პროგრამების გრანტის (შემდგომში – გრანტი) მისა­ღებად კონკურსის გამართვის, საგრანტო განაცხადების შეფა­სების, გრანტის გაცემისა და  საგრანტო პროექტის შესრუ­ლე­ბის პირობებს.

    მუხლი 2. გრანტის მიზანი

1. გრანტის გაცემის მიზანია ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შექმნის ფინანსური უზრუნველყოფა.

2. გრანტით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ზოგადსაგან­მანათლებლო სკოლების ეროვნული სასწავლო გეგმის მო­თხოვ­ნათა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომე­ლიც სრული ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფე­ხურის მოსწავლეს დაეხმარება სასწავლო პროგრამის უკეთ ათვისე­ბაში, საპროგრამო მასალისადმი ინტერესის გაღვივებაში, ინ­ფორ­მაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენე­ბის უნარების განვითარებაში.

    მუხლი 3. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. გრანტის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) ღია კონ­კურსის წესით.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტით საგრანტო კონკურსის გამართვის, საგრანტო განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე  საგრანტო განაცხადის ფორმების დამ­ტკიცებას;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ შეფასებული და შერჩეული პროექტების დაფინანსებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდე­ბულებებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის 64 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სა­მეც­ნიერო ფონდის წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული წესი.    

 

    მუხლი 4. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები

1. დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებზე გასა­ცემი გრანტების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხის 30% მიმართული იქნება იმ საგრანტო პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებენ უკვე არსებული კომპიუტერული პროგრამების სახელმწიფო ენა­ზე თარგმნას, ხოლო 70% – იმ საგრანტო პროექტებზე, რომლე­ბიც ითვალისწინებენ სახელმწიფო ენაზე ახალი კომპიუტერული პროგრამების შექმნას.

2. კომპიუტერული პროგრამა დასაფინანსებლად შეირჩევა შემდეგი თემატური მიმართულებებით:

ა) მათემატიკა;

ბ) ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია;

გ) ისტორია, გეოგრაფია;

დ) ქართული ენა და ლიტერატურა;

ე) უცხო ენები.

3. გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მო­ქალაქე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა, აგრეთვე საქარ­თველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქა­ლაქეობის არმქონე პირი და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.

    მუხლი 5. საგრანტო კონკურსის ეტაპები და პირობები

1. საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია:

ა) პროექტების მომზადება და  ფონდში წარდგენა;

ბ) კომისიის მიერ პროექტების შეფასება და გამარ­ჯვებულთა გამოვლენა თემატური მიმართულებების მიხედვით;

გ) დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტის დამტკიცება კომისიის მიერ;

დ) ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

2. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი შინაარსობრივად უნდა მოიცავდეს სრული ზოგადი განათლების სულ მცირე დაწყებით საფეხურს.

    მუხლი 6. საგრანტო პროექტების შეფასებისა და შერჩევის უზრუნველყოფა

1. ფონდში წარდგენილი საგრანტო პროექტების შეფასებასა და შერჩევას ახორციელებს კომისია.

2. კომისიის შემადგენლობა ყალიბდება სსიპ – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საგნობრივი ექსპერტების, აკადემიური წრეებიდან მოწვეული ექსპერტებისა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული სხვა პირებისაგან.

    მუხლი 7. საგრანტო პროექტის განხილვაში, შეფასებასა და დამტკიცებაში მონაწილეობის დაუშვებლობა

 

1. საგრანტო პროექტის განხილვაში, შეფასებასა ან/და დამ­ტკიცებაში დაუშვებელია საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრა­ციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებულ პირთა მო­ნაწილეობა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პირი შესაბამისი გარე­მოების არსებობის შემთხვევაში ვალდებულია, კომისიასა და ფონდს აცნობოს თვითაცილების შესახებ.

    მუხლი 8. საგრანტო ხელშეკრულების პირობები

1.  გამარჯვებული საგრანტო პროექტების წარმდგენ პირებ­თან ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებებს.

2. საგრანტო ხელშეკრულება კანონმდებლობით გათვა­ლისწინებულ სხვა პირობებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს ფონდის მიერ საგრანტო დაფინანსების გადარიცხვის ვალდე­ბულებას კომისიის მიერ საგრანტო პროექტით გათვალის­წინებული პირობების შესრულებულად მიჩნევის შემდეგ.    

    მუხლი 9. საგრანტო პროექტების შესრულება

პროექტების შესრულების შემდეგ კომპიუტერული პროგ­რამები განთავსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს ვებგვერდზე, მისი შემდგომი არაკომერ­ციული მიზნებით მოხმარების, თავისუფალი ჩატვირთვის, ჩვენე­ბის, მუშაობის, გადაცემის, ადაპტირებისა თუ სისტემატიზების მიზნით.