დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 07/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №117
2008 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, №3, 1998 წ., მუხ. 73) დამტკიცებულ ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების III თავის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მივლინებაში გაგზავნა და დაბრუნება ფორმდება სამხედრო ნაწილის მეთაურის (უფროსის) ბრძანებით და მისავლინებელ პირს მიეცემა სამივლინებო ფურცელი და შესაბამისი სამივლინებო ხარჯები.
6. რიგითები (მატროსები), სერჟანტები (მიჩმანები) ვალდებული არიან დროულად გამოცხადდნენ მივლინების პუნქტში, მოახსენონ შესაბამისი სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) მეთაურს (უფროსს) თავიანთი გამოცხადების შესახებ, დადგნენ აღრიცხვაზე, ფულად და სასურსათო კმაყოფაზე, ხოლო მივლინების ვადის დამთავრების შემდეგ დადგენილ ვადაში დაბრუნდნენ თავიანთ სამხედრო ნაწილში. მივლინების ხარჯებს გაიღებს სამხედრო ნაწილი. თუ მივლინებისას სამხედრო მოსამსახურე დგება სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ფულად და სასურსათო კმაყოფაზე, სამივლინებო ხარჯებიდან ანაზღაურდება მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები. ტრანსპორტირების ხარჯები არ ანაზღაურდება, თუ სამხედრო მოსამსახურის ტრანსპორტირება ხდება შესაბამისი უწყების სატრანსპორტო საშუალებით“;
ბ) დებულების IV თავის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) თუ სამხედრო მოსამსახურეს შეეფარდა სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა (მათ შორის, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის), მიუხედავად თავისუფლების აღკვეთის ვადისა, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე“;
გ) დებულების IV თავის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას სამხედრო მოსამსახურე აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს დარჩენილი ვადით. ამასთან, პატიმრობის პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში არ ჩაითვლება“;
დ) დებულების VI თავს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,21. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კაპრალის თანამდებობაზე მიიღებიან რეზერვის რიგითები და კაპრალები, აგრეთვე წვევამდელები 18 წლის ასაკიდან. კაპრალის თანამდებობაზე დანიშვნამდე რეზერვის რიგითი, წვევამდელი 18 წლის ასაკიდან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კაპრალის წოდების მქონე რეზერვისტი გადის სპეციალურ შერჩევა-რეკრუტირებას, რომლის პერიოდშიც მას არა აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. ამ პერიოდში იგი განთავსდება ყაზარმაში და შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსის ბრძანებით დგება სასურსათო კმაყოფაზე. რეკრუტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პირს მიენიჭება კაპრალის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში“;
ე) დებულებას დაემატოს XIII თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი XIII
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამშვიდობო ძალებში სამსახურის გავლის სპეციალური წესები
1. ამ თავში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შეიარაღებული კონფლიქტის ზონა – საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ის ტერიტორია, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები წარგზავნილები არიან საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და მის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოების ზონა;
ბ) სამშვიდობო ოპერაციები – მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და/ან აღდგენის ოპერაციები;
გ) სამშვიდობო ძალები – სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი სამხედრო დანაყოფები (ოცეული, ასეული, ბატალიონი, ბრიგადა და სხვა) და სამშვიდობო ძალების შტაბი (მათ შორის, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობები).
2. სამხედრო დანაყოფი, რომელსაც დაეკისრება სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების ვალდებულება, იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რიცხოვნობისა და ჯარის სახეობების ფარგლებში. მითითებულ ბრძანებაში აისახება დანაყოფის რიცხოვნება და მისი დაკომპლექტების წესი, ამ დანაყოფის დანიშნულების ადგილი და უფლებამოსილების პერიოდი. დანაყოფის შემადგენლობის როტაცია ხდება პერიოდის დასრულებისთანავე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
3. სამშვიდობო ძალებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. ეს პერიოდი გამოითვლება შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე ზონაში გამგზავრებისა და ზონიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.
4. სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში გამგზავრება, როგორც წესი, ხდება მისთვის სამსახურის გავლის ადგილად შეიარაღებული კონფლიქტის ზონის განსაზღვრის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სამშვიდობო ძალების შტაბის წარმომადგენლების გამგზავრება – მივლინების საფუძველზე.
5. ამ თავის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა ფულადი სარგო ორმაგი ოდენობით ან ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობა და კომპენსირების მიზნით, სამშვიდობო ოპერაციების მაღალი რისკის დონის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი. თუ დანამატი ტოლია ან აღემატება მეორე ფულადი სარგოს ოდენობას, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა ფულადი სარგო ერთმაგი ოდენობით. თუ დანამატი ნაკლებია მეორე ფულადი სარგოს ოდენობაზე, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა ორმაგი ფულადი სარგო და არ მიეცემა დანამატი“;
ვ) დებულებას დაემატოს XIV თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი XIV
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების, შრომის ანაზღაურების, სამუშაო დროის და სამსახურის გავლის სხვა თავისებურებანი
1. ყველა სახის სამხედრო მოსამსახურის მივლინება ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ დებულებით ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის აქტით. მივლინების ბრძანებით განისაზღვრება მივლინების ვადა, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმა, სასურსათო კმაყოფაზე აყვანის, მგზავრობისა და განთავსების საკითხი.
2. თუ მივლინების ბრძანებით განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ობიექტში ფულად ან/და სასურსათო კმაყოფაზე დადგომის ან/და განთავსების საკითხი, სამხედრო მოსამსახურეს არ აუნაზღაურდება შესაბამისი სამივლინებო (სადღეღამისო ან/და საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული) ხარჯები. ეს პუნქტი არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებზე.
3. გარდა მივლინების ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურის ფულად, ასევე სხვა სახის კმაყოფაზე დადგომა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამხედრო მოსამსახურე შესაბამისი თანამდებობის პირის ბრძანებით დაინიშნება თანამდებობაზე ან ჩაირიცხება სამხედრო ნაწილში. დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს ფულადი ანაზღაურება მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დღიდან, რაზეც გამოიცემა უშუალო უფროსის ან მეთაურის ბრძანება. ბრძანებაში უნდა აისახოს სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ადგილზე გამოცხადებისა და მის მიერ სამხედრო სამსახურის ფაქტობრივად დაწყების თარიღი.
4. სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პერიოდი, აგრეთვე მის განსაზღვრაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
5. სამხედრო მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში:
ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
ბ) წვრთნების პერიოდში;
გ) საყარაულო განწესის დროს;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6. სამხედრო მოსამსახურის სასურსათო კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები