დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისიტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 01/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016007 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №176
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში (სსმ III, 14.07.2010წ., №85, მუხ.1234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებით დამტკიცებული დროებითი წესის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);
ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ვ) ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წყარო და თარიღი;
ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;
ი) საერთაშორისო ხელშეკრულებების შემთხვევაში მისი მიღების ადგილი და ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების შესახებ.“;
დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში.
2. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.“;
ე) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია | 29 |
| 2 | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი | 30 |
| 3 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება | 31 |
| 4 | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება | 32 |
| 5 | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება | 33 |
| 6 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება | 34 |
| 7 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი | 51 |
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება | 35 |
| 2 | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება | 36 |
| 3 | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება | 37 |
| 4 | ქ. თბილისის მერის ბრძანება | 52 |
| 5 | ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება | 53 |
“;
ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო | 056 |
| 2 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა | 057 |
| 3 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი | 058 |
| 4 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია | 059 |
| 5 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო | 060 |
| 6 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა | 061 |
| 7 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი | 062 |
| 8 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია | 063 |
“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები