დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 13/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290090000.18.011.014979 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.979
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №112/01
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №70 ბრძანებით (სსმ III, 23.03.2007წ., №40, მუხ. 468) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების შესავალი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საბანკო სისტემაში პლასტიკური ბარათებით ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების წესს, არეგულირებს ყველა ტიპის საბანკო ბარათის (საკრედიტო, სადებეტო, კორპორაციული, პერსონიფიცირებული და არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის და სხვ.) ემისიასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს ოპერაციების სახეებს, მასში მონაწილე მხარეებს და მათ უფლება-მოვალეობებს, ემიტენტსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესს და გასათვალისწინებელ არსებით საკითხთა ნუსხას, რის საფუძველზეც მოხდება მხარეების ინტერესების დაცვა და გაამარტივებს დავათა გადაწყვეტის გზებს მათი წარმოშობის შემთხვევაში.“.
2. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბანკო პლასტიკური ბარათი – საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს საანგარიშსწორებო საშუალებას საქონლის ან მიღებული მომსახურების საფასურის გადასახდელად, ნაღდი ფულის მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად (ტექსტში მოხსენებულია როგორც „საბანკო პლასტიკური ბარათი“, „საბანკო ბარათი“, „პლასტიკური ბარათი“ ან „ბარათი“);“;
ბ) „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საბანკო ბარათების ემისია – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბარათების გამოშვებასთან, ბანკში გახსნილ ანგარიშებთან (პერსონალურ საბარათე ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშებთან), გაცემული ბარათების ოპერაციების წარმოებასა და კლიენტების სააგარიშსწორებო-საკასო მომსახურებასთან;
დ) ემიტენტი – სათანადო ლიცენზიის მქონე მონაწილე ბანკი, რომელიც ახდენს საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიას, წარმართავს ბარათით მოსარგებლე პირების ანგარიშებს, უფლებამოსილია აწარმოოს საანგარიშსწორებო ოპერაციები;
ე) ავტორიზაცია – ემიტენტი ბანკის მიერ ბარათით ოპერაციის შესრულების შესახებ თანხმობის ან უარის მიღების პროცედურა. ავტორიზაციის პროცესში სრულდება ბარათის მფლობელის ელექტრონული იდენტიფიკაცია, მოწმდება ბარათის ნამდვილობა, პინ-კოდის სისწორე (ონლაინ/ოფლაინ) და/ან ბარათის მფლობელის ხელმოწერა. პოსტ-ტერმინალის ან ბანკომატის მეშვეობით ოპერაციის საწარმოებლად მოწმდება შესაბამისი სახსრების არსებობა და ბარათის მფლობელს ენიჭება უფლება სათანადო ოპერაციის შესასრულებლად. ოპერაციის პროცესში (ონლაინ რეჟიმში) ბარათის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ემიტენტი ბანკის საპროცესინგო ცენტრს, სადაც გენერირდება ავტორიზაციის კოდი და უბრუნდება უკან მომსახურების ობიექტს;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ბარათის მფლობელი (კლიენტი) – ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი;“;
დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) კორპორაციული ბარათი – სადებეტო ან საკრედიტო საბანკო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები. ბარათზე ამოტვიფრული უნდა იყოს ბარათით მოსარგებლე პირის სახელი და გვარი, იურიდიული პირის დასახელების მითითება კი განისაზღვრება ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით;“;
ე) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი კლიენტის პერსონალური საბანკო ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო და საკრედიტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები;“;
ვ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს1“ ქვეპუნქტი:
„ს1) საერთო (კუმულატიური) ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აისახება ყველა პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ან არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან დაკავშირებული ოპერაციები;“;
ზ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“ ქვეპუნქტები:
„ფ) სადებეტო ბარათი – ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშებზე არსებული თანხები;
ქ) საკრედიტო ბარათი – ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ოდენობით (ხარჯვის ლიმიტის ფარგლებში). საკრედიტო დავალიანების აღრიცხვის მიზნით, ბარათის მფლობელის სახელზე ბანკში იხსნება პერსონალური ანგარიში;
ღ) პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი – ბარათი, რომელიც სავალდებულო სახით არ საჭიროებს პერსონალური საბარათე ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ კლიენტის საკუთარი თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება). ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
ყ) არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი - ბარათი, რომელიც ემიტენტსა და ბარათის შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა გადაცემულ იქნეს სხვა ფიზიკური პირისათვის (შემდგომში – ბარათის მფლობელი). აღნიშნული ბარათი სავალდებულო სახით არ საჭიროებს პერსონალური საბარათე ანგარიშის გახსნას, ასევე ბარათზე სახელისა და გვარის მითითებას. მასზე ოპერაციები სრულდება მხოლოდ საკუთარი თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება);
შ) ბარათის შემძენი:
შ.ა) ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს პირადი სარგებლობისთვის ან სხვა ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად;
შ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად.“.
3. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბანკო პლასტიკური ბარათების გამოშვება და გაცემა, მათი პერსონიფიცირება, ბარათებით წარმოებული ოპერაციების განსაზღვრა, ანგარიშგება, ეკვაირინგი, მიმოქცევიდან ამოღებული ბარათების აღრიცხვა, მათი გაუქმება, და სხვა ოპერაციები სრულდება ემიტენტის ან საერთაშორისო საბარათე საგადახდო სისტემის მიერ შემუშავებული ტექნიკური პროცედურების, ამ დებულების, საქართველოს სხვა კანონმდებლობის, ბანკის შიდა დებულებისა და კლიენტსა და ემიტენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. სადებეტო, საკრედიტო ან პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის არასანქცირებული მოხმარებისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს მოცემული მექნიზმებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ:
ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან. თუ სადებეტო, საკრედიტო ან პერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათზე არ არის ხელმოწერა ან ვერ ხერხდება ხელმოწერის შედარება, მაშინ უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია (პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით). წარმატებული იდენტიფიკაციის შემთხვევაში ბარათის მფლობელს უნდა მოეთხოვოს ბარათზე ხელმოწერა. თუ წარმატებული იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს;
ბ) პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (პინ-კოდი);
გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს პლასტიკური ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC ან CVV2) ან იდენტიფიკაციის შედეგად მინიჭებული პაროლი;
დ) დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის პლასტიკურ ბარათზე დატანა.“;
ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბარათზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.
7. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე საბარათე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).
8. საბანკო პლასტიკური ბარათის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირების მიზნით, ბარათს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელექტრონული ავტორიზაციისათვის საჭირო ერთ-ერთი მექანიზმი: მაგნიტური ზოლი ან/ და ჩიპი და სხვა, სადაც დაშიფრული სახით ჩაწერილი იქნება ბარათის მფლობელის მონაცემები (გარდა არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათისა). ამასთან, ბარათზე მითითებული უნდა იყოს:
ა) ბარათის წინა მხარეს:
ა.ა) კლიენტის სახელი და გვარი (მხოლოდ საკრედიტო, სადებეტო და პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების შემთხვევაში)(შესაძლებელია სახელის შემოკლება ან ტიტულის დამატება);
ა.ბ) ბარათის მოქმედების ვადა;
ა.გ) საბარათე საგადახდო სისტემის და ემიტენტის დასახელება, მათი ლოგოტიპები;
ა.დ) ბარათის ნომერი (საერთაშორისო საგადახდო სისტემის ასოციაციებთან შეთანხმებით, გამონაკლისი დაიშვება „ბარათის ნომრის“ მითითებასთან დაკავშირებით);
ბ) ბარათის უკანა მხარეს:
ბ.ა) ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი (CVC ან CVV2–ასეთის არსებობისას);
ბ.ბ) კლიენტის ხელმოწერის ადგილი (არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების გარდა).“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საკრედიტო, სადებეტო და პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათების კლიენტისათვის გადაცემის შემდეგ ბანკს უფლება აქვს აწარმოოს შემდეგი ოპერაციები:
ა) დაუშვას ბარათების გამოყენებით ნაღდი ფულადი სახსრების გაცემა;
ბ) გადარიცხოს საბარათე ანგარიშიდან ან პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის შესაბამისი საერთო (კუმულატიური) ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე ფულადი სახსრები ბარათებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად;
გ) ბარათის მფლობელის სახელზე ჩარიცხოს შემოსული ფულადი სახსრები;
დ) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების შესახებ ამონაწერების ამობეჭდვა და კლიენტისათვის დროულად გადაცემა;
ე) სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“;
დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 101–103 პუნქტები:
„101. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით შესაძლებელია მხოლოდ საქონლის/მომსახურების შეძენა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში.
ა) ბანკს ეკრძალება ამ ტიპის ბარათით დაუშვას შემდეგი სახის ოპერაციები (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა):
ა.ა) ნაღდი ფულის გაცემა;
ა.ბ) ინტერნეტში გადახდების განხორციელება;
ა.გ) თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ);
ა.დ) თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის/ მომსახურების ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო/მომსახურების ობიექტში;
ა.ე) დაბრუნებული ბარათის ხელახალი გამოყენება სხვა ან იმავე კლიენტისთვის;
ა.ვ) ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ბ) ბანკს უფლება აქვს გამოსცეს არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათები, რომლებზეც არ იქნება მოთხოვნილი ავტორიზაცია ხელმოწერის და/ან პინ-კოდის მეშვეობით.
102. ბანკს უფლება აქვს დაუშვას არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემა, მისი ინტერნეტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოყენება, თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ), თუ ბარათის მფლობელი (ამ შემთხვევაში პირი, რომელიც მიიღებს ბარათს ბარათის შემძენისაგან ან თავად ბარათის შემძენი, თუ თვითონ აპირებს ამ ბარათის გამოყენებას) მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას.
103. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელად ემიტენტ ბანკში იდენტიფიცირებული პირი.“;
ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის (ბარათის შემძენის) პერსონალური და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, რომლითაც არ ილახება ბარათის მფლობელის (ბარათის შემძენის) ინტერესები.“;
ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ბარათის მფლობელის ან/და ამ მუხლის 101 პუნქტის შემთხვევაში ბარათის შემძენის იდენტიფიცირების პროცედურები, ასევე ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და, ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.“;
ზ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-14 და მე-15 პუნქტები:
„14. ბანკი ვალდებულია აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი ვადით მის მიერ გაცემული ყველა სახეობის ბარათების მფლობელებისა (შემძენებისა) და მათი საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
15. პერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის და/ან არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათებისათვის საერთო (კუმულატიური) ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, დროის ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული ბარათის მფლობელების (შემძენების) საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე მათი ნაშთების ან კონკრეტული ბარათის მფლობელის (შემძენის) მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.“.
4. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბარათების ემისია მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას;
ბ) საბარათე ანგარიშების გახსნას (თუ ბარათის სახეობა მოითხოვს ასეთ პროცედურას);
გ) ბარათის პერსონიფიცირებას (თუ ბარათის სახეობა მოითხოვს ასეთ პროცედურას);
დ) ბარათის და პინ-კოდის გაცემას (თუ ბარათის სახეობა ითვალისწინებს პინ-კოდის არსებობას);
ე) ბარათების საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ კლიენტის საბარათე ანგარიშებიდან ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშზე არსებული მისი კუთვნილი თანხიდან მომსახურების საკომისიოების ჩამოწერა ხორციელდება უაქცეპტოდ.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ოპერაციებს ახორციელებს ბანკომატით ან ნაღდი ფულის გამცემი პუნქტით, რომელიც არ ეკუთვნის ემიტენტ ბანკს, დასაშვებია მფლობელის საბარათე ანგარიშებიდან ან საერთო (კუმულატიურ) ანგარიშზე არსებული მისი კუთვნილი თანხიდან დამატებითი საკომისიოების ჩამოწერა.“;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ბარათით ეროვნული ვალუტით ოპერაციების განხორციელებისას დასაშვებია კლიენტისათვის ფულადი სახსრების ჩამოწერა უცხოური ვალუტით გახსნილი ანგარიშებიდან ხელშეკრულების საფუძველზე.“.
6. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი – იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც საბანკო ბარათებს იღებს გადახდის საშუალებად ეკვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საბარათე საგადახდო სისტემები.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ბარათის რეკვიზიტები (საერთაშორისო საბარათე საგადახდო სისტემის ან ბანკის წესების შესაბამისად).“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბანკი ახორციელებს საბარათე ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ბუღალტრულ აღრიცხვას, ახდენს ბარათით წარმოებული ოპერაციების ამსახველი ამონაწერების ფორმირებას. შესრულებული ოპერაციების შესახებ (რიგითობის მიხედვით) ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის ნომერს ან ბარათის ნომერს(ასეთის რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში);
ბ) ვალუტას;
გ) შემავალ ნაშთს;
დ) ოპერაციის დანიშნულებას;
ე) შესრულებული ოპერაციის თანხას (სადებეტო/საკრედიტო);
ვ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს, ადგილს (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან ბანკომატის მისამართის და სასურველია ტელეფონის ნომრის მითითებით);
ზ) გამომავალ ნაშთს;
თ) შესრულებული ოპერაციების მონაწილეთა რეკვიზიტებს;
ი) სხვა დამატებით ინფორმაციას.“;
დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბარათე საგადახდო სისტემის უფრო დაცული მუშაობის, კლიენტების მიერ ბარათების მოხმარების მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ ემიტენტ ბანკს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რის შესახებაც კლიენტი ინფორმირებულ უნდა იქნეს მომსახურე ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებისას. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ბანკის ცხელი ხაზის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც არსებული სატელეფონო კავშირებით, ისე სხვადასხვა მობილური ოპერატორის მეშვეობით.
2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს აღნიშნულის თაობაზე ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. დაკარგული ბარათის ბლოკირება შეიძლება მოხდეს მისი საგადახდო სისტემის ე.წ. სტოპ-სიაში შეტანით.
3. იმისათვის, რომ დაიბლოკოს ბარათი, საჭიროა ეცნობოს ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს, რომელმაც ბარათის მფლობელთან წინასწარ შეთანხმებული მეთოდით უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი დაიბლოკება იმ შემთხვევაში, თუ ბარათით მოსარგებლე პირი წინასწარ მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას.“.
მუხლი 2.
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში ფინანსური ბაზრისა და საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორების განვითარებისათვის ახალი საგადახდო საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების გაფართოებით.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ა. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები