დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 17/06/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 21/06/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 400020010.16.009.014759 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.014.759
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის დადგენილება №6
2010 წლის 17 ივნისი
ქ. ქუთაისი
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 01.12.2008წ. №170, მუხ.1748) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-18 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან ორი კვირის ვადაში. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების მილსადენის დიამეტრს;
გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მოხმარების დასაშვებ მოცულობას;
დ) წყალარინების ქსელზე მიერთების ადგილს;
ე) წყალარინების ქსელში ჩამდინარე სითხის დასაშვებ მოცულობას.“.
2. 27-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებელთა წყალმომარაგება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი პირობით:
ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2011 წლიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;
ბ) ქ. თბილისის სასმელი წყლით მომარაგება ახალი საზღვრების ფარგლებში 2015 წლიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;
გ) ქ. მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება 2011 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) არმქონე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით:
ა) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი ვალდებულია:
ა.ა) 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს გამართული სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს;
ა.ბ) 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) საკუთარი ხარჯით მოუწყობლობისა და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ სასმელი წყლის უმრიცხველოდ მოხმარების შემთხვევაში, 2010 წლის პირველ ოქტომბრიდან მოხმარებული სასმელი წყლის საფასური გადაიხადოს ამ პუნქტის ,,დ.ა.“ ქვეპუნქტის მიხედვით.
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი უფლებამოსილია:
ბ.ა) საკუთარი ხარჯით მესამე პირისგან შეიძინოს მიმწოდებლის მიერ ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შეთავაზებული სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველი) მოწყობილობები, რომლებსაც დასამონტაჟებლად წარუდგენს შესაბამის მიმწოდებელს;
ბ.ბ) მოითხოვოს და შეთანხმების შემთხვევაში მიმწოდებელთან დადოს ხელშეკრულება სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობასთან დაკავშირებული საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია:
გ.ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში წერილობით განუმარტოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომ მას ეკისრება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) საკუთარი ხარჯით მოწყობის ვალდებულება, აგრეთვე, ამ პუნქტით გათვალისწინებული მისი სხვა უფლება-მოვალეობებისა და უმრიცხველოდ მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვის წესის შესახებ;
გ.ბ) ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად და მინიმალური დანახარჯების პრინციპის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში წარუდგინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
გ.გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში დაამონტაჟოს სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძი (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველი);
გ.დ) მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობით მიღებული შემოსავლისა და ამ შემოსავლით შექმნილი აქტივები აღრიცხოს განცალკევებულად და აღნიშნული ინფორმაცია სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობის ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ყოველი თვის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას.
დ) მიმწოდებელი უფლებამოსილია:
დ.ა) იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელმაც 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე ვერ უზრუნველყო საკუთარი ხარჯით სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობა და ამ ვადის გასვლის შემდგომ სასმელ წყალს მოიხმარს მრიცხველის გარეშე, გადასახდელად დაარიცხოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური მომხმარებლის მიერ გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 12-საათიანი გამოყენების ნამრავლით;
დ.ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან დადოს ხელშეკრულება სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის) მონტაჟის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ.
ე) სასმელი წლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობის ღირებულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს არ უბრუნდება და, ამასთან, მის საფუძველზე შექმნილი აქტივები არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
დოკუმენტის კომენტარები