დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 30/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016017 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №781
2010 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 332) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი, საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს თავისი და ახლო ნათესავების დაბადების და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის ან ატესტატის ასლებს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1-ს, ფოტოსურათების – 3X4 და 9X12 – 2-2 ეგზემპლარს (ელექტრონული ვერსიით), ცნობას სასწავლებლიდან, ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გულმკერდის რენტგენოსკოპიას, ცნობებს აღრიცხვის შესახებ ფსიქონევროლოგიური და ნარკოლოგიური დისპანსერებიდან, პირადი საქმის შედგენისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას სამსახურის მოთხოვნით.
13. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ დებულების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს უნდა წარუდგინოს აღნიშნული დოკუმენტების დედნები.
14. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატს საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ ეძლევა მიმართვა სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში სპეციალური-საექიმო კომისიის გასავლელად.
15. სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის დასრულების შემდეგ სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური-საექიმო კომისიის დასკვნას.
16. ვარგისიანობაზე სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები იბარებენ საკონტრაქტო მოსამსახურეების კანდიდატების ფიზიკურ ნორმატივებს.
17. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ახდენს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატისა და მისი ახლო ნათესავების სპეციალურ შესწავლას.”;
ბ) დებულების 173 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„173. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი არის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
18. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.“;
გ) დებულების 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ მოსამსახურე, თავისი სურვილით და უშუალო უფროსის შუამდგომლობით, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვამდე სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში ვარგისიანობაზე განმეორებითი სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.“;
დ) დებულების 30-ე და 31-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, სამსახურის სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული წესით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ორკვირიანი შვებულება, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა. საკონტრაქტო მოსამსახურეს ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, აგრეთვე მოკლევადიანი შვებულება მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ან აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
31. შვებულება ფორმდება სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოში. საკონტრაქტო მოსამსახურეს ეძლევა შვებულების ფურცელი, რომლის ფორმაც განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ე) დებულების 36-ე და 37-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე საკონტრაქტო მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომელიც ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ამასთან, საკონტრაქტო მოსამსახურე სამედიცინო შემოწმებას გადის სამსახურის შესაბამის სამედიცინო დანაყოფში, რისთვისაც უშუალო ხელმძღვანელი დროებით ათავისუფლებს მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. საკონტრაქტო მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფასის შენარჩუნებით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, და მისი ხანგრძლივობა საკონტრაქტო სამსახურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. თუ ამ ვადების გასვლის შემდეგ მოსამსახურე ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად.
37. ამ დებულების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა განმეორდება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე, კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამსახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გასცემს სამხედრო ბილეთს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ოქტომბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები