დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 02/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 04/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.19.012.014707 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.19.012.014.707
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №13
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანებაში (სსმ III, 18.02.2010, №19, მუხ. 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“–„ს“ ქვეპუნქტები:
„ო) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
პ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჟ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
რ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ს) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. სააგენტო უფლებამოსილია მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ კანონით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“.
4. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. სააგენტოს ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. სააგენტო ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავ-შირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ სააგენტოსთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სააგენტომ დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) სააგენტოსთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სააგენტო ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის-თანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები